"იაპონელებმა დროის ფასი ვიცით, ქართველებს კი დაგვიანება გიყვართ" - კვირის პალიტრა

"იაპონელებმა დროის ფასი ვიცით, ქართველებს კი დაგვიანება გიყვართ"

"იაპონელები რჩევას თუ მოგცემენ, იმასაც დიდი მოწიწებით და თან დასძენენ, რომ ეს მისი აზრია და, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო"

ყვარელში ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ ილიას სახლ-მუზეუმს ვესტუმრო. ამ ზაფხულსაც შვილთან ერთად გახლდით. დამთვალიერებლებს შორის რამდენიმე უცხოელიც შევნიშნე. მათ შორის ორიოდე წლის იაპონელი ბიჭუნა, რომელიც დარბაზებს გულიანი სიცილით იკლებდა. უცებ ბავშვთან მამა მივიდა და ჩემდა გასაოცრად ქართულად მიმართა - " შოთა, ნუ ცელქობ." როცა გაოცების ტალღამ გაიარა, იაპონელს გამოველაპარაკე. ქართულად ისე გამართულად მეტყველებდა, ბევრ ქართველს შეშურდება. ბატონი კოჯიმა იასუჰირო ენათმეცნიერი, კერძოდ, კავკასიოლოგი აღმოჩნდა. ამჟამად საქართველოში იაპონიის საელჩოში ატაშედ მუშაობს. ყვარელში ცოლ-შვილთან ერთად რამდენიმე დღით დასასვენებლად იმყოფებოდა. ინტერვიუზე შევთანხმდით და თბილისში შეხვედრის პირობით ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

დათქმულ დღეს რედაქციაში ბატონი იასუჰირო მეუღლესთან, მედეა გოცირიძესა და შვილთან, 2 წლის შოთა კოჯიმასთან ერთად გვესტუმრა. ინტერვიუმ შოთას გულიანი სიცილისა და ცელქობის ფონზე ჩაიარა. შიგადაშიგ თვითონაც გვერთვებოდა და ქართულად გვეტიტინებოდა.

კოჯიმა იასუჰირო:

- ტოკიოს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. კავკასიური ენების შესახებ უნივერსიტეტში შევიტყვე და ქართულთან ერთად სხვა ენებიც შევისწავლე. მათ შორის ჩეჩნური, აფხაზური, ოსური, მეგრული. თქვენს ქვეყანაში პირველად 2000 წელს ჩამოვედი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ასპირანტურაში ვსწავლობდი. პარალელურად, უნივერსიტეტში სტუდენტებს იაპონურს ვასწავლიდი. ჩემი მომავალი მეუღლეც უნივერსიტეტში გავიცანი, ის იაპონური ენის სპეციალისტია... საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და ქორწინებით დაგვირგვინდა, რომელიც დღემდე ბედნიერად გრძელდება. 2002 წელს ვიქორწინეთ და იაპონიაში გავემგზავრეთ, სადაც 10 წელი ვცხოვრობდით. შოთა იაპონიაში დაიბადა. 5 თვის იყო, როცა საქართველოში ჩამოვედით. უკვე მესამე წელია, აქ ვართ. სახელზე დიდხანს ვიფიქრეთ. გვინდოდა ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც ორივე ერისთვის ადვილად აღსაქმელი იქნებოდა. შოთა ერთადერთი სახელია, რომელიც ქართულსა და იაპონურში ბიჭს ჰქვია, იაპონურად ოდნავ განსხვავებულად გამოითქმის. შოთას ძირითადი სამეტყველო ენა ქართულია.

- რთული აღმოჩნდა ქართულის შესწავლა?

- საკმაოდ რთული ენა გაქვთ. ქართული გამორჩეულია...

- მედეა, გაგიძნელდათ იაპონურის შესწავლა?

- ევროპულ ენებთან შედარებით შესწავლას ორმაგი შრომა და ენერგია სჭირდება. ენა კულტურასთან მჭიდრო კავშირშია...

- რამდენი იეროგლიფის ცოდნაა საჭირო, რომ სრულყოფილად წერო და იკითხო?

- სულ მცირე, 2 000 იეროგლიფი უნდა იცოდე, რომ თავისუფლად წაიკითხო ჟურნალ-გაზეთები. უამრავი იეროგლიფია, შესაძლოა, 100 ათასიც კი.

- ჩვენს ერებს შორის რაიმე მსგავსება თუ არის?

- იაპონიაში, როგორც საქართველოში, ოჯახის კულტი არსებობს. სოფლებში რამდენიმე თაობა დღემდე ერთად ცხოვრობს.

იაპონიაშიც უფროსებს დიდ პატივს სცემენ, შეიძლება უფრო მეტადაც. დედამთილს დედა უნდა დაუძახო, მამამთილს - მამა. როდესაც იაპონიაში სასწავლებლად გავემგზავრე, ერთხანს იაპონურ ოჯახში ვცხოვრობდი. დედ-მამას იმავე ფორმით მივმართავდი, როგორც მათი შვილები. და-ძმებს შორისაც ზღვარია, უფროსებს სახელით არ მიმართავენ, არამედ ასე: უფროსი ძმა, უფროსი და.

- ბატონო იასუჰირო, საქართველოში ყველაზე მეტად მაინც რამ გაგაოცათ?

- თქვენთან ემოციები ჭარბობს, იაპონიაში ემოციების გამოხატვა უხერხულ ტონად ითვლება, დინჯები არიან. ერთმანეთის მოკითხვის დროსაც კი, გადაკოცნა და ხელის ჩამორთმევა მიღებული არ არის. ადამიანთან შეხებას ერიდებიან. მისალმების ნიშნად თავს ხრიან, ხელებს კი მუხლებზე იდებენ. იმავე წესით გემშვიდობებიან. თავს რაც უფრო დაბლა დახრიან, ამით უფრო დიდ პატივისცემას გამოხატავენ.

მედეა: - იაპონელები რჩევას თუ მოგცემენ, იმასაც დიდი მოწიწებით და თან დასძენენ, რომ ეს მისი აზრია და, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მსგავსი ტრადიცია, წეს-ჩვეულებები ჩემთვის იმდენად უჩვეულო იყო, რომ დავითრგუნე კიდეც. ვფიქრობდი, არავის ვჭირდები-მეთქი. სინამდვილეში შორიდან გგულშემატკივრობენ. მართლაც საოცრებაა, რომ ადამიანებს ამ დონემდე თავშეკავება შეუძლიათ.

- რამდენად რთული ან პირიქით, ადვილი აღმოჩნდა ქართველებთან საერთო ენის პოვნა?

- არ გამჭირვებია... თუმცა, ჩვენ პუნქტუალურები ვართ, ქართველებს დაგვიანება გიყვართ. დროის ფასი ჩვენ უფრო ვიცით. ბევრჯერ ყოფილა, რომ ქართველს შეხვედრაზე დაუგვიანია.

- ქართული სამზარეულო მოგწონთ?

- ძალიან მომწონს ხინკალი.

იაპონიაში ხინკალი ხშირად მენატრებოდა და ხანდახან ვაკეთებდით. არ მიყვარს ტარხუნა. ამის გამო ჩაქაფული არასდროს გამისინჯავს.

თუ თქვენი ქმარი ქართველია...

"თუ თქვენი ქმარი ქართველია, იყავით მშვიდად, რადგანაც თქვენი ოცნების მამაკაცისთვის უკვე მიგიგნიათ", - გამოცემა The People უკრაინელი ჟურნალისტის სტატიას აქვეყნებს, რომელიც ცოლად ქართველ მამაკაცს გაჰყვა.

ახალგაზრდა ჟურნალისტი წერს, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ქართველს და როგორია ქალის ცხოვრება ქართველი მამაკაცის გვერდით.

"როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ქმარი ქართველია და მე ამის გამო ჯერ არასდროს მინანია. ყველა ქალი ეძებს თავის შესაფერ ცხოვრების თანამგზავრს. ზოგს "ცხელი" ესპანელები მოსწონს, ზოგს ორგანიზებული გერმანელები, ზოგი კი არისტოკრატ ბრიტანელებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ყველა ჩვენგანს (ყველაზე მკაცრ ფემინისტსაც კი) გულის სიღრმეში გვსურს, მთელი ცხოვრება ძლიერ, ტემპერამენტიან მამაკაცთან გავატაროთ. თუ მისი გვარი ძე-ზე ან შვილ-ზე ბოლოვდება, მშვიდად იყავით, რადგან თქვენი ოცნების მამაკაცისთვის უკვე მიგიგნიათ. მოჰკიდეთ პასპორტს ხელი და უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართეთ.

თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ მზად იყავით, რომ მეგობრების გარემოცვაში, მაღაზიაში, ტუალეტის რიგში - ყველგან, სადაც კი მოხვდებით, ყველა ქალის მზერა მისკენ იქნება მიმართული. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ წარმოთქმული პირველივე ფრაზის შემდეგ ასეთი ყურადღება გარანტირებულია. თავდაპირველად მე ამას ვეჩვეოდი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი.

თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ თქვენს ქორწინებაში ტკბილი, ფერადყვავილებიანი პერიოდი არასდროს დასრულდება - ისინი ხომ ღმერთმა რომანტიკოსებად შექმნა, ქალების სასიამოვნოდ გაოცება მათი მთავარი ჰობია.

ასე რომ, ძვირფასო გოგონებო, თუ თქვენ გინდათ, რომ ერთ დღესაც საკუთარი ფანჯრიდან მილიონი ვარდი დაინახოთ (მინიმუმ, თვეში ერთხელ ლამაზი ყვავილების თაიგულის გვერდით დაიძინოთ), მაშინ მიუშვირეთ საკუთარი გულები ქართველი ამურის მიერ ნასროლ ისრებს.

თუ თქვენი მეუღლე ქართველია, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სწრაფად და დამაჯერებლად მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ისეთ საკითხებზეც კი, ზოგიერთი მამაკაცი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ წყვეტს.

და ბოლოს, თუ თქვენი ქმარი ქართველია, კითხვა, სად წავიდეთ შვებულების გასატარებლად, გაქრება სამუდამოდ. მას ხომ მილიონი სტუმართმოყვარე მეგობარი და ნათესავი ჰყავს მთელ საქართველოში, რომლებიც მზად არიან, ერთი-ორი კვირით სტუმრად მიგიღონ და დაგაპურონ მწვადით, სახლში ამოყვანილი ყველით, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით და ათასი გემრიელობებით! და ამ ბედნიერი წუთების შემყურე, ვიღას ადარდებს ზედმეტი კილოგრამები და წონაში მატება".

სალომე გოგოხია