"ამ ბავშვის აყვანის უფლებას თუ არ მომცემთ, სხვა მაშვილებინეთ" - კვირის პალიტრა

"ამ ბავშვის აყვანის უფლებას თუ არ მომცემთ, სხვა მაშვილებინეთ"

ჩვენ შენ გელოდებით, პატარავ!"

"ზოგჯერ, განსაკუთრებით კი უცხოურ სამშვიდობო მისიებში ყოფნისას, ოცნებას ვიწყებ. 13 წელია მე და ჩემი მეუღლე პატარას ამაოდ ველით. ჩემი ცხოვრება ბეწვის ხიდზე სიარულია, იქნებ ერთ დღესაც უკან ვეღარ დავბრუნდე და თუ ეს მიწერია, მინდა მანამდე ვიცოდე, რომ მყავს შვილი, ვინც მამის მაგალითზე კარგ კაცად ან ქალად გაიზრდება" - გამიმხილა სენაკის მეორე ბრიგადის კაპრალმა გიორგი ლურსმანაშვილმა.

გიორგი ლურსმანაშვილი და მარინე კაპანაძე 2010 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდნენ შვილად აყვანის მსურველთა უგრძელეს სიაში. ახლა მესამასეები არიან რიგში.

გიორგი ლურსმანაშვილი:

- 39 წლის ვარ, მეუღლე - 41-ის. დრო მიდის, ასაკი გვემატება. რიგი ვინ იცის, როდის მოგვიწევს. რამდენიმე თვის წინ ერთ პატარა ქალაქში ქუჩაში მიგდებული ჩვილი იპოვეს. ბედის ირონიაა, როდესაც მე და ჩემი ცოლი და სხვა ასობით წყვილი შვილზე ვოცნებობთ, ვიღაცას მიეცა დედობისა და მამობის სიკეთე და უარყო. პატარა ერთ-ერთ ჩვენს ახლობელს ჰყავს მიბარებული მინდობით აღსაზრდელად. სახელმწიფო ამ ტიპის მომსახურებაში ფულს იხდის. როდესაც იმ პაწიას ვნახავ ხოლმე, საოცრება მემართება, ვიხუტებ, ვეფერები. სამწუხაროდ, შესაბამისმა სამსახურებმა, რომლებიც ბავშვების შვილად აყვანის საკითხებს კურირებენ, გამოგვიცხადეს, რომ ჩემი ჯარისკაცობის გამო რიგს ვერ დაარღვევენ და ბავშვს ვერ მომაშვილებენ. მე არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ კანონის დაცვასაც ვემსახურები, მაგრამ თქვენი გაზეთის დახმარებით მივმართავ სახელმწიფოს: ნუთუ არ შეიძლება ერთი ჯარისკაცისთვის, რომელსაც ძალიან სურს გახდეს მამა, დაუშვათ გამონაკლისი? ამ ბავშვის აYყვანის უფლებას თუ არ მომცემთ, სხვა მაშვილებინეთ. მოვიარე ავღანეთი, აფრიკა, ვიბრძოდი 2008 წლის ომში და ყველა ურთულესი ვითარების დროს, წამითაც რომ მიყუჩებულიყო ომის ხმა, ვნატრობდი მხოლოდ ერთზე - შინ შვილი დამხვედროდა."

შეუძლია თუ არა სახელმწიფოს გამონაკლისის დაშვება ჯარისკაცისთვის? - "კვირის პალიტრამ" ამ კითხვით მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა, მზრუნველობა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს, რომლის წარმომადგენელმა, მარიამ წერეთელმა, გვიპასუხა: - არსებობს თუ არა გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია რიგგარეშე გაშვილდეს ბავშვი? არსებობს, თუ გაშვილება ხდება ნათესავებს შორის, გერი აჰყავთ შვილად ან ბიოლოგიური მშობელი პირდაპირ უცხადებს თანხმობას მშვილებელს. ჯარისკაცის პროფესიის გამო გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბავშვს, რომლის შესახებაც გიორგი ლურსმანაშვილი ბრძანებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მინდობით აღზრდაშია, ჩვილს სახელმწიფო მეურვეობს და მის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. შესაძლოა, ამ პატარას არც კი ჰქონდეს გასაშვილებლის სტატუსი, რაც ვერ ეცოდინება მინდობით აღმზრდელს. თუ სტატუსი აქვს, ის კანონის შესაბამისად გაშვილდება.

- რა შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი?

- შესაძლოა გამოყვანილი იყოს ოჯახიდან, რომელსაც მატერიალურად ძალიან უჭირს, მაგრამ ჩვენ ვაძლიერებდეთ ამ ოჯახს ბავშვის დასაბრუნებლად, რადგან ყველა პატარამ ბიოლოგიურ ოჯახში უნდა იცხოვროს. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება შეუძლებელია, მასზე სახელმწიფო ზრუნავს და ვმუშაობთ მისთვის სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნაზე. შესაძლოა, მშობელს ჰყავდეს დროებით დატოვებული და იგეგმებოდეს მისი ოჯახში დაბრუნება, შესაძლოა, ნაპოვნია, მაგრამ ჩასატარებელია პროცედურები: ბავშვის რეგისტრაცია, მიტოვებულად აღიარება. მიზეზი უამრავია.

შვილად აყვანის მსურველთა რიგში 3122 ადამიანი დგას

დღეს ბავშვის შვილად აყვანის მსურველთა რიგში დგას 3122 მშვილებელი ოჯახი/პირი.

გასაშვილებელი სტატუსი აქვს 194 ბავშვს. მათგან 118 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ამიტომაც მათ შვილად აყვანას არ ითხოვენ. დარჩენილი 76 ბავშვიდან 25, ათ წელს გადაცილებული ბავშვი, უარს ამბობს გაშვილებაზე, თუ ისინი სურვილს შეიცვლიან, სახელმწიფო მზად არის, მათ დაეხმაროს მშვილებლების მოძიებაში. დანარჩენი ბავშვებიდან სხვადასხვა მიზეზით, მშობლის გამოჩენის ან ნათესავის სურვილის გამო, 9 მოზარდს დროებით შეუჩერდა გასაშვილებელი სტატუსი. იმის გამო, რომ გარდატეხის ასაკში არიან, დანარჩენების შვილად აყვანის მსურველი არ ჩანს.

2012 წელს სულ გაშვილდა 283 ბავშვი, 2013-ში - 219, 2014 წელს - 178, 2015 წლის ივნისის მონაცემებით კი 65 გაშვილების ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში შვილად აყვანა მოხდა არა მხოლოდ რიგითობის, არამედ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც.