ქუდბედიანი - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 3 წლის ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი - კვირის პალიტრა

ქუდბედიანი - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 3 წლის ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი

"ბავშვი წინ გავარდა და ლიფტის ღილაკს დააჭირა ხელი. ამ დროს ლიფტის კარი გაიღო და ბავშვმა  შეაბიჯა, - გოგონა 3 წლისაც არ იყო და რა იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. არადა, თურმე ლიფტის კაბინა არ იდგა, კარი ცარიელ შახტაში გაიღო და ბავშვმა სიცარიელეში შეაბიჯა..."

"უფლის ნება იყო ამ პატარა ანგელოზის გადარჩენა და ამიტომ გადარჩა", - გვითხრა ლიფტის შახტაში ჩავარდნილ და სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის გოგონას მეზობელმა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა, ბავშვი ლიფტის შახტაში მეხუთე სართულზე დედ-მამის თვალწინ გაუჩინარდა. ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის ოფიციალური ინფორმაციით, პატრას დაჟეჟილობები აღენიშნება და 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ასმათი კეკენაძე, შემთხვევის თვითმხილველი:

- ამ ბავშვის გადარჩენა ნამდვილად უფლის სასწაული იყო. ღამით, ასე დაახლოებით ღამის 11 საათი სრულდებოდა, დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა ეზოში კივილი ატყდა. გულგახეთქილი გავვარდი გარეთ, მთელი კორპუსი უკვე გარეთ იყო. ხალხი ახალგაზრდა ქალს იყო შემოხვეული, რომელიც გამწარებული კიოდა, - ჩემს შვილს უშველეთო! საწყალი გოგოს საცოდაობით მთელი ქუჩა იწვოდა. თურმე რა მომხდარა, - ეს ახალგაზრდა ქალი, ქმარ-შვილით, ჩვენი მეხუთე სართულის მეზობლების სტუმარი ყოფილა. შინ წასვლისას, ბინის კარი რომ გაუღიათ, ბავშვი წინ გავარდა და ლიფტის ღილაკს დააჭირა ხელი. ამ დროს ლიფტის კარი გაიღო და ბავშვმა შიგ შეაბიჯა, - გოგონა 3 წლისაც არ იყო და რა იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. არადა, თურმე ლიფტის კაბინა არ იდგა, კარი ცარიელ შახტაში გაიღო და ბავშვმა სიცარიელეში შეაბიჯა... ასე მოხდა ეს უბედურება. მე რომ ეზოში გავედი, ლიფტი უკვე პირველ სართულზე იდგა, ბავშვი მის სახურავზე იყო და განწირულად ტიროდა. კაცები კაბინას გამწარებულები ამტვრევდნენ ჩაქუჩებით, რომ ბავშვი გამოეყვანათ. თან ფრთხილობდნენ, რომ ჩაქუჩი ბავშვს არ მოხვედროდა. დრო რომ გაწელილიყო, შეიძლება, პატარა ვეღარც გადარჩენილიყო.

- ოცა გოგონა ლიფტში ჩავარდა, მისი მშობლები იქ არ იყვნენ?

- კი, იქვე იყვნენ, საწყლებმა ეს რა საშინელება რა გადაიტანეს, ხომ იცით ბავშვების ამბავი, ამ ასაკში ერთი წამითაც რომ მოაშორო თვალი, შეიძლება სასწაული დაატრიალონ. ლიფტის კარი წამში გააღო, იმავე წამს შეაბიჯა და პირდაღებულ შავ შახტაში აღმოჩნდა. ამ სურათის წარმოდგენაზე ძარღვებში სისხლი მეყინება. ლიფტი ამ დროს მეხუთე სართულს ზემოთ რომ ყოფილიყო გაჩერებული ან თუნდაც პირველ და მეორე სართულზე, ბავშვს რა მოუვიდოდა, არავინ იცის. მაგრამ სასწაული მოხდა და ბავშვი შახტაში იმ დროს გადავარდა, როცა ლიფტი მეოთხე სართულზე გამოიძახეს. ამბობენ, რა წამსაც ბავშვი გადავარდა, ლიფტიც იმ წამს გაჩერდა მეოთხე სართულზეო. როცა ლიფტის სახურავზე დაეცა, ბავშვი ეტყობა გონზე ვერ მოვიდა და ჩუმად იყო, მერე კი ატირდა. მისმა ხმამ გადაარჩინა მშობლები, თორემ თავადაც ფანჯრიდან ხტებოდნენ…

- ლიფტი ვინც გამოძახა, ის ვერ მიხვდა, რომ ლიფტის სახურავზე ბავშვი ტიროდა და ლიფტი პირველი სართულისკენ არ უნდა წაეყვანა?

- ვინ წარმოიდენს, თავად რომ ლიფტში ზის, იმ ლიფტის სახურავზე ბავშვი აგდია და ტირის?! ეს ადამიანი პირველი სართულზე დაეშვა და თავადაც სასტიკად გაოგნებული იყო, ისიც ძლივს მოიყვანეს გონს. კიდევ კარგი, შახტის კედელსა და ლიფტს შორის ძალიან მჭიდრო ადგილია და ბავშვი ლიფტის სახურავიდან ვერ გადაცურდებოდა და ამ ადგილში ვერ მოიჭყლიტებოდა; თუმცა ძალიან საშიში იყო რომ ლიფტის დაშვებისას თავი სადმე არ მიერტყა. მაგრამ პატარას ნეკნები ჰქონდა გატეხილი და ალბათ ვერც ინძრეოდა.

- წარმომიდგენია რა დაემართებოდა მის მშობლებს როცა ბავშვი ცოცხალი დაინახეს.

- ამის აღწერა შეუძლებელია, საოცარი  დღე იყო თავისი საშინელებით და ბედნიერებით, - კაცებმა სასწაული ჩაიდინეს, ლიფტის გატეხვა მაშველებსა და სასწრაფოს მოასწრეს და ბავშვი თავად წაიყვანეს საავადმყოფოში.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. დღეს, გამთენიისას, თბილისში რკინის რიგის ქუჩაზე მდებარე კაფე "ტერასა 360"-ში ლიფტის მოწყვეტის შედეგად 4 პირი მძიმედ დაშავდა. ოთხივე დაშავებული ქვედა კიდურების დაზიანებით ქალაქის სხვადასხვა კლინიკებშია გადაყვანილი.