"ანა კარენინას ვგავარ, იმიტომ, რომ ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი" - ჰგავს ლევან ბერძენიშვილი ავთანდილს, ანრი ჯოხაძე კი - ჩექმებიან კატას? - კვირის პალიტრა

"ანა კარენინას ვგავარ, იმიტომ, რომ ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი" - ჰგავს ლევან ბერძენიშვილი ავთანდილს, ანრი ჯოხაძე კი - ჩექმებიან კატას?

ლევან ბერძენიშვილი: "ძალიან მინდოდა "ვეფხისტყაოსნის" ავთანდილს დავმსგავსებოდი"

ზურა ყიფშიძე:  "ემოციებს თუ გავიხსენებთ, ჰეკლბერ ფინნი ხომ გახსოვთ?.. აი, სადღაც მანდ ვტირიალებ".

როდესმე, კითხვის მომენტში, შეგიდარებიათ თუ არა თავი რომელიმე პერსონაჟთან?... კონკრეტულად რომელ მათგანში გიპოვნიათ საერთო და რატომ?... "კვირის პალიტრა" ამ კითხვით რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა.

როდესმე, კითხვის მომენტში, შეგიდარებიათ თუ არა თავი რომელიმე პერსონაჟთან?... კონკრეტულად რომელ მათგანში გიპოვნიათ საერთო და რატომ?... "კვირის პალიტრა" ამ კითხვით რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა.

ლევან ბერძენიშვილი:

- როდესაც ვკითხულობთ, ძალიან ბევრ პერსონაჟს ვამსგავსებთ ხოლმე თავს. ესაა ლიტერატურის თავისებურება, - დაწერილია ისე, რომ თავი მიამსგავსო. ამიტომაც, რომელ ნაწარმოებსაც ბოლოს ვკითხულობ, ლოგიკურად, ბოლოს იმას ვამსგავსებ ხოლმე თავს. ჩემთვის მარტივი კითხვაა ძალიან. ახლა ამ წუთას ვკითხულობ "პრაღის სასაფლაო-ს" და იქ ძალიან ცუდი პერსონაჟია სიმონე სიმონინი, მაგრამ, რადგან კულინარია უყვარს მე იმასთანაც კი დავიჭირე მსგავსება. მართალია, ცუდი კაცია, მაგრამ მაინც რაღაც საერთო გვაქვს.

ძალიან მინდოდა ვეფხისტყაოსნის" ავთანდილს დავმსგავსებოდი, მაგრამ არ ვგევარ. ანდრეი ბალკონსკიც მომწონდა ტოლსტოის "ომი და მშვიდობიდან", ასევე მომწონს ერთი-ორი ლიტერატურული პერსონაჟიც, რომელთაც არ ვგავარ, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, როცა კითხულობ, მაშინ გეჩვენება, რომ ჰგავხარ და ესაა კითხვის სიამოვნება სწორედ.

ლალი მაროშკინა:

- ანა კარენინას ვგევარ. იმიტომ, რომ ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი, იმ სიძლიერის პარალელურად რომელიც მახასიათებს. ეს სისულელე არის ალბათ ქალური ბუნება, რომანტიზმი და სიყვარულისკენ სწრაფვა. ფაქტი ის არის, რომ ის თავდადებული მომენტები, რაც ამ ქალბატონს გააჩნდა, ჩემს ბუნებაშიც იკითხება. სტუდენტობის დროს იმდენად ხშირად ვამბობდი, რომ ყველაზე მეტად ვგავდი ამ პერსონაჟს, რომ საბოლოო ჯამში დამებედა რაღაც-რაღაც ცხოვრებისეული მომენტები მის მსგავსად გადამეტანა; თუმცა ჩემი ოპტიმისტური ბუნებიდან გამომდინარე ჩემი ფინალი სხვანაირი იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში.

გიორგი გურგულია:

- ჯეკ ლონდონის მარტინ იდენს ვასმგავსებ საკუთარ თავს. ჩემი ცხოვრების პირველ ეტაპში ისე მოხდა, რომ მეც მასავით არ მიყვარდა კითხვა. სულ ვჩხუბობდი, ისეთი ბავშვობა მქონდა, სკოლებს მაცლევინებდნენ, ერთიდან მეორეში გადავყავდი. რაღაცა პერიოდიდან, სადღაც მეშვიდე-მერვე კლასიდან, ინტენსიურად დავიწყე კითხვა. დედაჩემმა მირჩია დღიური მეწერა. დღიურის წერიდან გადავერთე, ზღაპრების, მოთხრობებისა და სცენარების წერაზე, ანუ სხვანაირი ცხოვრება დავიწყე. ჩხუბებიდან და ქუჩიდან გადავერთე. წიგნმა შემაძლებინა რომ გამოვსულიყავი ქუჩიდან და პროფესია ამერჩია.

ჯერ-ჯერობით ასეა... მერე რა მოხდება არ ვიცი... ყველაფერი წინ მაქვს. შვილი ახლა გამიჩნდა და ყველაფერი მინდა რომ თავიდან დავიწყო. ვნახოთ როგორ შევძლებ. მერე უკვე სხვა გმირებს შევედრები.

მაკა ზამბახიძე:

- ხშირად მამგვანებენ მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი-ს" მთავარ პერსონაჟს - სკარლეტს. ამ პერსონაჟს მართლაც ჩემნაირი ხასიათი აქვს: მიმნდობიც არის, - კარგი გაგებით ცუღლუტიც, - მხიარულიც, - მიამიტიც კი... ამ მიამიტობის გამო ცოტა შეცდომებსაც უშვებს ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს ისეთ ქალად იქცევა ყველა შეცდომას ერთიანად რომ აწორებს. მეუბნებიან გავხარო მაგრამ მე არ ვიცი რამდენად. მამაჩემი კი სიცილით მიმეორებს ხოლმე: სკარლეტს კი არა "ჭრიჭინას" გავხარო...

ანრი ჯოხაძე:

- ჩექმებიან კატას ვამსგავსებ საკუთარ თავს. იმიტომ, რომ ხშირად ზეიმებს ვუწყობ სხვებს, ისეთ რამეებს ვაკეთებ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ვახტები ხოლმე.

- ზურა ყიფშიძე:

- ბავშვობის ემოციებს თუ გავიხსენებთ, ჰეკლბერი ფინნი ხომ გახსოვთ?.. აი, სადღაც მანდ ვტირიალებ. მაშინ განსაკუთრებით მხიბლავდა ის რომ ბავშვებს აქვთ შტაბობანა, დამოუკიდებლობა, მაიმუნობა, აკრძაული ხილი... დიდობაში ეს გრძნობა ნელ-ნელა გაქრა, მაგრამ სიბერეში თითქოს ბრუნდება...

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)