"ჩემი სახლიდან ბოცებიც კი მოიპარეს. იძარცვება მეზობლების სახლებიც" - რა ხდება სვანიძის ქუჩაზე ტრაგედიიდან ორი თვის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ჩემი სახლიდან ბოცებიც კი მოიპარეს. იძარცვება მეზობლების სახლებიც" - რა ხდება სვანიძის ქუჩაზე ტრაგედიიდან ორი თვის შემდეგ

2015 წლის 13 ივნისი დედაქალაქისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა: საღამოს ათ საათზე დაწყებულ წვიმას ბეთანიასთან მეწყრის ჩამოწოლა, ვერეს ხეობაში კი მდინარის ადიდება მოჰყვა. სვანიძის ქუჩა სწორედ ის ადგილია, სადაც ორი თვის წინ სტიქიური უბედურების ეპიცენტრი იყო. ღვარცოფს ამ ქუჩაზე 6 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 24 ოჯახი კი უსახლკაროდ დატოვა.

14 ივნისი, დილის 5 საათი

ვერეს ხეობა. შოკირებული და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები დანგრეულ სახლებთან დგანან... მაშველები დაკარგულებს ეძებენ. ყველას თვალებში დიდი ტკივილი, შიში და გაურკვეველი მომავალი იკითხება. ვცდილობ, კამერით ყველაფერი დავაფიქსირო. ეს კადრები არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, ისევე როგორც ვიდეოარქივიდან. ეს ის დღეა, რომელმაც ერთ ღამეში ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა... დღემდე ეძებენ დაკარგულ სერგო კაპანაძეს...

19 აგვისტო, დილის 11 საათი

სვანიძის ქუჩაზე რამდენიმე მუშა საკომუნიკაციო ხაზებს აღადგენს. მიტოვებული სახლების ღია ფანჯრებიდან ტალახიანი ფარდები მოჩანს. მთავარი გზა გაწმენდილია, ნაწილობრივ ეზოებიც, სადაც დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთები მოსახლეობას ეზოში გამოუტანია.

პირველად სვანიძის 7 ნომერთან ვჩერდები. მის გვერდით, ნანგრევებად ქცეულ სახლში, როგორც მუშები მეუბნებიან, სტიქიის დროს დაღუპული ადამიანი იპოვეს. ეზოში ტალახში ამოსვრილი სათამაშოები, აივანზე კი ავეჯი ყრია. ეზო ისევ შლამით არის სავსე. მისაღებ ოთახში ჭერი ჩამოწოლილა, მიწით დაფარულ იატაკზე წიგნები და სხვა ნივთებია მიმოფანტული. ოთახებს სტიქიის კვალი კედლებზე შავ ლაქებად ემჩნევა. ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც 14 ივნისის დილას, როცა პირველად ვნახე სტიქიის ზონა... ვეღარ ვუძლებ და გარეთ გამოვდივარ. წლების განმავლობაში შეძენილი არაერთი ოჯახის ქონება 13 ივნისის ღამემ ერთ საათში გაანადგურა.

ერთ-ერთ ბინაში შევდივარ. ჩვილის ტანსაცმელი უკვე ორი თვეა სარეცხის თოკზე ჰკიდია. ყველა ოთახი დაზიანებული ნივთებითაა სავსე... კარადაზე შემორჩენილი წიგნების გვერდით საათია, ისრები ორის ნახევარს აჩვენებს. ეს ის დროა, როცა ამ უბანში დრო გაჩერდა...

სვანიძის #16-ში 14 ივნისის დილას ამოყირავებული და კედელზე მიბჯენილი ავტომობილი დამხვდა. სხვა ეზოებისგან განსხვავებით, აქაურობა დასუფთავებულია. აივანზე გაფენილი სუფთა სარეცხით ვხვდები, რომ ამ სახლში სიცოცხლე გაგრძელდა. "არის ვინმე?" - ვკითხულობ იმ იმედით, რომ გამომეხმაურებიან. წინ რამდენიმე ნაბიჯი და ახალგაზრდა ქალი მეგებება. ხათუნა ზუმბულიძე შინ ტრაგედიის დატრიალებიდან მესამე დღეს დაბრუნებულა.

