ქართველ სიამის ტყუპს ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ - ორ თვეში უცხოელებმა ქართველი ჩვილებისთვის 39 000 ევრო გაიღეს - კვირის პალიტრა

ქართველ სიამის ტყუპს ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ - ორ თვეში უცხოელებმა ქართველი ჩვილებისთვის 39 000 ევრო გაიღეს

"კვირის პალიტრა" ცოტა ხნის წინ წერდა ქართველი სიამის ტყუპის, ქუთაისელი თებროლე და თამარ ვაშაყმაძეების შესახებ. ხუთი თვის დები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. ახლახან, გოგონების დედამ, მარიამ ლეჟავამ სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო, რომ| პატარებს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გაუკეთებენ ოპერაციას.

იმის გამო, რომ საქართველოში მსგავსი სამედიცინო პრეცედენტი არ ყოფილა, აუცილებელი იყო გოგონების უცხოეთში მკურნალობა, ან გამოცდილი ქირურგების მოწვევა. უცხოეთში წასვლას ოჯახი საჭირო თანხის, 85 000 ევროს უქონლობის გამო ვერ ახერხებდა და დამხმარეს ეძებდა. "კვირის პალიტრამ" მათთვის ფინანსური შემწეობის მიზნით, სტატიასთან ერთად ანგარიშის ნომერიც მიუთითა. იმავე დროს, გოგონების სახელზე ანგარიშის ნომერი გერმანიაშიც გახსნეს ვაშაყმაძეების ახლობლებმა. ორ თვეში უცხოელებმა უცნობი ქართველი ჩვილებისთვის 39 000 ევრო გაიღეს. რამდენიმე საერთაშორისო ფონდმა წერილობით დაადასტურა მზადყოფნა, რომ ოპერაციის დანიშვნის შემთხვევაში ტყუპს დააფინანსებს.

მარიამ ლეჟავა:

- თავდაპირველად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში უარი გვითხრეს დაფინანსებაზე, შემდეგ შემოგვითვალეს, თუ დანარჩენ თანხას იშოვით, 20 ათასი ევროთი დაგეხმარებითო. ჩვენი ამბავი ჯანდაცვის მინისტრის ყურამდე მივიდა. შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი: ბარსელონაში მზად იყვნენ, გოგონებისთვის უფასოდ გაეკეთებინათ ოპერაცია, სექტემბერში ისრაელიდან საქველმოქმედო მისიით ჩამოვიდოდა ექიმთა ჯგუფი და მიხედავდა ბავშვებს. სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ორივე ვარიანტი მისაღები იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად დაგვირეკეს გერმანიიდან და კიოლნის კლინიკიდან გვაცნობეს, რომ მზად იყვნენ ჩვენს პატარებს დახმარებოდნენ. კიოლნში გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაციის "ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის" თვითმფრინავი წაგვიყვანს, რომელიც 19 აგვისტოს ჩამოდის თბილისში.

- გერმანიაში ფული როგორ შეგროვდა თქვენს დასახმარებლად?

- გერმანიაში ცხოვრობენ ჩემი ბიძაშვილი თამარ წიკლაური და ერთ-ერთი ბავშვის ნათლია თამარ კოღუაშვილი. მათ მიმართეს ასევე საქველმოქმედო გერმანულ ფონდს "ერთი გული ბავშვებისათვის", რომელმაც ჩემი გოგონების შესახებ სპეციალური გვერდი გააკეთა თავის საიტზე და ანგარიშის ნომერიც გაუხსნა. ამ ანგარიშზე ფულს რიცხავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე საქველმოქმედო ორგანიზაციები. ანგარიშზე მხოლოდ 39 000 ევრო არის დარიცხული, მაგრამ დანარჩენი თანხის გადარიცხვის შესახებ საქველმოქმედო ფონდების წერილობითი თანხმობის გამო კლინიკა მზად არის, მიგვიღოს საოპერაციოდ. ვიზა ერთ დღეში მოგვიმზადეს. გასაოცარ თანადგომას ვგრძნობ და არ შემიძლია, ყველას მიმართ მადლიერება არ გამოვხატო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თქვენი გაზეთით მითითებულ ანგარიშზე 2 900 ლარამდე ჩარიცხა.

ეკა ლომიძე