ქართველი დე ნირო ვან დამსა და ჯეკი ჩანთან ძმაკაცობს - კვირის პალიტრა

ქართველი დე ნირო ვან დამსა და ჯეკი ჩანთან ძმაკაცობს

"ჯეკი ჩანს რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ის მარტო ვარსკვლავი კი არა, ლეგენდაა. მახსოვს, უდაბნოში ვიდექით მუნდირებში გამოწყობილი, სიცხისგან ტუჩები დახეთქილი გვქონდა, მუშაობა გვიჭირდა, მაგრამ ჯეკს იმხელა მუხტი შემოჰქონდა, რომ დაღლას ვეღარ ვგრძნობდი... ჯეკი ჩანი 62 წლისაა, შეუძლია დაჯდეს ვარსკვლავივით და გადასაღებ მოედანზე თავის გასვლას დაელოდოს, ის კი ვერ ისვენებს. ტიმ, მომეხმარეო, დამიძახებდა და ხან ნაგავს აგროვებდა გადასაღებ მოედანზე, ხანაც რაღაცას წმენდდა. ხშირად გადაღებისას ყავა ან წყალიც მოურთმევია. ჩხუბის დროს ორჯერ მომარტყა ფეხი შემთხვევით, - სახესთან ახლოს უნდა მოეტანა, მან კი ვერ მოზომა... ისე ინერვიულა, იქით ვაწყნარებდი"

არც ისე დიდი ხნის წინ თბილისში ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, თემურ მამისაშვილი იზრდებოდა, რომელსაც თანატოლებივით თავდავიწყებით უყვარდა ფილმები ბრიუს ლისა და ჯეკი ჩანის მონაწილეობით. უყურებდა, ჰბაძავდა და ოცნებობდა... მერე რა, ასე ბევრს უოცნებიაო, იტყვით... მერე ის, რომ თემურ მამისაშვილს ოცნება აუხდა. დღეს მას იცნობენ ჰოლივუდშიც, ჰონკონგსა და ჩინეთშიც. თემური, ანუ ტიმი, როგორც ეძახიან, ჟან-კლოდ ვან დამსა და ჯეკი ჩანთან ერთად თამაშობს ფილმებში, ზოგიერთ მათგანში კი საბრძოლო სცენების დამდგმელისა და კასკადიორის მოვალეობასაც ითავსებს. "კვირის პალიტრა" თემურს ჰონკონგში დაუკავშირდა.

თემურ მამისაშვილი:

მარცხნიდან პირველი ჯეკი ჩანი, მარჯვნიდან თემურ მამისაშვილი - უშუში 11 წლიდან ვვარჯიშობ. სუსტი ბავშვი ვიყავი. თერთმეტჯერ მაქვს ფილტვების ანთება გადატანილი. ამიტომ დედაჩემი თავს იკავებდა ჩემს სპორტულ დატვირთვაზე. უშუს პირველ გაკვეთილზე დედა წამყვა. ვარჯიშები დიდუბის მანეჟში ტარდებოდა, მაგრამ ჩვენს მწვრთნელს გამოფენის ტერიტორიაზე გაეყვანა ბავშვები და წელზევით გაშიშვლებულებს ავარჯიშებდა. დედაჩემმა ეს რომ დაინახა, უკან მოვყავდი, მაგრამ მწვრთნელმა გადააფიქრებინა. მართლაც, რაც ვარჯიში დავიწყე, ავადმყოფობაც წარსულს ჩავაბარე.

