საქართველო გაერო-ს ქვევრს ჩუქნის - კვირის პალიტრა

საქართველო გაერო-ს ქვევრს ჩუქნის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაეროს დაარსების 70-ე წლისთავისა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული ქართული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის აღსანიშნავად, გაერო-ს ჟენევის ოფისს საქართველოს ოფიციალურ საჩუქრად ქვევრს გადასცემს.

ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელდება.

"ქვევრი და შესაბამისი საინფორმაციო აბრა მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდება ჟენევის გაერო-ს ოფისის შიდა ეზოში, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ცერემონიალის კონკრეტული თარიღი,"– ნათქვამია საგარეო საქმეთა სმინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი ა.წ. 3 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის ჟენევაში ვიზიტისას, გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მიხაელ მიოლერთან გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.