ყინულის წვიმამ კახეთს გადაუარა - კვირის პალიტრა

ყინულის წვიმამ კახეთს გადაუარა

კახეთს თავს უბედურება დაატყდა- სტიქიამ, რომლის შეჩერება ადამიანურ ძალას არ შეუძლია, გლეხის მთელი წლის ნაშრომ-ნაწვალები და მომავალი წლის სარჩო გაანადგურა, ნაჯაფი და ნაოფლარი ვაზი გაატყავა, არც ფოთოლი შეარჩინა და აღარც მტევანი.

აუტანელი პაპანაქების შემდეგ სეტყვა ყინულის მდინარეებად მოდიოდა რაც მიწაზე ჩამოყარა, ისიც დასრისა და მიწაში ჩაიტანა. ასე წაექცა კახელ გლეხს ჭირისა და ლხინის გამსტუმრებელი ვაზი. და არა მარტო: ხილიცა და ბოსტანიც, რისი იმედიც ჰქონდა, რასაც შეხაროდა და ეიმედებოდა. ის, ვისაც ქვეყნისთვის მოჰყავდა მოსავალი, თავად დარჩა უმოსავლოდ და უიმედოდ. ასეთ დროს ნუგეში მხოლოდ ერთია- როცა განსაცდელი მოდის, ის კიდეც უნდა გადაიტანო. ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ ის გლეხი, რომელიც ახლა, ფაქტობრივად, ამ ტრაგედიის ამარა დარჩა, მშიერი დარჩეს! რთველი კი, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ამ ზვრებში ისევ იქნება და იმ ცრემლს, რაც ამ უბედურებისას გლეხმა ღვარა, გაისად მადლიანი ღვინით სავსე ქვევრები შეცვლის.

სტიქიამ გლეხის ნაოფლარი ვაზი გაატყავა, არც ფოთოლი შეარჩინა და აღარც მტევანი