"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან - კვირის პალიტრა

"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან

"ახლა ვიწყებ მუშაობას ტილოზე რომელიც მიეძღვნება 13 ივნისის ტრაგედიას"

დღეიდან, 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული თბილისის ზოოპარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. სიმბოლურია, რომ მისი ეს სიცოცხლე 13 სექტემბერს, სტიქიას შეწირული ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძის დაბადების დღეს იღებს სათავეს (იხილეთ ასევე). გთავაზობთ ინტერვიუს ზოოპარკის დიზაინერ, მხატვარ სოფია თათარაშვილთან, რომელმაც ზოოპარკის დასახმარებლად საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

- ზოოპარკის დიზაინერი ვარ, ზოოპარკის თანამშრომლებმა ყველაზე მძიმედ 13 ივნისის ტრაგედია განვიცადეთ. ძალიან მძიმედ მახსენდება და ხშირ შემთხვევაში არც ვსაუბრობ ამ თემაზე. ცრემლების გარეშე ჩემთვის რთულია 13 ივნისის ტრაგედიის გახსენება... იმ საღამოს ჩემს ქუჩაზე შუქი არ იყო, რის გამოც არ ვიცოდი რა ხდებოდა ქალაქში. შემთხვევით წავაწყდი სტატუსს "ფეისბუქზე", - ქუჩაში ლომიაო, - გაზვიადებული ამბავი მეგონა, შემდგომ დამირეკა მეგობარმა და უკვე დავეჭვდი, დავუკავშირდი ჩემს თანამშრომელს და იმ სიტყვების გახსენებაზე, რაც მან მითხრა ცივი ოფლი მასხამს. სულ სამი სიტყვა, რომელიც ძალიან მძიმე და ტრაგიკულია - ზოოპარკი აღარ არის. ადგილზე მისულს გაცილებით უარესი სურათი დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა, ადგილი სადაც რამოდენიმე საათით ადრე სიცოცხლე დუღდა და ბავშვების ჟრიამული ისმოდა, რეალურად აღარ არსებობდა. ყველაფერი ტალახით იყო დაფარული. ზოოპარკის ცხოველების თითქმის ნახევარი დაიხოცა. გარდაიცვალა ჩვენი სამი საუკეთესო თანამშრომელი, რომლებაც მთელი შეგნებული ცხოვრება ზოოპარკს შესწირეს. წარმოდგენაც არ მინდა იმ საღამოს ხალხმა რა ტანჯვა გამოიარა. 13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა, წვიმის ხმასთან ერთად განწირული ხმები ჩამესმის ადამიანების და ცხოველების რომლებიც შველას ითხოვენ. 14-ში ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოებში მონაწილეობის პარალელურად მივხვდი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არ იყო და შემეძლო უფრო მეტით დავხმარებოდი ჩემს საყვარელ ზოოპარკს, ამიტომ გადავწყვიტე მომეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა სრულიად გადამეცა ზოოპარკისთვის, რომელიც მოხმარდებოდა მის რეაბილიტაციას და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა იმ მძიმე დღეებს ბ-ნ ზურაბ გურიელიძეს, რომლისთვისაც ზოოპარკი და ცხოველები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზურას მსგავსი პროფესიონალები იშვიათია. ბედნიერი ვარ, რადგან მომიწია ბატონ ზურასთან და ზოოპარკის თანამშრომლებთან მუშაობა. ბოლო დროს სერიები შევქმენი ცხოველებზე. მინდოდა გადმომეცა მათი ინდივიდუალიზმი და ხასიათები. კონკრეტული ჩვენი ზოოპარკის ცხოველები არ დამიხატავს. თუმცა ახლა ვიწყებ მუშაობას ტილოზე რომელიც მიეძღვნება 13ივნისის ტრაგედიას.

- სოფია, ოროდე სიტყვა, იქნებ, შენზეც გვითხრა?

- ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. ეს არ იყო მარტო ბავშვური გართობა, ეს იყო ის პროცესი, რომლის გამოც შემეძლო მთელი დღე სახლში ვმჯდარიყავი, ყველა თამაშზე უარი მეთქვა და მეხატა. სტიმული ჩემმა დამ მომცა, რომელიც ბავშვობაში ძალიან კარგად ხატავდა. გუაშებში პირველად 4 წლისამ დავხატე. ძალიან მომთხოვნი ვარ სკაუთარი თავის მიმართ. იმ დროს შეიძლება ვერც გავაცნობიერე რაოდენ კარგი ნახატები დავხატე, თუმცა გავიდა დრო და ეხლა უკვე პროფესიონალის თვალით დანახული ჩემი ბავშვობის ნახატებზე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო უბრალო ფანქრის მოსმა, არამედ ეს იყო კარგად გააზრებული ნამუშევრებია.

- ამიტომაც აღმოჩნდა ნამუშევრები გამოფენებზე…

- ბავშვობიდან ჩართული ვიყავი გამოფენებში. პირველი ჩემი დიდი ნაბიჯი საბავშვო ჟურნალ "თეთრი წეროს" წყალობით გადავდგი. ეს ჟურნალი გაერო-ს ეგიდით გამოდიოდა. 5 წლის ვიყავი როდესაც მივედი "თეთრი წეროს" რედაქციაში და მივიტანე ჩემი ნახატი. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, თუმცა საბოლოოდ ჩემი ნამუშევარი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა... შემდგომ მოეწყო ჟურნალ "თეთრი წეროს" და გაერო-ს მიერ მოწყობილი ერთობლივი გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე თითოეულ მონაწილეს ორი ნამუშევრის გატანის უფლება ჰქონდა. გამოფენის ორგანიზატორებმა გადაწყიტეს, რომ ნამუშევრებზე ავტორები არ მიეწერათ, რადგან გამოფენა-გაყიდვა იყო და ვინმეს არ ჰგონებოდა, რომ მიკერძოებულად იყიდებოდა ნამუშევრები. გამოფენაზე გაიყიდა სულ ორი ნახატი და ორივე ჩემი... ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან დიდი სტიმული მომცა ამ გამოფენამ... ნამუშევრები სულ 40 დოლარი გადაიხადეს. მაშინ ეს ძალიან დიდი თანხა იყო. "როლიკები" ვიყიდე, დარჩენილი თანხა კი ამაყად გადავეცი ოჯახს. შემდგომ სისტემატიურად ვიღებდი რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას. მქონდა გამოფენა გერანიაში, საფრანგეთში და ორჯერ თურქეთში. მოწყობილი მაქვს 9 პერსონალური გამოფენა. მომავლისთვის დიდი გეგმები მაქვს. თვის ბოლოს ამერიკაში მივდივარ. მინდა მოვაღწიო წარმატებას და ჩემი შესაძლებლობები საქართველოს მოვახმარო. მინდა, რომ მსოფლიომ საქართველო უფრო უკეთ გაიცნოს და ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)