"ძალიან ბედნიერი ვარ!" - "მის პლანეტა" - გოგონა, კონკიას ისტორიით - კვირის პალიტრა

"ძალიან ბედნიერი ვარ!" - "მის პლანეტა" - გოგონა, კონკიას ისტორიით

"სკოლა დავამთავრე თეთრ წყაროში. მყავს დედ-მამა და და-ძმა. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მამაჩემი ხელოვანია, მხატვარი და ამჯერად ძეგლთა დაცვის თანამშრომელია. დედა კი სპორტსმენია, ახლა სკოლაში სპორტის პედაგოგად მუშაობს".

12 სექტემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამოდელო სააგენოტო "კატრინი"-ს ორგანიზებით "მისს პლანეტის" მსოფლიო ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს 25-მდე ქვეყნის გამარჯვებული კონკურსანტი შეეჯიბრნენ. ჩვენს ქვეყანას ამ მნიშვნელოვან კონკურსზე, სამოდელო სახლ "კატრინის" მოდელი 18 წლის თინათინ (თიკა) ბაბლუანი წარმოადგენდა. (ფოტოგალერეა)

გამარჯვებულის გამოცხადებისას გაირკვა, რომ სხვა გოგონებს თინათინ ბაბლუანზე ნაკლებად გაუმართლათ. საერთაშორისო ჟიურიმ, (რომელშიც ქართველი წევრებიც იყვნენ) სხვებს სწორედ ქართველი ლამაზმანი არჩია. 2015 წელის განმავლობაში თინათინ ბაბლუანი პლანეტის ყველაზე ლამაზი მისის წოდებას ატარებს. მეორე და მესამე ადგილები კი შვედეთისა და ლიტვის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.

თიკა ბაბლუანი:

- ერთდროულად დიდ სიხარულსა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ბევრი ლამაზი გოგო მონაწილეობდა ამ კონკურსში, რას წარმოვიდგენდი თუ მათ შორის გამომარჩევდნენ. "მის პლანეტის" ტიტულის ტარება ნებისმიერი გოგოს ოცნებაა. საბედნიეროდ, ჩემი ოცნება ახდა.

- თიკა, მანამდე თუ გქონდა პოდიუმზე დგომისა და სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება?

- 2011 წელს საქართველოში გავხდი "ვიცე მის თინეიჯერი", ხოლო ორი წლის შემდეგ, სილამაზის კონკურსზე "მის ევროპელი", რომელიც მალტაში ჩატარდა, "ევროპის ვიცე პრინცესას" ტიტული მოვიპოვე.

- გვიამბე შენს შესახებ.

- გავიზარდე და სკოლა დავამთავრე თეთრ წყაროში. მყავს დედ-მამა და და-ძმა. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მამაჩემი ხელოვანია, მხატვარი და ამჯერად ძეგლთა დაცვის თანამშრომელია. დედა კი სპორტსმენია, ახლა სკოლაში სპორტის პედაგოგად მუშაობს.

მოდელის ცხოვრებაზე, დეფილეებზე და ჩვენებებზე, ბავშვობიდან ვოცნებობდი. ამის საშუალება არასდროს გვქონდა, დედაჩემი რაღაც კაბებს გადამიკეთებდა, გვერდებს გამოკერავდა, კიბეები გაქვს სახლში და იმაზე ავდი-ჩავდიოდი ხოლმე საოჯახო ჩვენებებისას. ახლა მეც ვისწავლე კერვა, წამებში ისე მოვირგებ ნებისმიერ კაბას, როგორც მე მინდა.

- დიდი ხანია, რაც თქვენი ოჯახი სოციალურად დაიცველის სტატუსით სარგებლობს?

- ადრე ვსარგებლობდით, მერე შეგვიწყვიტეს, ქულები არ გვეყო, ახლახანს, ისევ აღვიდგინეს. დედა სულ მგულშემატკივრობდა, მასაც ჩემსავით უნდოდა ოცნება რომ ამხდენოდა. 6 წლის წინ პირველად შევხვდი "კატრისნის" ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს, კრისტი ყიფშიძეს და ნინი შერმადინს. ისინი ჩვენს რაიონში იყვნენ ჩამოსული და ბავშვებს არჩევდნენ. ამ შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მიხარია, რომ ეს ადამიანები დღეს "ჩვენს აღმოჩენას" მიწოდებენ. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა... გვერდში დგომასა და მიზნისკენ სწრაფვაში "კატრინის" ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი დამეხმარა. ის ჩემი მეორე დედაა. მან წამომიყვანა თბილისში, მან მასწავლა ყველაფერი ის, რაც პროფესიონალ მოდელს სჭირდება და თბილისში ყოფნისასაც მასთან ვცხოვრობ ხოლმე. როდესაც მეცადინეობები გვქონდა, ან რაიმე კონკურსი, ქალბატონი ეკა მიგზავნიდა ხოლმე სამგზავრო ფულს და ისე ჩამოვდიოდი.

წელს სტუდენტი გავხდი. მოდელობის გარდა ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი მაინტერესებს. შავი ზღვის უნივერსიტეტში მოვხვდი. მიხაროდა, რომ წელს ჩემი სტუდენტური ცხოვრება იწყება. "მის პლანეტის" ფინალმა კი უფრო მეტად გამახარა. სწავლის პარალელურად, რაღა თქმა უნდა, რომ სამოდელო კარიერაზეც განვაგრძობ ზრუნვას.

ძალიან ბედნიერი ვარ!

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფოტოგალერეა