ბედნიერი ბილეთი - როგორ შეხვდა ნიკოლოზ რაჭველი ბარბრა სთრეიზანდს - კვირის პალიტრა

ბედნიერი ბილეთი - როგორ შეხვდა ნიკოლოზ რაჭველი ბარბრა სთრეიზანდს

2005 წელს ბარბრა სთრეიზანდმა ტურნირი გამართა, რითაც სასცენო მოღვაწეობას გამოეთხოვა

ცნობილი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი საოცარ თავგადასავალს იხსენებს, როდესაც თავის კერპთან, ბარბრა სთრეიზანდთან შეხვედრა შეძლო. ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონებაა.

- 1993 წელს პირველი გასტროლი მქონდა გერმანიაში. ორგანზე მომიწია 60-მდე კონცერტის გამართვამ. მაშინ საქართველოში არავის ჰქონდა ნანახი კომპაქტდისკი. ქართულ-გერმანულ ოჯახში ვცხოვრობდი, სადაც აღმოვაჩინე დისკი წარწერით: "ბარბრა სთრეიზანდი". ჩაწერილი იყო დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულებული  სიმღერები ბარბრას პირველი ალბომებიდან. ახლაც მახსოვს, რა განცდა დამეუფლა, პირველად ხელში რომ ავიღე.

13 წლისამ პირველად მოვუსმინე ამ მომღერალს. ჩემი დამოკიდებულება ამ საოცარი არტისტისა და ხელოვანის მიმართ მოგვიანებით თაყვანისცემაში გადაიზარდა. მისი სიმღერებისა და ფილმების დისკებს ვაგროვებდი, თუმცა ბავშვობის აუხდენელ ოცნებად რჩებოდა ჩემს კერპთან შეხვედრა...

შემდეგ მომეცა საშუალება, სტინგთან მეთანამშრომლა, კრის ბოტი ჩემი მეგობარია, სხვა მსოფლიო ლეგენდებთანაც მიმუშავია, მაგრამ ბარბრასთან ყველაფერი სხვაგვარად მოხდა... 2005 წელს ლონდონში საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ჩავედი. ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარბრა სთრეიზანდი ატარებდა ტურნეს, რითაც ეთხოვებოდა სასცენო მოღვაწეობას. კონცერტები ჰქონდა ამერიკის ყველა შტატში, შემდეგ ბერლინსა და პარიზში, ფინალური კონცერტი კი ლონდონში გაიმართებოდა. ბუნებრივია, არანორმალური სურვილი გამიჩნდა, ამ კონცერტს დავსწრებოდი. ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ყველა ბილეთი ექვსი თვით ადრე იყო გაყიდული. იხტიბარი არ გავიტეხე, ლონდონელი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ ყოველი კონცერტის წინ გადამყიდველებისგან ბილეთის შეძენა შეიძლებოდა. ბილეთის ფასი ათასი გირვანქიდან იწყებოდა, გადამყიდველთან კი ორმაგი ან სამმაგი ეღირებოდა.

ამხელა თანხა არც დამესიზმრებოდა, მაგრამ არ მომერიდა და ჩემი ოცნება ნაცნობ ბიზნესმენებს გავანდვე. მათ შემიგროვეს სამი ათასი გირვანქა, რომელიც კონვერტში განვათავსე და დავაწერე: "ბარბრა სთრეიზანდი". ჩავფრინდი ლონდონში და კონცერტის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე დარბაზთან მივედი. თვალისცეცებით დავიწყე გადამყიდველების ძებნა. ერთი ქალბატონი საეჭვოდ დიდხანს მომჩერებოდა, მივედი და პირდაპირ ვუთხარი, ზედმეტ ბილეთს ვეძებ-მეთქი. მან კი დოკუმენტები მაჩვენა, თურმე პირდაპირ პოლიციის თანამშრომელს მივდგომივარ... ამიხსნა, რომ ერთი კვირის წინ ჩატარდა სპეცოპერაცია, გადამყიდველების მიმართ კანონი გამკაცრდა და დღეს პოლიცია მკაცრად აკონტროლებს ამ საქმიანობასო... სასოწარკვეთილმა უკან არ დავიხიე და მოვუყევი, როგორ მსურდა ამ კონცერტზე დასწრება და რამდენად შორეული ქვეყნიდან ვიყავი ჩასული. გამწარებულმა ვუამბე თანხის ამბავიც, თუ როგორ შემიგროვეს მეგობრებმა.

გულაჩუყებულმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და სალაროსთან მიმიყვანა, არის შემთხვევები, ბილეთებს აბრუნებენ და აქ ჩაუსაფრდიო. ჩემ წინ უკვე იდგა ვიღაც ცოლ-ქმარი და მათ შემდეგ დავდექი. სამ საათში დაახლოებით ასი მსურველი შემოუერთდა რიგს. საცოდავად ვიდექით სალაროსთან და გვესმოდა ხმები, როგორ ხვდებოდა ხალხი კონცერტზე დასასწრებად მოსულ სხვა ვარსკვლავებს. 40 წუთით ადრე გვამცნეს, რომ მხოლოდ სამი ბილეთი დააბრუნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეც გამიმართლა. ჩემ წინ მდგარ ცოლ-ქმარს შეხვდა ადგილები, რომელიც ძალიან შორს იყო სცენიდან, მაგრამ იმდენად ბედნიერები იყვნენ, გახარებულები ერთმანეთს გადაეხვივნენ. როცა მე მივედი ბილეთის ასაღებად, მოლარე გაოცებას ვერ მალავდა, რა ბედი გქონიათო... თურმე დაბრუნებული მოსაწვევი შემხვდა და ფულის გადახდის უფლებაც არ მქონდა, უფასოდ მაძლევდნენ. ისე დავიბენი, რა მექნა, არ ვიცოდი. ვცდილობდი, კონვერტში განთავსებული ფული როგორმე მათთვის დამეტოვებინა, რაც, რა თქმა უნდა, არ აიღეს... კართან რომ მივედი, დაცვამ მითხრა, თქვენი შესასვლელი სრულიად სხვაგან არისო და მიმითითეს, იქით მიბრძანდითო. როგორც კი კარი შევაღე, უცნაურ რესტორანში აღმოვჩნდი. ძალიან მშიოდა, მაგრამ დაბნეულობისგან ვერ მივხვდი, უნდა მეჭამა თუ რა გამეკეთებინა.

ცოტა ხანში მაგიდებიდან ხალხი წამოიშალა და ტაშის დაკვრა დაიწყო. ამ დროს შემოვიდა პრინცი ჩარლზი თავის მეუღლე კამილასთან ერთად და ხალხი ასე მიესალმა. პრინც ჩარლზს მოჰყვნენ მერილ სტრიპი და მსოფლიოში ცნობილი ადამიანები... მივხვდი, საოცრებაში აღმოვჩნდი, იქ, სადაც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავები ისხდნენ მაგიდებთან. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დააბრუნა მოსაწვევი, რომელიც მე მერგო.

დაბნეულობისგან ისეთ შოკში ვიყავი, პირი ვერაფერს დავაკარე. ცოტა ხანში გამოგვიცხადეს, თქვენს სექტორში უნდა გადაინაცვლოთო. ჩემი ადგილი პირველი რიგის ცენტრში იყო.

ბარბრა სთრეიზანდისგან მხოლოდ 1,5 მეტრი მაშორებდა. ვინაიდან მის წინ ვიჯექი, ძირითადად, მე მიყურებდა. აი, ნამდვილი შოკი იქ დაიწყო. ზურგს უკან დამისვეს პრინცი ჩარლზი, ბარბრა სთრეიზანდის და და დის ქმარი. გვერდით, ერთ მხარეს  - მერილ სტრიპი, მეორე მხარეს - ელტონ ჯონი, მის გვერდით კი მადონა იჯდა. სცენაზე რაღაც განსაკუთრებული რომ ხდებოდა, ერთმანეთს გადავხედავდით და სასიამოვნოდ ვუღიმოდით. მეც ისე ვიქცეოდი, ვიფერებდი, თითქოს არაფერს განვიცდიდი.

მათ შორის ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვიჯექი, პირდაპირ ჩემ წინ იდგა მიკროფონი. სცენაზე უზარმაზარი ეკრანი იყო დამონტაჟებული. კონცერტის ბოლოს ბარბრამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მოსვლისთვის და ამ უზარმაზარ ეკრანზე სულ ჩვენი სექტორი ჩანდა. პრინც ჩარლზს აჩვენებდნენ თუ სხვა ვინმეს, სულ მე ვჩანდი კადრში და ამას რომ ვხედავდი, ვეღარც აღვიქვამდი, ეს რომ ჩემს თავს ხდებოდა.

საოცნებო კონცერტიდან ისე წამოვედი, არაფერი მახსოვს. ყურში არაფერი შედიოდა, მხოლოდ გაოგნებული ვიყავი და მეტს ვეღარაფერს ვგრძნობდი... კონცერტის ბოლოს გამოგვიცხადეს, ვინც ამ სექტორში სხედხართ, ბარბრა სთრეიზანდი ყველას თავის საგრიმიოროში გელოდებათო. წავიდნენ მისალოცად ეს მსოფლიო ვარსკვლავები და მეც ვალდებული ვიყავი, შევსულიყავი. მას შემდეგ სულ ვფიქრობ, ალბათ, როცა შემხედა, დიდხანს ფიქრობდა, ეს ვიღა არისო. ჩემ გარდა ყველას იცნობდა. როცა მივუახლოვდი, ცოტა ხანს ვუცქირე და მერე თავში დამარტყა სურვილმა, მოვტრიალებულიყავი და წამოვსულიყავი. მსურდა, ისეთივე მიუწვდომელ ვარსკვლავად დარჩენილიყო, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო... წამოვედი და ჩემს ბინამდე მანქანით 45 წუთის სავალი გზა სულ ფეხით გამოვიარე. სამი საათი დამჭირდა სახლამდე და ამ დროის განმავლობაში გავიაზრე, რა გადამხდა...

დღემდე არ ვნანობ, რომ არ გავიცანი. ახლაც ბარბრა და კრის ბოტი ძალიან მეგობრობენ და შემიძლია უპრობლემოდ შევხვდე. თუ შევხვდები, კი ბატონო, თუ არა და, იმ საოცარი ამბითაც ძალიან ბედნიერი ვარ, რაც თავს გადამხდა.

მანანა გაბრიჭიძე