"რომის პაპის სალოცავს კრიხულას ქვები ჩავატანე" - ქართველი, რომელმაც ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ორასამდე ეკლესია მოზაიკით შეამკო - კვირის პალიტრა

"რომის პაპის სალოცავს კრიხულას ქვები ჩავატანე" - ქართველი, რომელმაც ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ორასამდე ეკლესია მოზაიკით შეამკო

ამბობს, რომ ყველა ემიგრანტის ისტორია რაღაცით ჰგავს ერთმანეთს და ჩემიც არ განსხვავდება მათგანო, მაგრამ მე ამირან ბაკურაძის ამ სიტყვებს თავმდაბლობად უფრო მივიჩნევ, ვიდრე რეალობად. 25-წლიანი ემიგრაციის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან არსებულ მოზაიკის სახელოსნოში მოღვაწეობს. დიდი ხნის წინ იგი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაემგზავრა მოზაიკის შესასწავლად. დღეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ორასამდე ეკლესია აქვს შემკული.

ამირან ბაკურაძე: - ამბროლაურში ვიზრდებოდი. ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სწავლა მეხალისებოდა, ხატვა კი ჩემი ყველაზე დიდი გატაცება იყო. მახსოვს, პირველ კლასში რომ ვიყავი, მასწავლებელმა დაგვავალა დაწერეთ, რა გინდათ გამოხვიდეთო. მე სკოლა დავხატე, გავაფერადე და ქვეშ მივაწერე: "მინდა ვაშენებდე".

დღეს არქიტექტორი ვარ. სწავლა რომ დავამთავრე, ჩემს კუთხეს დავუბრუნდი. იმხანად ცხოვრება ჭირდა, ამიტომ ხეზე ჯვრებისა და ხატების ჭრა დავიწყე და ასე გამქონდა თავი. გარკვეული ხნის შემდეგ გამიმართლა და მოვხვდი იმ კანდიდატებს შორის, ვინც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაემგზავრა მოსკოვში მოზაიკის შესასწავლად მაესტრო ალექსანდრ კორნოუხოვთან. 5 წლის განმავლობაში ვეუფლებოდი ამ საქმეს. ეს იყო 1993-1998 წლები.

ამის შემდეგ კორნოუხოვი იტალიაში მიიწვიეს და მეც წამიყვანა. ასე აღმოვჩნდი ვატიკანში და რომის პაპის, იოანე პავლეს II-ის კაპელის (პირადი სალოცავი) გაკეთებაში მივიღე მონაწილეობა. შვებულებით ჩამოვდიოდი რაჭაში. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მდინარე კრიხულას ნაპირებზე მოვაგროვე ქვები, ვატიკანში წავიღე და რომის პაპის სალოცავის კედლებში ჩავატანე.

- ამის უფლება გქონდათ?

- უამრავ ქვას ვყიდულობთ ჩვენი საქმიანობისთვის, ჩამოაქვთ ბრაზილიიდან, ალბანეთიდან... დავიჯერო რაჭული ქვები ნაკლებია?..

ვატიკანში, აღმოსავლეთის ინსტიტუტთან არსებულ სახელოსნოში, 2011 წლამდე ვიმუშავე. პროფესორის თანაშემწე გახლდით, ჩემი ხელმძღვანელი, მარკო რუპნიკი, ვატიკანისა და იტალიის საეკლესიო ხელოვნების სფეროში მრჩეველი იყო. ამ ხნის განმავლობაში ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ორასამდე ეკლესია შევამკე მოზაიკით... მათ შორის პორტუგალიაში ფატიმას ღვთისმშობლის უზარმაზარი ტაძარი, რომელშიც 9 ათასი სკამი დგას, ასევე საფრანგეთში, ლურდის ტაძარი და ა. შ.

ჩემი მუშაობის პრინციპი თანამედროვეა, საფუძვლად ბიზანტიური სტილი უდევს. ყველა ფრესკა ბიბლიური სცენების მიხედვით მაქვს შექმნილი. ვმუშაობ ქვაზე, ხეზე, მინანქარზე, ვიტრაჟზე.

2011 წლიდან დამოუკიდებლად შევუდექი მუშაობას. დროგამოშვებით საქართველოში ჩამოვდიოდი. აქაც მოზაიკას ვაკეთებდი. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა თბილისში მოზაიკის სახელოსნო, ჩემი მოძღვრის, მამა ბესარიონ მენაბდის ინიციატივით. სახელოსნოში თავი მოვიყარეთ მე, ჩემმა ძმამ ბადრი ბაკურაძემ, ხატმწერმა მიქაელ სოზიაშვილმა და მალხაზ ლობჟანიძემ.

ამ სახელოსნოში შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამჟამად სამების კომპლექსის კარიბჭის თავზეა დაბრძანებული, აბო თბილელის მონასტრისთვის რამდენიმე ხატი, შევამკეთ მცხეთის დედათა მონასტერში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავი.

ღვთის წყალობით ჩვენს სახელოსნოს წილად ხვდა ისეთი დიდი საქმე, როგორიც არის ბათუმის წმინდა სამების კომპლექსში მოზაიკის კეთება. პროექტი შემუშავდა კურატორ ვახტანგ ტატუნაშვილთან, ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძესა და მხატვარ დავით ხიდაშელთან ერთად.

ამჟამად ვმუშაობთ რომში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის მოზაიკაზე. მიხარია, რომ დღეს ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

ეკა სალაღაია