ეკლესიაში, სადაც ქართველებს ლოცვას უშლიან, აზერბაიჯანელებმა "ბოევიკი" გადაიღეს - კვირის პალიტრა

ეკლესიაში, სადაც ქართველებს ლოცვას უშლიან, აზერბაიჯანელებმა "ბოევიკი" გადაიღეს

"საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდათ აზერბაიჯანელებს, ქვემო ქართლის უმთავრესი მეჩეთი დაკეტილი რომ იყოს (მეტიც, არცერთი მეჩეთი რომ არ იყოს მოქმედი) და იქ ასეთი გადაღებები იმართებოდეს?"

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა "ფეისბუქში" აქვეყნებს აზერბაიჯანული ფილმის პრომოვიდეოს და წერს:

"სულ ახლახან გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ვიგებთ, რომ აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, იქაურ ქართველთა უმთავრეს სალოცავში - ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიასა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსის - ლექართის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ფილმისა თუ სერიალისთვის გადაღებები უწარმოებიათ.

ერთი შეხედვით, ამაში მიუღებელი არაფერია. თუმცა კადრებიდან ჩანს, რომ მსახიობები არა მხოლოდ უდიერად ეპყრობიან ისტორიულ ძეგლებს, არამედ, მათდა უნებურად, ქართველ ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებსაც შეურაცხყოფენ. ისინი დახტიან ქურმუხის ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე, ძვრებიან ლექართის ერთ-ერთი ტაძრის სახურავზე...

თუმცა უპირველეს ყოვლისა აღმაშფოთებელია ის ფონი, რაც აზერბაიჯანში მდებარე ქართულ ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებით გვაქვს.

ასეთი გადაღებები ხდება მაშინ, როცა:

- ქართველებს ქურმუხში მღვდელმსახურების (ისიც მარტო პარაკლისის) ჩატარება წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე შეუძლიათ. ტაძარში შეუძლებელია არამცთუ წირვის ჩატარება, არამედ სხვა პერიოდებში მოძღვრის უბრალოდ ვიზიტიც კი.

- მთელ ჰერეთში, 7 ათასი ქრისტიანი ქართველისთვის, უკანასკნელ დრომდე მხოლოდ 1 მოქმედი ტაძარი იყო - კახის (ისტორიული კაკის) წმ. გიორგის ეკლესია.

- ეს ერთადერთი ტაძარიც ბოლო რამდენიმე თვეა მოძღვრის გარეშეა დატოვებული. იქ მოღვაწე მღვდელს აზერბაიჯანში აღარ უშვებენ.

- ლექართის უზარმაზარი მონასტერი (აქ 10-მდე ეკლესიაა) პრაქტიკულად დაკეტილია ქართველი სპეციალისტებისა და ტურისტებისთვის. იქ, პირდაპირი გაგებით, ქართველებს არ უშვებენ.

და ასეთ ფონზე ნებადართულია ასეთი გადაღებები!

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდათ აზერბაიჯანელებს, ქვემო ქართლის უმთავრესი მეჩეთი დაკეტილი რომ იყოს (მეტიც, არცერთი მეჩეთი რომ არ იყოს მოქმედი) და იქ ასეთი გადაღებები იმართებოდეს?

ეს ყველაფერი აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების "დამსახურებაა".

ფაქტია, რომ მხარეები არაფერს აკეთებენ აზერბაიჯანში მცხოვრები ქრისტიანი ქართველების რელიგიური უფლებების დასაცავად.

ამით უპირველესად საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვავნებთ და ჩვენს საერთო მტერს ვახარებთ!

პ. ს.

მას შემდეგ, რაც ეს ვიდეო საქართველოში გავრცელდა, სასწრაფოდ გააქრეს "იუთუბიდან." ანუ შესაძლებელი ყოფილა მყისიერი რეაქციები, არა? რატომ სხვა საკითხებს არ ვაგვარებთ ასე მყისიერად?"

ვიდეო