ხათუნა ზუმბულიძე: - ჩემი მეუღლე ამ სახლში დაიბადა, მე კი 21 წელია აქ ვცხოვრობ. ჩემი დედამთილი მეორედ შეესწრო მდინარე ვერეს ადიდებას, პირველად 1960 წელს... 13 ივნისს, ღამის თორმეტის ნახევარზე, შუქი გაითიშა, ჩემი მეუღლე ავტომობილით დადიოდა უბანში და მეზობლებს სთხოვდა, დროზე წასულიყვნენ სახლებიდან. ვერც კი წარმოვიდგენდით, მდინარე თუ ჩვენს სახლამდეც მოაღწევდა, ავტომანქანით დაბრუნებული შინ შემოვიდა და რამდენიმე წუთში ჩვენი მანქანა გაიტაცა ღვარცოფმა. პირველი სართულის დატბორვისთანავე გადავწყვიტეთ, ტერასებით გადავსულიყავით უსაფრთხო ადგილას. ოჯახში 12 კაცი ვართ, თან მეზობლის 7-სულიანი ოჯახი წამოგვყვა. გზას ვერ ვხედავდით, ორიენტაციით მივდიოდით ახალაშენებული კორპუსებისკენ. ვიღაცამ კიბე ჩამოგვაწოდა კედელზე გადასასვლელად. უცებ ძლიერი ხმა შემოგვესმა, თურმე მიწა გამსკდარა. 5 წუთში წყლის დონემ დაიწია. დარჩა დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის ტალახი, მანქანები, სოსისების ქარხნის წყლის ავზები და უამრავი ნაგავი...

- სულ რამდენი ოჯახი ცხოვრობდა ამ უბანში?

- სტიქიამდე 25 ოჯახი, ამჟამად 4 შემორჩა. ჩემს მეუღლეს 13 ივნისის ღამესაც არ დაუტოვებია სახლი. ეზოში მაგიდა გაუტანია და ასე ზომავდა წყლის დონეს. სტიქიიდან 2 დღეში დაიწყო ტერიტორიის გაწმენდა, რასაც 1 თვე დასჭირდა.

კომპენსაციის განსაზღვრა სულადობით ხდება და არა უძრავი ქონების ღირებულების შესაბამისად. მეზობლებიდან სამმა ოჯახმა უკვე იყიდა სახლი. იმ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებსაც კომპენსაცია მიღებული აქვთ, მერიის საკუთრებაში გადავიდა.

ახლა აღარ გვეშინია, მაგრამ დისკომფორტს ნანგრევები გვიქმნის. მას შემდეგ, რაც მოხალისეებმა დაასრულეს მუშაობა, აღარაფერი გაკეთებულა...

უბანში გამოსულს ასაკოვანი მამაკაცი შემხვდა, ავტომობილის საბარგულში ტალახით დასვრილ ნახატებს აწყობდა. 80 წლის უშანგი ვარდიაშვილის სახლს შესასვლელი ცენტრალური გზიდან ჰქონდა, თუმცა სტიქიის შემდეგ კართან მისასვლელი ჩაიხერგა და ახლა განადგურებულ საცხოვრებელში მისვლა შემოვლითი გზით შეიძლება. გზად რამდენიმე დანგრეული სახლი გავიარეთ, ერთ ეზოში ქალები შევნიშნეთ, ნანგრევებში რაღაცას ეძებდნენ. "ვის ნივთებში იქექებით, როგორ არ გრცხვენიათ?" - შეუტია ქალებს ბატონმა უშანგიმ. როგორც მითხრა, სტიქიის შემდეგ აქაურობას მაროდიორები ხშირად სტუმრობენ.

უშანგი ვარდიაშვილი:

"ჩემი სახლიდან ბოცებიც კი მოიპარეს. იძარცვება მეზობლების სახლებიც. მიუხედავად იმისა, რომ გამგებელსაც შევატყობინე ეს და პოლიციასაც, დღემდე არავინ გამოჩენილა".

სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

- აი, ეს იყო ჩემი სახლი, თავისი ბაღითა და აუზით... იმ ღამეს უსაფრთხო ადგილას გადასვლა ვერ მოვასწარით, სხვენზე ორ შვილიშვილთან ერთად ვიდექი და ყოველ წამს სიკვდილს ველოდებოდი. მერე ნავით მოვიდნენ და გაგვიყვანეს. სტიქიიდან რამდენიმე დღეში ანტიკვარული ავეჯის გამოტანა მინდოდა და დახმარება ვითხოვე, სამწუხაროდ, არავინ დამხმარებია, ყველაფერი განადგურდა.

მთავრობას ჩემი ქონების მეოთხედი ნაწილის კომპენსირება სურს, სადაა სამართალი? ამჟამად ბინა გვიქირავეს და იქ ვცხოვრობ. ჩემი საცხოვრებელი 468 კვადრატული მეტრი იყო, ეზო - 600, კომპენსაცია კი 3-ოთახიანი ბინის ღირებულებას შეადგენს. მირჩიეს, ავჭალაში მოძებნე სახლიო. იქ რა მინდა, როცა ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდი ამ დრომდე...

- თქვენ პირველი კატეგორიის დაზარალებულებს მიეკუთვნებით, რას გთავაზობენ კომპენსაციის სახით?

- ამბობენ, რომ საბაზრო ღირებულების შესაბამისად გამოგვიყოფენ კომპენსაციას, მაგრამ ასე არ არის. მათ მიერ შემოთავაზებული თანხით 3-ოთახიანს თუ ვიყიდი. ჩემი სახლი 14 ოთახისგან შედგებოდა. ამ სახლში ერთად ვცხოვრობდით მე და ჩემი მეუღლე და ორი ქალიშვილი თავის ოჯახთან ერთად, სულ 10 სული. მოქალაქეებმა გაიზიარეს ჩვენი გასაჭირი - შეგვიგროვეს თანხა და სხვა რამითაც დაგვეხმარნენ, მაგრამ იმასაც არ გვაძლევენ, არავის აინტერესებს, როგორ ვცხოვრობთ, რას ვჭამთ, როგორ ვართ.

სტიქიით დაზარალებულთა შორის თამაზ ელიზბარაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც 13 ივნისის ღამემ დიდი ზარალი მიაყენა. სტიქიით დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიკერძოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი ზიანი ამ დრომდე არ არის დათვლილი.

თამაზ ელიზბარაშვილი: - 5 ივლისს საკრებულომ სტიქიით დაზარალებულთა კომიტეტისა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის უშუალო ჩართულობით მიიღო დადგენილება, რომელიც არეგულირებს სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესებს. დაზარალებულები იყოფიან ორ კატეგორიად: პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ისინი, ვისი უძრავი ქონებაც სრულად განადგურდა ან მათი საცხოვრებლები რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, და მეორე კატეგორია - მოსახლეობა, რომელთა საცხოვრებლებიც აღდგენას ექვემდებარება.

პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ დაავალა გარემოს დაცვის მინისტრს, მოემზადებინა დასკვნა ზემოაღნიშნულზე. სწორედ ამ დასკვნაზეა დამოკიდებული მეორე კატეგორიის მოსახლეობის კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხი, რადგან თუ რომელიმე მათგანი მოხვდა რისკის ზონაში, ისინი ავტომატურად გადავლენ პირველი კატეგორიის დაზარალებულთა რიგებში, მოხდება მათი გასახლება და მიიღებენ ფულად კომპენსაციას, ხოლო ისინი, ვინც აღმოჩნდებიან ე. წ. წითელი ხაზის მიღმა, თავიანთ სახლებში დარჩებიან საცხოვრებლად და მიიღებენ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას. თბილისის მერია დამოკიდებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რათა ბოლოს და ბოლოს, დაეხმარონ მეორე კატეგორიის დაზარალებულებს. იმედია, მინისტრი გამოაქვეყნებს დასკვნას. რაც შეეხება პირველი კატეგორიის დაზარალებულებს, კანონში გაწერილია, რომ კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებულთა ფონდიდან მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს საბაზრო ღირებულების შესაბამისად ქონების შეფასებას. მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც დაეთანხმა ექსპერტიზით დათვლილ თანხას და მიიღო კომპენსაცია, კუთვნილი უძრავი ქონება ქალაქ თბილისის მერიას გადაეცა, ისინი კი, ვინც არ ეთანხმებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებას, მოიწვევენ ალტერნატიულ ექსპერტიზას და მიმართავენ სასამართლოს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება დაეყრდნოს იმ ექსპერტიზის შედეგებს, რომელსაც ობიექტურად მიიჩნევს.

დაზარალებულთა ფონდში მოქალაქეთა მიერ გაღებული თანხა შევიდა, სახელმწიფოს კი არაფერი არ გაუცია. კომპენსაციას გასცემენ ხალხის მიერ შემოწირული თანხებით და ამ დროს დაზარალებულთა საკუთრება ქალაქ თბილისის მერიის საკუთრება ხდება. ამ ალოგიკური ქმედების შესახებ სახალხო დამცველის აპარატსაც მივწერე, მაგრამ პასუხი არ მომსვლია.

რეალურად ხალხმა გამოისყიდა ჩვენი ქონება და ხალხს არ ხმარდება გამოთავისუფლებული ადგილი...

საინტერესოა, ვინ მისცა მოქალაქეების მიერ შემოწირული თანხის განკარგვისათვის ნდობის მანდატი თბილისის მერიას? გამოდის, ფონდი მერიამ დაისაკუთრა, მერია და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ერთად ითვლიან ზარალს მინიმალური კომპენსაციის გამოყოფის მიზნით. სავარაუდოდ, დარჩენილი თანხა მოხმარდება პირად მიზნებს პრემიებისა და დანამატების მისაღებად.

ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ მე, როგორც დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარემაც კი, არ ვიცი, რა ოდენობისაა დახმარების ფონდში ხალხის მიერ შეტანილი თანხა. ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია.

მონიტორინგის მიზნით, მე დახმარება ვთხოვე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა ამ საკითხით, სამწუხაროდ, არ დაინტერესდნენ.

- მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირია მაროდიორობის ფაქტები...

- გადარჩენილ სახლებში ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ. ყველაფერი უპატრონოდაა მიტოვებული. ჩემი სახლიდან მოიპარეს საყოფაცხოვრებო ნივთები. მეზობლებმა მიმართეს შსს-ს, თუმცა ყურადღება არავის მოუქცევია.

დეტალების გასარკვევად თბილისის მერიას დავუკავშირდით. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ე.წ. წითელ ხაზებთან დაკავშირებით დასკვნა უკვე მოამზადა: "საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან დასკვნა გადმოგზავნილია მერიაში. თბილისის მერია აღნიშნულ დასკვნას თავდაპირველად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გააცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები და გავრცელდება ინფორმაცია."

რაც შეეხება ფონდში ჩარიცხულ თანხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას თბილისის მერიაში განმარტავენ: "ფიზიკური პირებისა და კერძო სექტორის მიერ შემოწირული თანხები, რომლებიც მათ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე გადმორიცხეს, საჯაროა და გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებგვერდზე:www.tbilisi.gov.ge თანხა შეადგენს: 21 672 076 ლარს. 21 აგვისტოს მონაცემებით, 33 ოჯახს, რომლებმაც გააფორმეს ხელშეკრულება თბილისის მერიასთან უკვე გადაერიცხათ 8 969 496 ლარი. მათგან 12-მა ოჯახმა ბინა უკვე შეიძინა.

პ.ს. სვანიძის ქუჩა ახლა ისეთი უსახური და უსიცოცხლოა, მგონია, რომ ისევ 13 ივნისის ღამეა. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეს დღე ყველა ჩვენგანის და განსაკუთრებით დაზარალებულების მეხსიერებაში დიდ ტკივილად დარჩება.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე