ძლიერი წვიმა და 4-ბალიანი შტორმი ბათუმში - წუხელ სამაშველო სამსახური სულ ცოტა 300-ჯერ მაინც გამოიძახეს - კვირის პალიტრა

ძლიერი წვიმა და 4-ბალიანი შტორმი ბათუმში - წუხელ სამაშველო სამსახური სულ ცოტა 300-ჯერ მაინც გამოიძახეს

ძლიერი წიმისა და 4-ბალიანი შტორმის შედეგად წუხელ ბათუმში სამაშველო სამსახური სულ ცოტა 300-ჯერ მაინც გამოიძახეს. ბათუმში რამდენიმე ქუჩა მათ შორის 26 მაისის ქუჩის ნაწილი, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე, ისე დაუტბორა, რომ თბილისსა და ქუთაისდან გახდა სამაშველო ეკიპაჟების ჩასვლა საჭირო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, მათი სამსახური მთელი ღამე მუშაობდა, გამოძახებები ძირითადად შეეხებოდა სახლების დატბორვას და დატბორილ ქუჩებიდან ავტომობილების გამოყვანას. მისივე ინფორმაციით, გამთენიისას დატბორილ ობიექტებზე წყლის დონემ იკლო და სამაშველო სამსახური ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებს. ბათუმში ამ დროისთვის აღარ წვიმს.

ბათუმის მერიაში საგანგებო შტაბი მთელი ღამე მუშაობდა. უამინდობის გამო შექმნილ მდგომარეობას ქალაქის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები განიხილავდნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 4 ბალიანი შტორმის მიუხედავად ქალაქში მოქმედი არხები მოქმედია, თუმცა ისინი უხვი რაოდენობის ნალექს ვერ ატარებს. მერიის ცნობით, ძირითდი პრობლემა ჭაობის დასახლებაში იყო, სადაც სანიაღვრე-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.