"იქნებ, დედა ღვთისმშობელმა ინებოს და ჩემი შვილი ფეხზე დადგეს" - ჩხუბისას დაშავებული 24 წლის ბიჭის ტკივილიანი ამბავი - კვირის პალიტრა

"იქნებ, დედა ღვთისმშობელმა ინებოს და ჩემი შვილი ფეხზე დადგეს" - ჩხუბისას დაშავებული 24 წლის ბიჭის ტკივილიანი ამბავი

ლუიზა კოხრეიძე, საწოლს მიჯაჭვულ შვილზე ლაპარაკისას, უდიდეს ძალას ხარჯავს, ცდილობს თავისი ტკივილი თავს არ მოგახვიოს, მაგრამ ამ დროს გადაყლაპული ცრემლები ახრჩობს და სიტყვებს თავს ვეღარ აბამს. ცხოვრებაში არაერთი უბედურება გადაიტანა, მაგრამ გაუძლო... რომ იფიქრა, მეშველა, ამიერიდან მაინც ამოვისუნთქებო, სწორედ მაშინ კიდევ ერთხელ დაენგრა ცა თავზე, - მისი ერთადერთი შვილი ჩხუბისას ისე დაშავდა, უკვე თითქმის წელიწადია ფეხში ვერ დგება.

ის, რაც ჩვენთვის შეუძლებელია, უფლისთვის შესაძლებელია, - იქნებ, დედა ღვთისმშობელმა და ადამიანის სიკეთით გამთბარმა გულმა ერთადერთი ვაჟი ისეთივე ჯანსაღი დაუბრუნოს, როგორიც ადრე ჰყავდა.

ლუიზა კოხრეიძე:

- რა ვთქვა, რანაირად უნდა აღვწერო, ჩემი ტკივილი - ერთადერთი შვილი, ჩემი სიცოცხლის აზრი მეცლება ხელიდან და რა გავაკეთო აღარ ვიცი. ამ ქვეყნად ერთადერთი სიხარული გამაჩნდა და ახლა კუნძივით მყავს საწოლზე მიჯაჭვული. ერთი წლის წინ ჩხუბში ხელი ჰკრეს, თავი ქვაზე დაარტყა და ამით დაიწყო ჩემი უბედურებაც. ადრე ვტიროდი, ახლა ვეღარც ვტირი - ხან ვისთან ვართ შეფარებული, ხან - ვისთან, ამ ხალხს სიცოცხლეს ხომ ვერ გავუმწარებ, - ღამით მივიპარები ჩემს შვილთან და საბანში თავჩარგული ვქვითინებ. ნეტავი საერთოდ არ დავბადებულიყავი, თუ ეს დღე მეწერა. ჩემი ქმრის სიკვდილით დაიწყო ჩემი უბედურება, - ახალი გათხოვილი ვიყავი, ტარიელი წლინახევრისაც არ მყავდა, ჩემს ქმარს რომ ტყუპისცალი ძმა მოუკვდა და იმის დარდმა გადაიყოლა. მის შემდეგ აღარავინ დამრჩა, რომ ჩემი შვილისთვის ლუკმა მიეწოდებინა, ავიკიდე თოთო ბავშვი ზურგზე, დამყავდა ასე, თან ვთოხნიდი და ვბარავდი. ასე ლუკმა კი გვქონდა, მაგრამ დანარჩენს თავი ვეღარაფერს მოვაბი, ზესტაფონში, სოფელ სვირში რა დანგრეული სახლიც გვედგა, დღესაც იმაში ვცხოვრობ, წვიმისას წყალი მდინარეებად ჩამოგვდის. მაგრამ ეს აღარც მანაღვლებდა, ჩემს დავაჟკაცებულ შვილს რომ შევხედავიდი, - აწი, რაღა მიჭირს-მეთქი. 20 წლის წამოვიდა თბილისში სამუშაოდ, მე რომ დიაბეტი დამემართა, მითხრა, - მუშაობა, აღარ შეგიძლია, წავალ და ვიმუშავებ, ფულს გამოგიგზავნი, ნელ-ნელა ფეხზე დავდებით და სახლსაც მივხედოთო. კარგა ხანს მისი გამოგზავნილი ფულით ვყიდულობდი წამალს.

- ჩხუბში ხელი ჰკრესო, ბრძანეთ, იქნებ, მოგვიყვეთ რა მოხდა?