ბნელ ოთხმოცდაათიანებში - პურის რიგების, უშუქობის, უგაზობის, სიცივისა და ათასი საშინელების ფონზე, ვარჯიში არ მიმიტოვებია. როკმუსიკითაც ვიყავი გატაცებული, ჯგუფიც მყავდა. თუმცა პერსპექტივას ვერსად ვხედავდი. ამიტომ ამერიკაში გავემგზავრე, ბეისბოლის ჯგუფმა შემიკედლა (გარკვეულ საფასურად).მაშინ მთელ ამერიკაში ერთადერთი ნაცნობი ჩემზე 2 წლით ადრე გამგზავრებული ზურა მაღლაკელიძე იყო, რომელიც ადრე ჩემთან ერთად ვარჯიშობდა. მან მიმასპინძლა... სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ერთხანს ნიუ-იორკში, ჩელსიში, ვიდექი და ფლაერებს ვარიგებდი, მერე რესტორანში ჭურჭელს ვრეცხავდი, მერე ოფიციანტად გადამიყვანეს. მოგვიანებით გადაზიდვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთი ანტიკვარული მაღაზიის მფლობელი უკრაინელი ებრაელი იყო. მოგვიანებით თავისთან დამასაქმა, მენეჯერი გამხადა და მერე მეც წამოვიწყე ჩემი ბიზნესი ამ სფეროში. პარალელურად ვვარჯიშობდი. ბრუკლინში ორთაბრძოლების აკადემია იყო და საღამოობით მწვრთნელად ვმუშაობდი. დაინტერესებული ვიყავი შაოლინით. გავიგე, რომ შაოლინიდან ერთი ბერი იყო ჩამოსული ნიუ-იორკში და მსურველებს ავარჯიშებდა. ერთად დავიწყეთ ვარჯიში... 2006 წელს პირველი ფილმი გადავიღეთ. ჩემი დებიუტი, როგორც კასკადიორისა, შედგა ფილმში "სიყვარული, როგორც ქარი". მეორე ფილმში კი როლიც მომცეს. ეტყობა, რაღაც გამომივიდა, რადგან ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დე ნიროსაც კი შემადარა, თემურ მამისაშვილი ქართველი დე ნიროაო, წერდა. ამან დიდი სტიმული მომცა. ჰოლივუდში 2 ცნობილ ტელესერიალშიც ვითამაშე. ქუჩაში, მაღაზიებში, უკვე მცნობდნენ. ნელ-ნელა წინადადებებმა იმატა. მინდოდა, ეს როლები ჩხუბთან ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი მიმეტოვებინა და ჩემი ოცნების ძიებაში ჰონკონგში წავსულიყავი. 2013 წელს წავედი კიდეც.

თემურ მამისაშვილი (ტიმი) ჟან კლოდ ვან დამთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში ჩინური საფუძვლიანად შევისწავლე. ჰონკონგში ჩასვლამდე ორ ჩინურ ფილმში უკვე მქონდა ნათამაშები. მათგან ერთში ჩემი პერსონაჟი ჩინურადაც კი ლაპარაკობდა.

თავდაპირველად ერთ ინგლისელ პროდიუსერთან დავიწყე მუშაობა. მისი სცენარით უნდა გადაგვეღო ფილმი, რომლის ჩხუბებსაც მე ვდგამდი, ასევე, ერთ როლს ვთამაშობდი. მომატყუა, 6 თვე ვიმუშავე, ყოველდღიურად ვავარჯიშებდი 14 გოგოსა და 2 ბიჭს, ჩხუბებს ვდგამდით. გასამრჯელოს მპირდებოდა ყოველ კვირას, მაგრამ... ამის შემდეგ დავიწყე სხვა კონტაქტების მოძიება და ერთ დღეს გავიცანი ფილიპ ჯოლი. საინტერესო სცენარი ჰქონდა საბჭოთა კანონიერი ქურდების თავგადასავალზე. ფილმში როლიც მქონდა და ჩხუბებსა და სპეცეფექტებზეც ვმუშაობდი... შემდეგ ფილმში ჟან-კლოდ ვან დამთან ერთად მომიწია თამაშმა. მერე ჯეკი ჩანთან ერთად ვითამაშე ორ ფილმში.

ვან დამი ძალიან საინტერესო კაცია. სხვათა შორის, საქართველოზე ბევრი რამ იცის, ნამყოფიც არის. თბილისში ბევრს იცნობს. ჩვენი ხინკალი, ღვინო ძალიან უყვარს... ვარსკვლავური სენით შეპყრობილი არ არის. პირველად ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაგვაცნეს. დაჯდა თავისთვის, მე - ჩემთვის. არ მივსულვარ, აღტაცება არ გამომიხატავს, არც სელფის გადაღება მითხოვია. პროდიუსერმა წარმადგინა, ჟან-კლოდ, ეს ჩემი მეგობარი ტიმიაო. ხელი გავუწოდე. მან ამომხედა: "არა, არა! მე ვარსკვლავი ვარ და მაგის დრო არა მაქვსო!" დამტოვა ხელგაწვდილი. რა უნდა მექნა?... უხერხული სიჩუმის შემდეგ, წამოხტა სიცილით, გეხუმრეო, გადამეხვია, შემდეგ ხელში ამიტაცა და ჰაერში დამაბზრიალა...

