"დამეხმარეთ, მიშველეთ, შვილი მაპოვნინეთ" - 14 წლის მოზარდს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ - კვირის პალიტრა

"დამეხმარეთ, მიშველეთ, შვილი მაპოვნინეთ" - 14 წლის მოზარდს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

"იმედია, ცოცხალი მყავს შვილი და დაღუპული არ ვარ..."

14 წლის დათო ლურსმანაშვილს, მშობლები 29 აგვისტოდან მოყოლრბული ეძებენ. ბიჭი, მშობლებთან და ძმასთან ერთად, რუსთავში ცხოვრობს. ის მე-9 კლასელია. "29 აგვისტოს, საღამოს დათომ დედამისს 1 ლარი გამოართვა და რუსთავში ინტერნეტკაფეში წავიდა.  იმ საღამოს სახლში აღარ მოსულა. დათო ადრეც მიდიოდა ხოლმე სახლიდან, თუმცა 2-3 დღეში უკან ბრუნდებოდა, ეს მისი პირველი შემთხვევაა, როდესაც უკვე ერთი კვირაა სახლში აღარ დაბრუნებულა. სოფელში, ხარაგაულის რაიონშიც დავრეკე და ყველგან, სადაც შეიძლებოდა მოვიკითხე, თუმცა, შვილს ვერ მივაგენი", - განაცხადა ბიჭის მამამ გოჩა ლურსმანაშვილმა.

ჩვენ დაკარგული მოზარდის დედას დავუკავშირდით:

ნათია ლურსმანაშვილი:

- ერთ კვირაა არ გვიძებნია, ვერ ვჭამთ, ვერაფერს ვაკეთებ, დახოცილები ვართ , იმის მოლოდინით, რომ ჩემი შვილი ახლა შემოაღებს კარს-მეთქი, მაგრამ არ ჩანს... დამეხმარეთ, მიშველეთ, შვილი მაპოვნინეთ, თორემ უკვე სიგიჟის ზღვარზე ვართ. არავის ვუსურვებ ამ მდგომარეობაში ყოფნას, როცა არ იცი შენი შვილი სად არის...

- რას ფიქრობთ, სად შეიძლება იყოს? გაბრაზებული ხომ არ არის ოჯახზე?

- არა, ბაზარში ვიყავი, რომ მოვიდა და მითხრა, ერთი ლარი მოემცი, დედაო. ინტერნეტკაფეში მიდიოდა. შაბათი დღე იყო... რატომ გათენდა ის დღე, მას მერე აღარ მოსულა ჩემი შვილი სახლში.

- მეგობრები რას ჰყვებიან?

- ისინიც გაოცებული არიან, ადრე რამდენიმე დღით დარჩენილა მეგობრებთან, მაგრამ ამის შესახებ ვიცოდით. სხვა არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. მადლობა ღმერთს, არ გვიჭირს ოჯახში. მე და ჩემი მეუღლე ორივე ვმუშაობთ და ბავშვებს რაც შეგვიძლია არაფერს ვაკლებთ. მეგობრებისგან ვიცი, რომ კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ვერაფერზე ვფიქრობ... იმ მეგობრებს, ვისთანაც ღამე რჩებოდა, ყველას ოჯახებით ვიცნობთ, წესიერი და ზრდილობიანი ბაშვები არიან, მაგრამ ახლა მგონია, რომ ვიღაცამ გამიჭირა ჩემი შვილი, რადგან ძალიან ალალი და უთქმელი ბავშვია...

- რას ნიშნავს, "გამოიჭირა?"

- ეტყობა, იმას აკეთებინებენ, რაც თვითონ უნდათ და დათო ვერაფერს ამბობს... ახლახან გავიგე, რომ იმათთან ერთად უნახავთ, ვინც ადრე ბევრჯერ ჩამოვაშორე, მაგრამ ეტყობა, ბოლომდე ვერ ჩამოვაშორე. მეტი რა ვიფიქრო, შვილო, კარგზე რანაიარად ვიფიქრო?.. ის ბიჭები, ვისთან ურთიერთობასაც ვუშლიდი, ბოლოს ისანში ნახეს, ასევე ინტერნეტკაფეში, მაგრამ შემდეგ, მათ კვალს ვერ მიაგნეს.

- ის ბიჭები, ვისზეც ეჭვი გაქვთ, რუსთაველები არიან?

- ნაწილი კი, მაგრამ ყველა - არა... ორი ეროვნებით ქურთია, ისინი მაეჭვებენ ყველაზე მეტად.

- ვიცი, რომ უფროსი ბიჭი გყავთ, არც მასთან უსაბრია ?

- არა, კი იყო გულჩათხრობილი, მაგრამ ძმებს დამალული არაფერი ჰქონდათ... დათო ძალიან ნიჭიერი, თავისი ასაკისთვის ნაკითხი და განათლებული ბავშვია. ძალიან კარგად სწავლობს და საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, იმედია, ცოცხალი მყავს შვილი და დაღუპული არ ვარ...

- იმ ინტერნეტკაფეში ნამდვილად იყო იმ დღეს მისული? მარტო იყო, ან იქნებ ვინ ახლდა?

- ჩემი მეუღლე იყო იქ მისული და ასე უთქვამთ, - აქ რამდენი ვინმე შემოდის, ყველას ხომ ვერ დავიმახსოვრებთო. ვიდეოთვალი ჯერჯერობით არ გვინახავს და არც ვიცი, კანონით შეიძლება თუ არა, რომ ჩვენც გვანახონ...

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართლამდაცველები მოზარდს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებენ.

თუ ვინმეს შემთხვევით შეგხვდათ  დათო ლურსმანაშვილი, დარეკეთ ნომერზე: – 595 221436.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)