"მწერალი, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებულად უყვარდა" - რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მწერალი, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებულად უყვარდა" - რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

"ყველაზე მეტად თვალში მხვდება გულგრილობა... გულგრილობა არა მარტო ერთმანეთის, საკუთარი ქალაქის, სოფლის მიმართაც... ამას ვერასდროს შევეგუები. ახლაც კი, ქუთაისში ჩავალ თუ არა, პირველად ბაღში მივდივარ. გადავათვალიერებ - ვინ ზის, რა სიტუაციაა. შემდეგ რიონს უნდა გადავხედო. ვიდრე ამას ვაკეთებ, გული გამალებით მიცემს". - ბრძანა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ უკანსკნელ ინტერვიუში.

ქართული მწერლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დღეს დილით, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი რეზო წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იყო მწერალთა კავშირის მდივანი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრესინფორმაცია") სცენარის ავტორი. დაწერილი აქვს მრავალი რომანი, მოთხრობა, პუბლიცისტური ნაწარმოები. არის შოთა რუსთაველის სახელობის ლაურეატი. 2012 წელს კი მიიღო პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

რეზო ჭეიშვილის თხზულების, "ცისფერი მთების"მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ. "ცისფერი მთები"კინოკლასიკის შედევრად იქცა.

"ცისფერი მთები"ხშირად გვახსენებს თავს. ჩვენი ყოფის ირონია საშუალებას არ გვაძლევს, მასში დასმული პრობლემები უგულებელვყოთ. კვლავ ამოვიცნობთ საკუთარ თავს პერსონაჟების ზერელე საუბარსა თუ ქაოსურ საქციელში, მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლის საფრთხე მუდამ თან დაგვდევს, უარს ვერ ვამბობთ ძვალსა და რბილში გამჯდარ ნაკლსა თუ ცდუნებებზე. "გაიტანეთ, გაიტანეთ გრენლანდია!!!" ისევ ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ - "ცისფერი მთები"დღემდე მნიშვნელოვანია.

მისი გახსენება, მის უახლოეს მეგობარს კინოფილმ "ცისფერი მთების" რეჟისორს ელდარ შენგელაიას ვთხოვეთ:

- არ ვიცი, რა გითხრათ, რეზო ჩემი უახლოესი მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში ლაპარაკი. "ცისფერი მთები" ხომ მისი შექმნილია, "სამანიშვილის დედინაცვალზეც" ერთად ვიმუშავეთ. რეზო გენიალური მწერალი და სცენარისტი იყო.

- ბატონი რეზოს ერთ-ერთი შედევრია "ცისფერი მთები", სადაც იმ პერიოდის მწარე სიმართლეა გადმოცემული. არ იყო საშიში მაშინ ამ ყველაფრის დაწერა?

- რეზო ვაჟკაცი კაცი იყო, არასოდეს არ ერიდებოდა სიმართლის თქმას. ამის ნათელი დადასტურებაა "ცისფერი მთები", რომელშიც საბჭოთა სინამდვილეა გაშიშვლებული. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ეს კინოფილმი აკრძალულიც იყო, შემდეგ შევადნაძის ჩარევით ისევ დართეს ფილმის ჩვენების ნება. რეზოს გენიალური სცენარის დამსახურებაა, რომ ეს ფილმი კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, რეზოს დამსახურებაა ისიც, რომ "სამანიშვილის დედინაცვალი" ქაიროს კინოფესტივალზე წარდგა

ის ჩუმი ადამიანი იყო, მაგრამ თავის სიჩუმით ხმაურობდა. ის იყო მწერალი, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებულად უყვარდა, ეს მის ყველა ნაწარმაოებში ჩანს. თავის სათქმელს ნაწარმოებებით ამბობდა, მისი ყველა სიტყვა ფასეული და გენიალურია. რეზო ჭეიშვილი მხოლოდ ლიტერატურას არ დაკლებია, ის ყველა სფეროს დააკლდა, მისი გარდაცვალება მთელი საქართველოსათვის უდიდესი დანაკლისია. თამამად ვიტყვი, რეზო ჭეიშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდედი კლასიკოსი იყო.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ რეზო ჭეიშვილის "კვირის პალიტრისთვის" 2014 წელს მიცემული ინტერვიუ