კადრი ფილმიდან "დრაკონის ხმალი" ჯეკი ჩანს რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ის მარტო ვარსკვლავი კი არა, ლეგენდაა. მახსოვს, უდაბნოში ვიდექით მუნდირებში გამოწყობილი, სიცხისგან ტუჩები დახეთქილი გვქონდა, მუშაობა გვიჭირდა, მაგრამ ჯეკს იმხელა მუხტი შემოჰქონდა, რომ დაღლას ვეღარ ვგრძნობდი... ჯეკი ჩანი 62 წლისაა, შეუძლია დაჯდეს ვარსკვლავივით და გადასაღებ მოედანზე თავის გასვლას დაელოდოს, ის კი ვერ ისვენებს. ტიმ, მომეხმარეო, დამიძახებდა და ხან ნაგავს აგროვებდა გადასაღებ მოედანზე, ხანაც რაღაცას წმენდდა. ხშირად გადაღებისას ყავა ან წყალიც მოურთმევია. ჩხუბის დროს ორჯერ მომარტყა ფეხი შემთხვევით, - სახესთან ახლოს უნდა მოეტანა, მან კი ვერ მოზომა... ისე ინერვიულა, იქით ვაწყნარებდი.

ჯეკი ჩანის კასკადიორების ჯგუფში ერთი პატარა ბიჭია, ჯიაჯიას ვეძახით. დიდი ონავარი ვინმეა. ერთხელაც კოსტიუმერ გოგონებს ვესაუბრები, უკნიდან ვიღაც მოვიდა და მასაჟის კეთება დამიწყო. ჯიაჯია მეგონა. ცოტა ხანს სიამოვნებისგან გავიტრუნე. მერე ავიხედე და ჯეკი ჩანი არ შემრჩა? წამოვხტი, დიდი ბოდიში, დიდო ძმაო-მეთქი, მოვუბოდიშე. მან კი მხარზე ხელი დამარტა, ყველაფერი კარგად არისო.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- "ცივი ომი" ჰქვია ფილმს, რომელშიც კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერს ვთამაშობ.

- გისმენთ და ვრწმუნდები, რომ მთავარია, უარი არ ვთქვათ ოცნებაზე და...

- ასეა... 1997 წელს წამოვედი საქართველოდან და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ მოვინახულე ჩემი სამშობლო. ბოლოს 2006 წელს ვიყავი. ბევრი რამ შეიცვალა, ევროპული კაფეები, ტურისტები... დედა მოვინახულე, ჩემი და, მეგობრები... მაინც დეპრესიული იყო ყველაფერი. ხალხი დაღვრემილი დადიოდა.

- დაბრუნდებით საქართველოში?

- ალბათ, უფრო სამუშაოდ ჩამოვალ ხოლმე, თუ ასეთი შემოთავაზება მექნება.

შაოლინის მონასტერი

უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ტაძარი, რომელიც პოპულარობით შაოლინს შეედრება. მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს.

შაოლინი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე გადამწვარა, ამჟამინდელი სახე კი გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიძინა. ისტორიული წყაროების თანახმად, ის 495 წელს დაარსდა იმპერატორ სია ვენ-დის მხარდაჭერით, ხოლო 530 წელს ამ მონასტერში ბინა დაიდო დენ-ბუდიზმის პირველმა პატრიარქმა ბოდჰიდჰარმა. ლეგენდის თანახმად, ბოდჰიდჰარმი მდიდარი ინდოელი მონარქის შვილი იყო, რომელმაც უზრუნველი ცხოვრება ბუდისტური მოძღვრების გამო მიატოვა. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ადგილას ხისმჭრელმა ხუეიკომ მარჯვენა ხელი მოიკვეთა და იგი ბოდჰიდჰარმს წინ დაუდო. ამ ჟესტით მან სურვილი გამოთქვა, დიდი მასწავლებლის მოსწავლე გამხდარიყო. მას შემდეგ, ერთგულებისა და თავდადების დასტურად, სხვა ბუდისტებისაგან განსხვავებით, შაოლინელი ბერები თავს ხრიან და მკერდთან მხოლოდ ცალი ხელი მიაქვთ.

სწორედ ბოდჰიდჰარმის მოსწავლეებმა შექმნეს უშუს ორთაბრძოლის უნიკალური სისტემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია პოპულარული. დროთა განმავლობაში შაოლინური ორთაბრძოლის სისტემა უფრო სრულყოფილი გახდა. სპეციალისტთა აზრით, სწორედ ამან დაუდო საფუძველი იაპონურ კარატესა და ჩინურ ტაიკვანდოს.

ორთაბრძოლის ამ სახეობას აღზევების ხანა XX საუკუნის ბოლოს დაუდგა, როდესაც ბრიუს ლისა და ჯეკი ჩანის მონაწილეობით გადაღებული ფილმების გავლენით, ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდობა აღმოსავლური ორთაბრძოლების სახეობებმა გაიტაცა.

ეკა სალაღაია