ბათუმის სიმბლოდ ქცეული "ალი და ნინო" დაზიანდა - სკულპტურის ავტორის, თამარ კვესიტაძის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

ბათუმის სიმბლოდ ქცეული "ალი და ნინო" დაზიანდა - სკულპტურის ავტორის, თამარ კვესიტაძის პირველი კომენტარი

თამარ კვესიტაძე: "ნუთუ "ალი და ნინო" საბოლოოდ დაიმსხვრა?"

"არა მგონია, გერმანელებს ამაზე ძვირი მოეთხოვათ. დარწმუნებული ვარ, ბევრად იაფადაც გააკეთებდნენ. ალბათ თავის ძალებით მოინდომეს გადატანა, არ ვიცი, იქნებ ფულის განაწილების გამო გააკეთეს ეს, არ ვიცი, რა როგორ ხდება. ძალიან სამწუხარო ის არის, რომ საქმე ასე ცუდად გაკეთდა"

ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. თამარ კვესიტაძის ნამუშევარი ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. აღმოჩნდა, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, ამიტომ მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

თამარ კვესიტაძე:

- მომხდარის გამო ხალხის რეაქცია ჩემთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. დღეს მათგან თანადგომა ვიგრძენი. ეს ნიშნავს, რომ ამ ნამუშევარმა მათში რაღაც კარგი, დადებითი ემოცია გამოიწვია. ნუთუ საბოლოოდ დაიმსხვრა და აღარ აღადგენენ?

- თქვენ არავინ დაგკავშირდათ?

- არა, არავინ შემხმიანებია. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა დამირეკეს და მათგან შევიტყვე მოხდარზე... გადატანის თაობაზე ახლა არავის ჩავუყენებივარ საქმის ყურში. თავიდან, როდესაც ამაზე დაიწყო ლაპარაკი, შევთავაზე, იქნებ, გერმანელებმა გადაიტანონ-მეთქი, ვინაიდან საკმაოდ ფაქიზი კონსტრუქციაა. ვიცოდი, რომ გადატანა გაუჭირდებოდათ, თან ძვირიც დაჯდებოდა. ალბათ იფიქრეს, გერმანელები უფრო ძვირს მოითხოვენო და ამის გამო შეიკავეს თავი... ახლა რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. წარმოიდგინეთ, რა უვიცობასთან გვაქვს საქმე. თურმე ტენდერი იყო გამოცხადებული, ვინ გადაიტანდა და გადატანის დროს დაუვარდათ და დაუზიანდათ ნამუშევარი. მაგათ ჰგონიათ, რომ ადვილი გასასწორებელი იქნება, მაგრამ ასე არ არის.... სწორედ კონსტრუქციის სირთულიდან გამომდინარე, თავის დროზე ქანდაკების დადგმა საკმაოდ ძვირი დაჯდა. როდესაც ამ ნამუშევრის დადგმაზე იყო ლაპარაკი, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ამხელა კონსტრუქციის დადგმა ვერ ავიღეთ საკუთარ თავზე. მერე გერმანელებმა იმუშავეს და თანხაც მათ გადაუხადეს. იმედი მაქვს, რომ რაც დაზიანდა, გამოასწორებენ. რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება და ახლაც ალბათ რაღაც შემთხვევით მოხდა.

- არაფერში ჩაერევით?

- როგორ ჩავერიო, თითი დავუქნიო, რატომ არ დამიჯერეთ-მეთქი? ამ ცოტა ხნის წინ გერმანელებთან დავრეკე და გავაფრთხილე, შეიძლება დაგიკავშირდეთ ვინმე გადატანასთან დაკავშირებით-მეთქი. ახლა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თურმე გადატანა 260 ათასი დაჯდა. Aარა მგონია, გერმანელებს ამაზე ძვირი მოეთხოვათ. დარწმუნებული ვარ, ბევრად იაფადაც გააკეთებდნენ. ალბათ თავის ძალებით მოინდომეს გადატანა, არ ვიცი, იქნებ ფულის განაწილების გამო გააკეთეს ეს, არ ვიცი, რა როგორ ხდება. ძალიან სამწუხარო ის არის, რომ საქმე ასე ცუდად გაკეთდა.

- ყოფილი ხელისუფლების წამომადგენლები ამბობენ, რომ წინა მთავრობის ჯინაზე გადაწყვიტეს ძეგლის გადატანა და მისი დაზიანებაც...

- რა გითხრათ, აბა... ყველაზე სამწუხარო იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში ვიღაცის ჯინაზე ქანდაკებას ამტვრევენ. არ მინდა დავიჯერო , რომ სხვის ჯინაზე შეიძლება გაანადგურო გაკეთებული საქმე, ეგ სრული აბსურდი მგონია და მაგ შეფასებას არ ვიზიარებ. იმას კი ვიტყვი, რომ არაპროფესიონალები არიან, ვერ გადაიტანეს და სჯობდა გერმანელი სპეციალისტებისთვის დაეძახათ... ერთხელ "იმედზე" იყო რაღაც სიუჟეტი, გამოვიდა ვიღაც კაცი, მგონი კულტურის სამინისტროდან და თქვა: ამ ქანდაკების შენახვა წელიწადში 200 ათასი ჯდებაო. შეშფოთებულმა გერმანელებთან დავრეკე. მათ მითხრეს, ქანდაკების წელიწადში ორჯერ სჭირდება დაზეთვა, რაც მხოლოდ ასი ლარი შეიძლება დაჯდეს, ელექტროენერგიის გადასახადი კი თვეში დაახლოებით იმდენი იქნება, რასაც შენი სახელოსნოსთვის იხდიო. შესაძლოა ამხელა თანხა მართლაც არის გამოყოფილი ქანდაკების შენახვაზე და ვიღაცა ჯიბეში იდებს. ამის გამოკვლევა უფრო საინტერესოა, ვიდრე იმის, ვინ რას აკეთებს სხვის ჯინაზე.

მანანა გაბრიჭიძე(სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, "ალი და ნინოს" სკულპტურას მცირე დაზიანება აქვს, რასაც მალე აღადგენენ.