"მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავი" - რუსი ჩელისტის "ქართული სიყვარული" - კვირის პალიტრა

"მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავი" - რუსი ჩელისტის "ქართული სიყვარული"

არქივი, 2015 წელი, 6 აგვისტო

"დედაჩემი და ჩემი უკრაინელი ბებია ყველაზე ხშირად ქართულ კერძებს ამზადებდნენ, - ხაში, საცივი, ხარჩო, ხაჭაპური, ჩანახი, აჯაფსანდალი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია"

"მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენ ქართველები და რუსები, ყველაფრის მიუხედავდ, მაინც ახლობლები და ძმები ვართ."

ცოტა ხნის წინ ამერიკაში მოღვაწე რუსმა ჩელისტმა, იან მაქსინმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სიმღერა ატვირთა, წარწერით: -"ლამაზი ქართული სიმღერა "პატარა ქალო"... ქართული კულტურა არის ყველაზე უძველესი და ამავდრულად ყველაზე ნაკლებად წარმოდგენილი მსოფლიოში. მსურს მივუძღვნა ეს სიმღერა დედაჩემს, რომელიც ბავშვობისას ცხოვრობდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში და რომელმაც გამაცნო ქართული კულტურა - ფოტოებით, ჩანაწერებით და რასაკვირველია, მუსიკით"...

ჩვენ დავუკავშირდით ჩელისტს და ჩავწერეთ ინტერვიუ:

- 16 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის პრესტიჟულმა კონსერვატორიამ მიმიწვია სასწვლებლად, ამერიკაში ვცხოვრობ, ამჯერად ჩიკაგოში ვარ. დღეს უკვე მთელ მსოფლიოში მაქვს გასტროლები, ვუკრავ კლასიკურ მუსიკას და ასევე მუსიკას, რომელსაც თავად ვწერ, ვცდილობ, ჩემს მუსიკაში მრავალი ჟანრი იყოს კომბინირებული - ჯაზი, როკი, ბლუზი, კლასიკური და სხვა... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, დედაჩემის წყალობით შევიყვარე ქართული კულტურა, მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავი. ყოველთვის ცრემლი მადგება, როდესაც ვუსმენ ქართველ მამაკაცთა საგუნდო, ფოლკლორულ სიმღერას, მიყვარს უნიკალური ქართული იუმორი, რომელიც განსაკუთრებულად იგრძნობა ქართულ ფილმებში...

- ქართველი ხელოვანებიდან ვინ გიყვართ განსაკუთრებულად?

- 5 წლისამ პეტერბურგის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა სკოლაში მისაღებ გამოცდებზე ვიმღერე ვახტანგ კიკაბიძის სიმღერა "პო აეროდრომუ" და მიმიღეს! ასევე შემეძლო მემღერა "ჩიტო-გვრიტო" "მიმინოდან", ნანი ბრეგვაძის "თბილისო", "სულიკო" და კიდევ რამდენიმე ლამაზი ქართული სიმღერა...

ჩემს საყვარელ ფილმია "დათა თუთაშხია", როემლსაც ხშირად ვუყურებდი. ძალიან მიყვარს დანელიას ფილმები: "მიმინო", "არ დაიდარდო", აბულაძის "მონანიება"... ასევე იყვარს ოთარ იოსელიანის ფილმები.

- როგორ იხსენებს თქვენი ოჯახი საქართველოში გატარებულ წლებს?

- საათობით მისმენია დედაჩემისთვის, ასევე ბებიასა და ბაბუისთვის, როდესაც ისინი საქართველოში გატარებულ წლებს სიყვარულით იხსენებდნენ. ხშირად ვათვალიერებდით ალბომებს ძველი ფოტოებით, რომელზეც ასახულია ვაკის პარკი, რუსთაველის პროსპექტი, ბებიას და ბაბუას ვერტმფრენით მოგზაურობა ბათუმში, სოხუმში, ქუთაისში... არ შემიძლია არ ვახსენო ქართული სამზარეულო. ქართული კულტურა შეუძლებელია აღწერო სამზარეულოს გარეშე! დედაჩემი და ჩემი უკრაინელი ბებია ყველაზე ხშირად ქართულ კერძებს ამზადებდნენ - ხაში, საცივი, ხარჩო, ხაჭაპური, ჩანახი, აჯაფსანდალი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამ წუთას ამაზე რომ ვლაპარაკობ, ნერწყვი მომდის და ვგრძნობ ქართული მწვანილების და სუნელების გემოს. გასულ წელს ორი დღთ გავფრინდი სანკტ-პეტერბურგში, რათა სიურპრიზი მომეწყო მამაჩემისთვის, როდესაც დაისვა კითხვა, სად უნდა წავსულიყავით მისი 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, ყველამ ერთხმად ავირჩიეთ ქართულ რესტორანი.

ყოველთვის ვცდილობ, შორს ვიყო პოლიტიკისგან... მოხარული და გულშემატკივარი ვარ ყველა იმ ეკონომიკური და დემოკრატიული ცვლილებებისა, რომელიც საქართველოში მას შემდეგ განხორციელდა, რაც თქვენმა საოცარმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენ ქართველები და რუსები, ყველაფრის მიუხედავდ, მაინც ახლობლები და ძმები ვართ. დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. მიხარია, რომ წილად მხვდა პატივი ჩიკაგოში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ კონცერტში მონაწილეობა, უდიდეს ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მიმეღო. მოუთმენლად ველი დროს და შესაძლებლობას, როდესაც ნატვრა შემისრულდება და საქართველოში ჩამოვალ.

მანანა გაბრიჭიძე

ინგლისურენოვანი ვერსია

იხილეთ ვიდეო