შალვა რამიშვილი: "ინგა გრიგოლიამ საკუთარი სურვილით დატოვა "იმედის კვირა" - კვირის პალიტრა

შალვა რამიშვილი: "ინგა გრიგოლიამ საკუთარი სურვილით დატოვა "იმედის კვირა"

" შვებულებაში ვარ და კარგად არ ვიცი რა მოხდა"

"საინფორმაციო სივრცის "რუსთავი 2- ის" ამარა დატოვება სწორედ ხელისუფლებასა არ უნდა აწყობდეს"

"როდესაც ქვეყანაში არის "რუსთავი 2"- ის უმძლავრესი საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა, ხელისუფლებას რა ლოგიკით შეიძლება სურდეს ასეთი გადაცემის დახურვა, ვერ გამიგია"

"იმედი" საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუებს დროებით აჩერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანიამ განცხადებას გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: "საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან." მომხდარი ჩვენში პოლიტიკურ გადაწყვეტილებად უკვე შეაფასეს, მათ შორის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელსაც არხზე ორი საკმაოდ რეიტინგული გადაცემა მიჰყვადა. ამ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იმედის კვირას" ახაი სეზონიდან ეკა ხოფერია და ინგა გრიგოლიას ნაცვლად ნანა ლეჟავა და უცნობი, შალავა რამიშვილთან ერთად, გაუძღვებოდნენ. ჩვენ დავუკავშირდით შალვა რამიშვილს:

- ახლა შვებულებაში ვარ და კარგად არ ვიცი რა მოხდა. ტელეკომპანიის ხელმღვანელობას ორშაბათს უნდა შევხვდე და დამატებითი დეტალები მაშინ მეცოდინება. ჩემთვის მეტ-ნაკლებად გასაგებია ის რაც ხდება, საუბარია რეორგანიზაციაზე და იმაზე, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებისადმი განსხვავებული მიდგომები იქნება, თუმცა არსებობს კიდევ სხვა დეტალები.  ნებისმიერ შემთხვევაში უპრიანი იქნება  ამ დეტალებზე ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ ვილაპარაკო.

- სოციალურ ქსელში შეფასებებისას ბევრმა აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამაც" სწორედ ასე, პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვით დაიწყო მოღვაწეობა და წრეზე ვბრუნავთ. რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება?

- აქ ძალიან დიდი განსხვავებაა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ პოლიტიკური თოქ - შოუები ყველა ტელეკომპანიაში დახურა  და არა რომელიმე ერთ ტელევიზიაში, ახლა კი ლაპარაკია პოლიტიკური გადაცემის დროებით შეჩერებაზე, თანაც მხოლოდ ერთ არხზე.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ხელისუფლების ჩარვის გარეშე მიიღო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება?

- როდესაც ქვეყანაში არის "რუსთავი 2"- ის, უმძლავრესი საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა, ხელისუფლებას რა ლოგიკით შეიძლება სურდეს ასეთი გადაცემის დახურვა, ვერ გამიგია. რა თქმა უნდა, საინტერესოა დეტალები რის გამოც არხის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტლება მიიღო, თუმცა  საინფრომაციო სივრცის "რუსთავი 2- ის"  ამარა დატოვება სწორედ ხელისუფლებასა არ უნდა აწყობდეს. როდესაც იხურება ერთი არხის გამოშვებები, თანაც საუბარია ისეთ არხზე, რომელსაც არ ჰქონია ისეთი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, როგორიც აქვს "რუსთავის 2"-ს, ასეთ დროს სწორედ "რუსთავს" რჩება ბურთი და მოედანი და ეს გარემოება რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას, ნამდვილად ვერ ვხვდები

- ინგა გრიგოლიას თუ  ელაპარაკეთ?

- როგორც გითხარით შვებულებაში ვარ, გუშინ გვიან გავიგე ეს ამბავი და ჯერ არ მილაპარაკია, ორშაბათს ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხევდრა და ინგასაც მაშინ ვნახავ.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სეზონიდან "იმედის კვირის" წამყვანი, თქვენთან ერთად ნანა ლეჟავა და "უცნობი" იქნებოდნენ...

- საქმე ისაა რომ არდადეგებზე გასვლის წინ ინგა გრიგოლიამ საკუთარი სურვილით დატოვა "იმედის კვირა" და რა თქმა უნდა, იყო ზოგადი საუბარი წამყვანის მოძებნასთან დაკავშირებით, თუმცა იქ არ ყოფილა ლაპარაკი კოკნკრეტულ პიროვნებებზე, ყოველ შემთხვევაში ჩემთან არავის არაფერი განუხილავს. უბრალოდ, ყველამ ვიცოდით, რომ ახალი სეზონიდან "იმედის კვირას" კიდევ ერთი წამყვანი დასჭირდებოდა, რადგან ინგა გრიგოლიამ ეს პროექტი დატოვა ივლისში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)