"როგორ არ მოგაქციეს ყურადღება, როგორ გაგიმეტეს" - 4 წლის ბიჭის ბურუსითმოცული გარდაცვალება - კვირის პალიტრა

"როგორ არ მოგაქციეს ყურადღება, როგორ გაგიმეტეს" - 4 წლის ბიჭის ბურუსითმოცული გარდაცვალება

ოჯახის წევრები გარდაცვლილი პატარას  ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

"უშენოდ როგორ ვისუნთქო, როგორ, რანაირად?!.. მე უნდა ვიყო ცოცხალი და შენ არაა, ჩემო სიტკბოებაა? ვაიმე, დე, რა უნდა ვქნა ახლა, როგორ არ მოგაქციეს ყურადღება, როგორ გაგიმეტეს ასე, როგორ? ანგელოზო, ეს რა გაგვიკეთეს დე, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ტკივილო, როგორ გადავიტანო უშენობა, ანდრია". - ეს ჩანაწერი თათია ნალიკაშვილმა სოციალურ ქსელში, 4 წლის ანდრია დვალიშვილის ფოტოსთან ერთად, გამოაქვეყნა. ის იმ პატარა ბიჭის დეიდაა, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ წაიყვანეს, თუმცა ოთხი დღის წინ ოჯახმა შეიტყო, რომ პატარა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები გარდაცვლილი პატარას  ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ. ანდრია დვალიშვილის ოჯახის წევრები ორგანიზაცია FRIEDENSDORF"-ის ქართულ წარმომადგენლობას და მის ხელმძღვანელს, ნანა აბრამიას, რომელმაც ბავშვი გერმანიაში სამკურნალოდ წაიყვანა, თაღლითობაში და ბავშვის დაკარგვაში ადანაშაულებენ.

ბიჭი ამ ორგანიზაციის ეგიდით გერმანიაში საოპერაციოდ 19 აგვისტოს წაიყვანეს. მას სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა და დაუყვნებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. ბავშვი გერმანიაში ახლობლების გარეშე წაიყვანეს. დღის განმავლობაში მშობლები ამბობდნენ, რომ ინფორმაციას ვერც ორგანიზაციისგან და ვერც საკონსულოსგან ვერ იღებდნენ.