"მერაბი გამწარებული ყვინთავდა გიორგის მოსაძებნად, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალა ეცლებოდა, ბოლოს დინებამ ისიც წაიღო" - კვირის პალიტრა

"მერაბი გამწარებული ყვინთავდა გიორგის მოსაძებნად, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალა ეცლებოდა, ბოლოს დინებამ ისიც წაიღო"

"გიორგი ხომ ცოდვაა, - ძალიან კარგი ბიჭი იყო, კაცი იყო ნამდვილი, - ავღანეთის ჯარი მოიარა, კაცი რომ არ ყოფილიყო, იქ ხომ არ წავიდოდა, მაგრამ ეს გოგონაც ძალიან მეცოდება. როგორც ამბობენ, მალე ქორწილიათვის ემზადებოდნენ და ქორწილი დაკრძალვით შეეცვალა. სანამ მაშველები გიორგის იპოვნიდნენ, ზღვაზე გაათენა მათთან ერთად".

ფოთის სანაპიროზე სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა, - 40 წლის მერაბ ცინცაძე ზღვაში 22 წლის გიორგი ღუბელაძის გადასარჩენად შევიდა და თავადაც მასთან ერთად დაიღუპა! ბედისწერასთან ბრძოლას ადამიანი ყოველთვის როდი იგებს, თუმცაღა მერაბ ცინცაძის საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, ადამიანობა შეუცვლელი ღირებულებაა.

ლ. ჩ. ტრაგედიის თვითმხილველი: - საუბედუროდ ფოთის სანაპიროზე და ახლომახლო არეალში საკმაოდ ხშირია ტრაგედიები. აქ ძალიან საშიშია ზღვა, 80-100 მეტრს გაივლი და შეიძლება წყალი წელამდეც არ მოგწვდეს; მაგრამ შეიძლება ერთი-ორი მეტრით განზე გაიწიო და იმხელა ორმოში ჩავარდე, რომ 4-5 მეტრი ჰქონდეს სიღრმე. ამ ორმოებს მოკლე ტალღები აკეთებს. ამ დროს თუ პატარა ღელვაც დაემთხვა, ძალიან ძნელია გადარჩენა. ეს უბედურება რომ მოხდა, მეც ზღვაზე ვიყავი. გიორგი გოგოსთან ერთად იყო და ჩემთან ახლოს იჯდნენ. უკვე წასვლას აპირებდნენ, რომ გიორგიმ თქვა, - ერთხელ კიდევ ჩავალ, წყალს გადავივლებო. ამის თქმა იყო, წამოხტა და ზღვაში გადახტა. ეს იყო და ეს. უცებ გოგოს გამწარებული კივილი გავიგონე, - მიშველეთ, იხრჩობაო, საცოდავი ზღვას გაჰყურებდა და კიოდა. მეც რომ გავიხედე, წამით ისიც კი ვიფიქრე, - რას ამბობს, რა დახრჩობა, რის დახრჩობა-მეთქი, ზღვა საკმაოდ მშვიდი იყო, გიორგის არც უყვირია და არც არაფერი, მარტო ხელებს იქნევდა. მაგრამ რომ დავაკვირდი, მაშინვე მივხვდი, რომ მისი შეყვარებული მართალი იყო, აშკარად რაღაც უჭირდა. გიორგი ხომ ცოდვაა, - ძალიან კარგი ბიჭი იყო, კაცი იყო ნამდვილი, - ავღანეთის ჯარი მოიარა, კაცი რომ არ ყოფილიყო, იქ ხომ არ წავიდოდა, მაგრამ ეს გოგონაც ძალიან მეცოდება. როგორც ამბობენ, მალე ქორწილიათვის ემზადებოდნენ და ქორწილი დაკრძალვით შეეცვალა. სანამ მაშველები გიორგის იპოვნიდნენ, ზღვაზე გაათენა მათთან ერთად……

- მერაბ ცინცაძე როდის შევიდა ზღვაში?

- გიორგის შეყვარებულის კივილი რომ გაიგონა, არც დაფიიქრებულა ისე წამოხტა და გაიქცა. თურმე ისიც, თანამშრომელთან ერთად, გიორგისთან ახლოს მჯდარა პლაჟზე. რომ წამოვარდა და წყალში გადაეშვა, ის თანამშრომელიც უკან მიჰყვა, გიორგის საშველად. როგორც მერე გავიგე, თურმე ეს ბიჭები რესტორან "არაგვში" მუშაობდნენ. რესტორნებში საღამოობით იწყებენ მუშაობს და ბიჭებმა მანამდე გაგრილება გადაწყვიტეს. მერაბი ოზურგეთიდან არის, - კაცი ფოთში სამუშაოდ და ფეხზე დასადგომად ჩამოვიდა და ამ დროს სიცოცხლეც სხვას შესწირა. გიჟივით მიცურავდა გიორგის გადასარჩენად. სხვებიც კი მიჰყვებოდნენ, მაგრამ მან ყველას გაუსწრო. იმიტომაც ვიფიქრე, რომ ბიჭს გადაარჩენდა. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, აღარც გიორგი ჩანდა და აღარც მერაბი. მერაბის თნამშრომელიც ტალღებში ჩაიკარგა. მაშინ ვიფიქრე, რომ უბედურება უკვე მომხდარი იყო, -  ფოთის ზღვაში ამ სიტუაციაში კაცი რომ ჩაიძირება, საქმე ცუდად არის, თევზივითაც რომ ცურავდე, ამ სიტუაციიდან ამოსვლა ძალიან ჭირს, - ორმოდან ამოაღწევ და ფოთის ზღვას მოკლე ტალღები მაინც ჩაგძირავს, ასეთი ტალღები ისედაც დაღლილსა და განწირულ დამიანს ყოველი მხრიდან ურტყამს.

- მოკლე ტალღა რას ნიშნავს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვის სანაპიროდან 200 მეტრის მოშორებით დაძრული ტალღა ვიდრე ნაპირს მოაღწევდეს, რამდენიმე ტალღად იშლება. კაცი თუ ერთ მათგანს გაუმკლავდა, მეორე ტალღაც იმავე წამს ურტყამს, მერე, - მესამე და ასე შემდეგ... არაქათგამოცლილმა კაცმა ამას როგორ უნდა გაუძლოს! ამ ტრაგედიიდან მხოლოდ ერთი კაცი დარჩა ცოცხალი, - მერაბის თანამშრომელი. ძლივს გადაარჩინეს მაშველებმა, ფაქტობრივად, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, წამების განმავლობაში მიუსწრეს. კიდევ კარგი ის მაინც გადარჩა. მან თქვა, - მერაბი გამწარებული ყვინთავდა გიორგის მოსაძებნად, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალა ეცლებოდა, ბოლოს დინებამ წაიღოო... მაშველებმა ორივეს ცხედარი იპოვეს. როგორც გავიგე მერაბს მეუღლე ჰყოლია, შვილის დატოვებაც ვერ მოასწრო. თუმცა ერთიც არის, ჩვენ ყველანი როცა იქნება იმ ქვეყნად წავალთ, ეს კაცი კი კაცურად წავიდა. ესეც დიდი საქმეა!

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)