"ზურაბ ჟვანიასგან გარკვეული შეთავაზებაც მქონდა" - ხარშილაძის სკანდალურმა განცხადებებმა სასამართლო დარბაზში მყოფნი შოკში ჩაყარა - კვირის პალიტრა

"ზურაბ ჟვანიასგან გარკვეული შეთავაზებაც მქონდა" - ხარშილაძის სკანდალურმა განცხადებებმა სასამართლო დარბაზში მყოფნი შოკში ჩაყარა

"კობა ხარშილაძის განცხადებას რომ მოვუსმინე, გულწრფელად შემეცოდა. შოკირებული ვარ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი ასეთ სისულელეს ჩაიდენდა".

"ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან გარკვეული შეთავაზებაც მქონდა", - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა.

ხარშილაძემ ისიც დასძინა, "შეთავაზების" შემდეგ სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო არ წამოვედი, რომ ზურაბ ჟვანია არაერთხელ დამხმარებიაო: "18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინე და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია". ადვოკატის კითხვაზე, თუ მსგავსი შემოთავაზება მიიღო, რატომ განაგრძო ზურაბ ჟვანიასთან სამსახური, კობა ხარშილაძემ ასე უპასუხა: "პოლიციის აკადემიაში ჩაბარება მსურდა, თუმცა ვერ მოვახერხე, შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც პოლიციის აკადემიაში ჩაბარება შევძელი. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და სამსახურიდანაც ვერ წავიდოდი".

კობა ხარძილაძის განცხადებას სასამართლოს დარბაზში მყოფი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია რეპლიკებით გამოეხმაურა, თუმცა მოსამართლემ დარბაზი გააფრთხილა, რომ განმეორების შემთხვევაში პროცესს დახურავდა. "კვირის პალიტრა" ხათუნა ხოფერიას სასამართლო პროცესზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დაუკავშირდა:

ხათუნა ხოფერია:

- კობა ხარშილაძის განცხადებას რომ მოვუსმინე, გულწრფელად შემეცოდა. შოკირებული ვარ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი ასეთ სისულელეს ჩაიდენდა. მსგავს რამეს ნორმალური ადამიანები არ კადრულობენ! როგორც ჩანს, ხარშილაძეს შეპირდნენ, რომ თუ სისულელეებს ილაპარაკებდა, საქმიდან გამოძრომას შეძლებდა. ამიტომ ვა ბანკზე მიდის, მაგრამ არაფერი გამოუვა! ამდენი ტყუილები არავის შერჩება! ფაქტია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი გარდაიცვალა! ოთხი საათის განმავლობაში ადამიანი, რომლის დაცვაც ევალებოდა, მიატოვა. ხარშილაძემ დღეს ისიც აღიარა, რომ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერი-მინისტრის ჩანთიდან გასაღები აიღო და მისი სეიფი გამოაცარიელა. რა ედო ამ საქმეს საფუძვლად, უკვე მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ დაცვის წევრმა ერთპიროვნულად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც უკვე კრიმინალია. ამ დანაშაულს ის ვერანაირი სისულელით ვერ გადაფარავს და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!

რუსუდან შელია(სპეციალურად საიტისთვის)