ქართველი სიამის ტყუპი ერთმანეთისგან დააცალკევეს - ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა - კვირის პალიტრა

ქართველი სიამის ტყუპი ერთმანეთისგან დააცალკევეს - ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" პირველად გამოაქვეყნა სტატია (იხილეთ: პირველი ქართველი სიამის ტყუპი სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს) ქართველ სიამის ტყუპზე, რომელთაც ურთულესი ოპერაციის ჩასატარაგებლად დახმარება სჭირდებოდათ. და აი, უკვე ვიგებთ, რომ ოპერაცია გერმანელმა სპეციალისტებმა წარმატებით ჩაატარეს.

მედიცინის სფეროს ერთერთი სენსაცია, რომელზეც მსოფლიო ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებს, გერმანიაში ჩატარებული ოპერაციაა, რომლის გმირები ქართველი, ექვსი თვის პატარები არიან.

სტატიას ამის შესახებ გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს.

თამარი და თებროლე ერთმანეთისგან დაცალკევებამდე

ოპერაცია ხუთი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექვსი თვის სიამის ტყუპი თამარი და თებროლე წარმოუდგენელი ოსტატობის, შეუდარებელი პროფესიონალიზმის შედეგად, ერთმანეთს დააცალკევეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და როგორც პროფესორი ტომას ბოემერსი ამბობს, გოგონები აბსოლიტურად ჯანმრთელები იქნებიან. ჯანსაღი და შეუზღუდავი იქნება მათი ცხოვრების მომავალი.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მთავარი სირთულე ღვიძლის გაყოფა და ახალშობილების მუცლის კედლების დახურვა იყო. პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე პაციენტს ნარკოზი ერთდროულად, აბსოლიტურ სიზუსტით მიწოდებოდა.

81 000 ევროდ ღირებული ოპერაცია შემოწირულობით დაფინანსდა. დაფინანსება, სამწუხაროდ ქართველ პაციენტებზე ვერ იმოქმედებდა. ოპერაციას ქირურგიდან დაწყებული , ექთნით დასრულებული ყველა ზედმიწევნით პასუხისმგებლობიტ მოეკიდა.

175 დღე იცოცხლეს გოგონებმა ისე, რომ ერთმანეთთან იყვნენ შესისხლხორცებულნი. დღეს კი მათ კიოლნის ბავშვთა კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განცალკევებულ საწოლებზე სძინავთ.

ეს ოპერაცია მთელი სამედიცინო სფეროს სენსაცია და წარმატებაა, 32 წლის ქართველი დედისთვის კი გამარჯვება - იგი ხომ ექვსიოდე თვის წინ, სასოწარკვეთილი, იმედგადაწურული იყო და მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა. ეს ოპერაცია მისთვის ნატვრის ახდენა, მეორედ დაბადებაა. "ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლის პოზიცია, რწმენაა", ამბობს გერმანელი პროფესორი,- "ეს რომ არა, უძლურნი ვიქნებოდით. მან დიდი და პრობლემებით სავასე გზა გამოიარა საქართველოდან გერმანიამდე, შეუძლებელი შეძლო და კიოლნის კლინიკის ექიმებს ანდო ტყუპის სიცოცხლე. მისი რწმენა ჩვენც ძალას გვმატებდა".

ტყუპის ოპერაციის დასრულებას, საქართველოში მამა, ნათესავები და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. მათ დაბრუნებას ორი წლის დაიკო თეკლაც ელის.

მათი მდგომარეობა სტაბილურად, დღითიდღე უმჯობესდება. "ჭრილობების კვალიც კი არ დარჩებათ, ნორმალური დამოუკიდებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ექნებათ, შეძლებენ განვლონ ცელქი, ონავარი ბავშვობა, მართონ ველოსიპედი, ფეხშიშველებმა მოირბინონ მინდორ-ველი, იცეკვონ",-

აცხადებს პროფესორი ტომას ბუმერსი და "საიუველირო ოსტატობის" კვალზე - გოგონების მუცელზე მიუთითებს,- "იმედია ლამაზი, დახვეწილი გამომივიდა. არც გარუჯვის შერცხვებათ და თუ მოისურვებენ, მოდელებიც გაოვლენ," ხუმრობს და პატარებს ისევ ეფერება პროფესორი. ემოციას გერმანელი ჟურნალისტებიც ვერ მალავენ. ამიტომაცაა, ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას, ავტორი ამგვარად ამთავრებს: "პროფესორი ისეთი სითბოთი, სიყვარულით ეფერება პატარებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიყვარულია პროფესიონალიზმის სათავე. ერთი მერორეს ვერ გამორიცხავს, ორივე ერთად კი გმირობის ტოლფასი ხდება".

ambebi.ge