ეკა მიშველაძე: "ასეთ უსუსურ არგუმენტს ჯანიკაშვილის გარდა ვერავინ მოიფიქრებდა" - კვირის პალიტრა

ეკა მიშველაძე: "ასეთ უსუსურ არგუმენტს ჯანიკაშვილის გარდა ვერავინ მოიფიქრებდა"

"ალბათ ეს უფრო ჯანიკაშვილის ემოციური განცხადება და პირადი აზრია, რადგან ამ განცხადებას არც იურიდიული ძალა აქვს და არც საფუძველი. თუ ასე მივყვებით, მისი ნათქვამის მიხედვით, საზოგადებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნახევრაზე მეტი, დღესვე, ჩემთან ერთად სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ..."

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩევლის, ბასა ჯანიკაშვილის განცხადებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება. - "ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიყავდეს პოლიტიკური გადაცემა. "გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს გაჰყვა ცოლად.

ეკა მიშველაძე:

- საქმე ის არის, გარდა იმისა, რომ ცოტა ირონიულად მომილოცა გათხოვება, მითხრა, რომ ცოტა უხერხულია, როდესაც ჟურნალისტი პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა, და თურმე ამის შემდეგ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ გაქვს... მას ამის მეტი არაფერი უთქვამს, მართალია, ძალიან გაუგებრად გამოთქვა აზრი, მაგრამ კონკრეტულად მაინც არ უთქვამს, რომ ჩემი გადაცემა დაიხურა. შესაბამისად, იმის თქმა, ასე ხელაღებით, რომ ჩემი გადაცემა დაიხურა, არ შეიძლება. მსგავსი უსუსური, უარგუმენტო და სასაცილო განცხადება არც მომისმენია. ამ განცხადებას არც იურიდიული ძალა აქვს და არც საფუძველი. ასეთ უსუსურ არგუმენტს ჯანიკაშვილის გარდა ვერავინ მოიფიქრებდა. ალბათ ეს უფრო ჯანიკაშვილის ემოციური განცხადება და პირადი აზრია, რადგან თუ ასე მივყვებით, მისი ნათქვამის მიხედვით, საზოგადებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნახევრაზე მეტი, დღესვე, ჩემთან ერთად, სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ...

- ამ განცხადების შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან არავინ დაგკავშირებიათ?

- არა, არავინ... ამიტომ მგონია, რომ ეს ბასას პირადი აზრი იყო.

- ვეცადეთ, მაგრამ ბასასთან დაკავშირება ჯერჯერობით შეუძლებელია...

- ალბათ რცხვენია, მეც შემრცხვებოდა... მსოფლიო მედიაშია ამის მაგალითები, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და ჟურნალისტები ქმნიან ოჯახს და შემდეგ ისინი წარმატებით აგრძელებენ მუშაობას. ასეთ "ბრალდებას" ვერ მივიღებ ვერასდროს და მეცინება კიდეც... ჟურნალისტიკის ხარისხი იმის მიხედვით კი არ განისაზღვრება, თუ ვინ ვისი ცოლია, არამედ, მისი პროფესიული უნარ-ჩვევებით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)