"ეს დანაშაულია!" - სახელმძღვანელო, რომელშიც აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებადაა გამოცხადებული - კვირის პალიტრა

"ეს დანაშაულია!" - სახელმძღვანელო, რომელშიც აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებადაა გამოცხადებული

"ტაში! გეოგრაფიის წიგნი, მე - 7 კლასი, რუსული სკოლა, თბილისი, საქართველო. აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ყირიმი კი - რუსეთი. განათლების სამინისტრო, ვერ გევიგე?"- ეს ჩანაწერი გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ფოტოებთან ერთად, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გიორგი შენგელიამ გამოაქვეყნა, რასაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა სახელმძღვანელო თბილისში მდებარე რუსულენოვან კერძო სკოლა "ინტელექტში" შეიტანეს. სკოლის დირექტორმა, ორესტ პესჩანენკომ "ნეტგაზეთთან" საუბარისას განაცხადა, რომ ვერაფერ საშინელს ხედავს იმაში, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად წერია.

"ეს პროვოკაციაა, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ამ წიგნს ჩვენს სკოლასთან კავშირი, არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი. თუმცა ამაში არაფერი საშინელი არ არის. თუ რამეა, შეგვიძლია შევცვალოთ, პრობლემა არ არის", - განაცხადა ორესტ პესჩანენკომ

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო რუსულენოვან სკოლა "ინტელექტს" გააჩნია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების გენერალური ლიცენზია, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2008 წელსაა გაცემული.

როგორც სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, სკოლა შექმნილია საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბავშვების სასწავლებლად, რომელთათვის რუსული ენა მშობლიურია.

"სკოლა უწევს ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურეობას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მშობლები მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა სამეწარმეო სფეროში, აგრეთვე ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც ბრუნდებიან და გადმოაქვთ თავისი საქმიანობა საქართველოში; დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების შვილებს. დღეისათვის სკოლაში სწავლობს 9 ქვეყნის 16 სხვადასხვა ეროვნების 315 ბავშვი", - წერია სკოლის ვებ-გვერდზე.

რეზო მიშველაძე, მწერალი:

- ამ ყველაფერზე ჩემი პასუხი არაორაზროვანია - ეს არის იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ხორციელდება ჩვენს სკოლებში. მაშინ, როდესაც საფრანგეთში არცერთი არაფრანგული სკოლა არ არის, ჩვენ თბილისში გვაქვს აზერბაიჯანული, რუსული და სომხური სკოლები. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ განათლების სამინისტროს შესაბამისმა განყოფილებამ კეთილი უნდა ინებოს და ჩახედოს იმ სახელმძღვანელოს, რომელშიც ასეა დამახინჯებული ისტორია. ესღა გვაკლია ახლა მოწაფეებს ვასწავლოთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდბელი სახელმწიფოებია, ეს ტრაგედია და დანაშაულია!

ამ ფაქტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც გამოეხმაურა, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლობენ მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომელშიც მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არსად არის დაფიქსირებული. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სასწავლო პროცესისთვის არის განკუთვნული. სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს ერთ-ერთ კერძო სკოლაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო, მათ შორის რუსული სექტორის სკოლები გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ თუმცა, აღნიშნული კერძო სკოლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, დამატებითი გამოიწერა გეოგრაფიის ატლასი, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდგ, მასში დააფიქსირა ცდომილებები და მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა სასწავლო პროცესში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ აუცილებლად იქნება შემოწმებული, გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)