- საბურთალოზე მუშაობდა. მანქანების პროფილაქტიკაში, დედა მოუკვდეს, იმდენს მუშაობდა, მისი დაკოჟრილი ხელები ექიმებსაც უკვირდათ, ამბობდნენ - რა მშრომელი ბიჭი ყოფილაო. შარშან, ოქტომბერში სამუშაოს შემდეგ, თანამშრომელ ბიჭთან ერთად, ორთაჭალაში ხინკლის საჭმელად ერთ-ერთ რესტორანში შევიდა, იქ ვიღაც მთვრალები აუშარდნენ თურმე პირველები ჩვენ ვიყავით, ხინკლის შეკვეთა ჩვენ უნდა მივცეთო, რესტორნში დაწყებულმა ჩხუბმა გარეთ გადაინაცვლა. იქ მიწისქვეშა გადასასვლელთან მდგარან, ხელი ჰკრეს და კიბეებზე თავით დაგორდა. ასე დავიღუპე, სულ შემტვრეული ჰქონდა თავის ქალა. ჩემი შვილის სისხლიანი თავი მის ამხანაგს მუხლებზე ედო და დახმარებას ასე ითხოვდა თურმე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ნიუჰოსპიტალში" გადაიყვანა, თავზე 2 ოპერაცია გაუკეთეს. 4 დღე ვერ მატყობინებდნენ ამ უბედურებას - ტარიელი გონზე რომ მოვა, მაშინ გავაგებინოთ, ასეთ დღეში რომ ნახოს, მოკვდება დედამისიო... მე კი რკინასავით გავხდი მიკვირს, რატომ არ მოვკვდი. მას შემდეგ საავადმყოფოდან სავადმყოფოში დავდივართ, ექიმები მაიმედებენ, - ტყუილად არ ვმკურნალობთ, - დრო სჭირდება, აუცილებლად დადგება ფეხზეო.

- მკურნალობას როგორ, რა სახსრებით უტარებთ?!

- ჩემი უბედურების შემდეგ მივხვდი, რომ ამის თქმის უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ ჩემი გაჭირვებული ცხოვრების გადამკიდეს, სიკეთის არ მჯეროდა, ახლა დავიჯერე, სამკურნალო ფული სახელმწოფომაც მოგვცა, მაგრამ სხვებსაც ვეცოდებით და გვეხმარებიან, - ვხვდები, ზოგჯერ ექიმებიც საკუთარ ფულს იღებენ ჯიბიდან, მაგრამ არ მეუბნებიან. ნათესავები ხომ შევაწუხე და შეავაწუხე. ხან თბილისში ჩავისახლდები, ხან- გომში. ამ ზაფხულს ჩემმა ბიჭმა სარეაბილიტაციო კურსი თბილისში რომ გაიარა, საავადმყოფოდან ნათესავთან გადმოვიყვანე, - ასე მგონია, როცა ექიმებთან ახლოს ვარ, ჩემი შვილი მალე მორჩება, მაგრამ ისეთი სიცხე იყო, ჩემმა ტარიელმა ვერ აიტანა და სოფელში წამოვედით, მაგრამ უქამდე ვერ ჩავაღწიეთ, რეანობილით ვერ წამოვიყვანე, ძვირი ღირდა, ტაქსში კიდევ მგზავრობა ვერ აიტანა და ცუდად გახდა, იძულებული გავხდი, გომში ჩემს დასთან მიმეყვანა, ახლა ჩემი და მიყოფს თავისი შვილების ლუკმას... მრცხვენია, შვილს ვერ ვტოვებ და იმიტომ არ ვმათხოვრობ, თორემ ამასაც ვიზამდი, - ჩემი ბიჭის გადარჩენა ახლა კვება, დრო და მკურნალობაა. ამას კი ფული სჭირდება, სახელწიფო ყველაფერში ფულს არ იხდის. თუ ეს სახსარები ვერ ვიშოვე, ღმერთს ვხთხოვ, მომკლას და ჩემი შვილის ტანჯვას ნუ მაყურებინებს. მას კი უფალი შეიფარებს…

პ.ს. დედამ აქ შეწყვიტა ლაპარაკი და ატირდა. ან რა აზრი ჰქონდა ლაპარაკის გაგრძელებას. აზრი ერთ რამეს აქვს, - ვისაც ამ ბედკრული ქალისა და მისი შვილის დახმარება თუნდაც მცირედით შეუძლია, ეს თანხა მის პირად ნომერზე (18001031018866) გადარიცხოს, სადაც მისი სოციალური შემწეობის თანხაც ირიცხება. ლუიზა კოხრეიძის საკონტაქტო ნომერი კი შემდეგია: 599330826

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)