"ზღვაში შვილთან ერთად შევიდა, ცოტა ხანში ტალღებში გაუჩინარდა" - ქვეყანას კარგი მოქალაქე, ჟურნალისტიკას კი პროფესიონალი გამოაკლდა - კვირის პალიტრა

"ზღვაში შვილთან ერთად შევიდა, ცოტა ხანში ტალღებში გაუჩინარდა" - ქვეყანას კარგი მოქალაქე, ჟურნალისტიკას კი პროფესიონალი გამოაკლდა

"დათო კრიმინალურ ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი იყო".

თბილი, საოცრად კეთილი და საქმის პროფესიონალი - ასე დარჩება ჩემ მეხსიერებაში დათო დევიძე, რომლის გარდაცვალების გაცნობიერება უკვე მეორე დღეა მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ასაკით ბევრად უფროსი იყო, დათოსთან ურთიერთობისას ამ ზღვარს ვერასოდეს ვრძნობდი - ასე იყვნენ სხვებიც. არ ვაჭარბებ, მისი ერთი იუმორნარევი ფრაზაც საკმარისი იყო, რომ წამიერად ყველა ყოფითი პრობლემა დაგვიწყებოდათ... გუშინ დათო გარდაიცვალა - ქვეყანას ერთი კარგი მოქალაქე, ჟურნალისტურ სამყაროს კი, პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა.

დათო ქობულეთში, ოჯახთან ერთად, ისვენებდა. როგორც ახლობლები ყვებიან: "ზღვაში შვლთან ერთად შევიდა, ცოტა ხანში ტალღებში გაუჩინარდა. მეუღლე სანაპიროზე იყო. სწორედ მან დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა". დათოს, სავარაუდოდ, ცურვისას გული გაუჩერდა, მაშველებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის 50 წლის იყო, მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ამჟამად დათო გაზეთ "ქრონიკა +"-ში მუშაობდა.

დათო დევიძე "კვირის პალიტრიდან" შვიდი წლის წინ წავიდა, თუმცა აქ მისი ადამიანობა არასოდეს დავიწყებიათ:

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:

- მე და დათო, წლების წინ გაზეთშსი კრიმინალურ გვერდს ვაკეთებდით. საოცარი ადამიანი იყო, მუდმივად მგულშემატკივრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც კრიმინალზე ფატნასტიურად წერდა, ყოველთვის ცდილობდა მასალა მე დამეწერა და უკეთესად გამომსვლოდა. სუფთა ადამიანი იყო და ტყუილის თქმა არ შეეძლო. ასეთ ადამიანებს ჭიგოს ეძახიან - დათო მეგობრებისთვის ნამდვილი "ჭიგო" იყო. კონკურენციის მომენტი არასოდეს ჰქონდა... მიუხედავად იმისა, რომ "კვირის პალიტრიდან" შვიდი წლის წინ წავიდა, მასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. დახმარებისთვისაც ხშირად მივმართავდი და მის მხარდაჭერასაც ძველებურად ვგრძნობდი. ეს მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ. დათო კრიმინალურ ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი იყო. ის ჩვენ პროფესიაც ძალიან დააკლდება.

მარი ჯაფარიძე, ჟურნალ "გზის" რედაქტორის მოადგილე:

- დათოს დიდი ხანია ვიცნობ, ყოველთვის უზომოდ თბილი და ყურადღებიანი იყო. მასზე ნაწყენი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მეგულება. იუმორის ფანტასტიური გრძნობა ჰქონდა და ყოველთვის იცოდა, როგორ გამოეკეთებინა შენთვის ცუდი განწყობა. მას ქობულეთში გამგზავრებამდე სამი დღით ადრე შევხვდი - ერთ რესპონდენტთან დაკავშირება მთხოვა. მითხრა, ქობულეთიდნ როგორც კი ჩამოვალ, აუცილებლად შევხვდებიო. ცოტა ხნით დაფიქრდა, იქნებ სჯობდეს წასვლამდე ვნახოო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გადადო. ვატყობდი, რომ სუნთქვა უჭირდა. მისი ჯანმრთელობის ამბავი რომ მოვიკითხე, მიპასუხა - ამ სიცხეებს ვეღარ ვუძლებო...

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის იჯახს.

რუსუდან შელია