"უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს? - კვირის პალიტრა

"უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს?

"ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე"

"სამწუხაროა, რომ ავლიპ ზურაბიშვილი ცოცხალი აღარაა, თორემ ბატონი დარჩიაშვილი აშკარად მისი პაციენტია"

"ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი,"ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე მწერალ ნოდარ დუმბაძეს აკრიტიკებს და წერს: "ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს "თეთრი ბაირაღებიდან "პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: "მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ...მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა..." გენაცვალეთ, "თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ". დარჩიაშვილის ჩანაწერს საკმაოდ ბევრი გამოეხმაურა, ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ბევრმა მისი აზრი გაიზიარა კიდეც. მაგალითად, ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" პარლამენტარის ჩანაწერის კომენტარად წერს: "შეიძლება ვცდებოდე მაგრამ მაინც უნდა დავწერო... ნოდარ დუმბაძე ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, იქნებოდა ქოცი და სტურუასნაირი ტიპიური წითელი ინწილიგენწი."

კომენტარი მწერლის ქალიშვილს მანანა დუმბაძეს და კინოფილმ "თეთრ ბაირაღებში" ლიმონას როლის შემსრულებელს, მსახიობ გია ბურჯანაძეს ვთხოვეთ:

მანანა დუმბაძე:

- დაახლოებით ასეთი რამ პირველად ზვიად გამსახურდიამ თქვა, დარჩიაშვილს გამსახურიდიამდე ბევრი აკლია... დიახ, ასეთი რაღაც პირველად ზვიად გამსახურდიამ და თემურ ქორიძემ გააჟღერეს, ვინაიდან მამაჩემი ხალხს ძალიან უყვარდა, იყო ნამდვილი ეროვნული მწერალი, ხოლო მათ მოინდომეს, რომ შეექმნათ მისთვიის კრიმინალი ინტელიგენტის იმიჯი. ეს ზვიადს არ გამოუვიდა და დავით დარჩიაშვილს მით უფრო ვერ გამოუვა. სხვათა შორის, ამ ნაბიჯით, ზვიადმა დიდი შეცდომა დაუშვა. ეს თქვა ერთ-ერთ მიტინგზე და ხალხმა, რომელიც ლამის ღმერთად მიიჩნევდა ზვიადს, სტვენა დაუწყო, - რეებს ლაპარაკობო. მამამ ამ ნაწარმოებით ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატიმარიც ადამიანია და მათაც ადამიანურად უნდა მოეპყრან და არა ცხოველივით, თუმცა დარჩიაშვილს ამის გაგება გაუჭირდება, იმიტომ, რომ ერთი უზნეო ადამიანია... მამა წერს: "ადამიანი ტაძრის კედელზე მიხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო. მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო საიდანაც ლამაზია."

- დარჩიაშვილი ამბობს, რომ " "თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს" ...

- როგორ შეიძლება მამაჩემი სტალინის ფილოსფიის გადმომცემი იყოს, როდესაც დედამისმა 10 წელი ყაზახეთში, გადასახლებაში გაატარა, ხოლო მამა, ანგელოზივით ახალგაზრდა 37-ში დაუხვრიტეს. უზნეოა დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?! მგონია, რომ - არა და ყურმოკრულ რაღაცებზე ლაპარაკობს. დარჩიაშვილი "სოროსში" გაიზარდა, მაგრამ როგორც ჩანს, არც იქ არსებულ წიგნებს კითხულობდა და არც ამერიკულ ლიტერატურას, ქართულზე აღარაა ლაპარაკი. გააჩერეთ ქუჩაში ადამიანები და ვისაც წაკითხული აქვს "თეთრი ბაირაღები", თუ რომელიმე ასეთი სისულელე თქვას, მოდით და შემაფურთხეთ სახეში.

გია ბურჯანაძე:

- სამწუხაროა, რომ ავლიპ ზურაბიშვილი ცოცხალი აღარაა, თორემ ბატონი დარჩიაშვილი აშკარად მისი პაციენტია. მხატვრულ ნაწარმოებზე რომ ასეთ შეფასებებს დაიწყებს, იმ ადამიანაზე სერიოზულო კომენტარი როგორ უდა გავაკეთო, ვერ ვხდები. ნოდარ დუმბაძის მთელი შემოქმედება ჰუმანიზმითაა განმსჭავლული. სწორედ ამაშია მისი გენიალურობა. ნოდარ დუმბაძე უდიდესი ჰუმანისტი იყო  და ეს მის ყველა ნაწარმოებში ჩანს, მაგრამ ეს ბოროტი ადამიანების თავში ვერ ჯდება და გაუგებარია. ესენი არიან ჩვეულებრივი ნეობოლშევიკები, რომლებიც ცხოვრობენ პრინციპით - ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)