აქ შესაძლოა "ვერეს ტრაგედია" განმეორდეს - კვირის პალიტრა

აქ შესაძლოა "ვერეს ტრაგედია" განმეორდეს

დიდი დიღმის დასახლებაში ეკოლოგიური დანაშაული მძვინვარებს

დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების საზღვარზე, კერძო დასახლების სექტორში, იქ, სადაც ღვარცოფული ღელეებით დაქსელილი გორაკები იწყება, ეკოლოგიური დანაშაული მძვინვარებს: რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ნაგვის გროვები იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიას არც ქალაქის დასუფთავებისა და ზედამხედველობის სამსახურები აკონტროლებენ და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის სამსახურშიც არ იციან, რა კატასტროფა მზადდება ქალაქის ერთ-ერთ მზარდ რაიონში.

წყლის სავალ არხზე მიწა დაუტკეპნიათ გზად, ქვეშ მილებიც დაუტანებიათ წყლისთვის. თუმცა უზარმაზარი, მაღალი და ვიწრო კალაპოტიდან თავქვე გამოსული წყალი ამ მილებს არაფრად ჩააგდებს და ჯერ თავისუფალ ფართობზე გაიშლება, მერე კი მოსახლეობას შეუვარდება ეზოებში...

ერთმანეთშია არეული საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური და ინერტული მასალების ნარჩენები. ნაგვის გროვებს მთელ პერიმეტრზე შეხვდებით: ღვარცოფული ხევების კალაპოტში ან ხევის პირას. კალაპოტები ზოგ ადგილას იმდენად ღრმაა, რომ ხელაწეულს მფარავს. იოლი წარმოსადგენია, ამ სიღრმის კედლის გამჭრელ წყლის ძალას ვერაფერი დაუდგება წინ და რაც დახვდება, ყველაფერს დაბლა ჩაიტანს. დაბლა კი დასახლებაა, ჯერ კერძო სახლები, შემდეგ მაღალსართულიანი კორპუსები...

რამდენიმე ადგილზე ნაგავსაყრელებზე მიწა დაუყრიათ, შესაძლოა, კვალის დასაფარად, ან იმის გამოც, რომ ხევები ამოავსონ და მერე ხელოვნურად შექმნილი ვაკე ვინმემ სარფიანად გაყიდოს სამოსახლოდ. მყიდველს ის კი არ ეცოდინება, ოდესღაც ძველ კალაპოტს რომ მიაკითხავს ღელე, რომელიც გვალვიან ზაფხულში არ ჩანს, მაგრამ დიდი და ხანგრძლივი წვიმის დროს ღვარცოფულად მოვარდება.

ერთგან წყლის სავალ არხზე მიწა დაუტკეპნიათ გზად, ქვეშ მილებიც დაუტანებიათ წყლისთვის. თუმცა დაკვირვებული თვალი უთუოდ შეამჩნევს, რომ უზარმაზარი, მაღალი და ვიწრო კალაპოტიდან თავქვე გამოსული წყალი ამ მილებს არაფრად ჩააგდებს და ჯერ თავისუფალ ფართობზე გაიშლება, მერე კი იმ მოსახლეობას შეუვარდება ეზოებში, სახლის აშენებამდე გეოლოგიურ დასკვნას რომ არ ცნობენ და წინაპრებისგან არც ის იციან, წყლის, თუნდაც პატარა ნაკადულის კალაპოტში ან მის სიახლოვეს დასახლება რომ არ ღირს.

კალაპოტები ზოგ ადგილას იმდენად ღრმაა, რომ ხელაწეულს მფარავს. იოლი წარმოსადგენია, ამ სიღრმის კედლის გამჭრელ წყლის ძალას რომ ვერაფერი დაუდგება წინ და რაც დახვდება, ყველაფერს ჩაიტანს...

დაბლა, კერძო დასახლებაში, ცოტამ თუ იცის, რომ იქვე, მათი სახლებიდან ორ ნაბიჯში, ნაგავსაყრელია და ძლიერმა ქარმა, რომელიც აქ ხშირია, შესაძლოა, რაღაც დაავადებაც მოიტანოს დაბინძურებული გარემოდან. ხალხი გორაკებისკენ არ დადის და ამიტომაც არ იცის, ზემოთ რა ხდება. თუმცა უკვირთ, ღელეები დაშრა, გაქრა, ვერ ვხვდებით, რატომო.

ალექსანდრა მაისურაძე 8 წელია ამ უბანში ცხოვრობს. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ყოველ დილით გორაკებზე დადის.

ალექსანდრა მაისურაძე:

"როდესაც დაბლა მოსახლეობა რემონტს აკეთებს და ნარჩენებს დაქირავებულ კომპანიებს ან კერძო პირებს ატანს, ჩანს, არ იცის, რომ იმ ნაგავს აქვე, თავთით უყრიან. არავინ ამოწმებს ამ ტერიტორიებს, არადა, რაც აქ ხდება, ხვალ შესაძლოა ცუდად შემოგვიბრუნდეს. ჯერ ერთი, ის არის საგანგაშო, რომ სახლების დიდი ნაწილი ხევებშია ჩადგმული. მერე კიდევ, ვის გაუგია ხევის ნაგვით ამოვსება, თან სათავეებისკენ ყრიან ნაგავს, თითქოს რაიმე დაიმალება. ახლა რომ წყალი არ მოდის ამ კალაპოტებში, გაზაფხულზე ან დიდი წვიმის დროს ისე გადაირევა ხოლმე, რომ დიდ მდინარეებს არაფრით ჩამორჩება, თანაც მხოლოდ ერთი-ორი ღელე როდია ასეთი, ყველას ჯერ ნაგვით და მერე მიწით ავსებენ. ერთ დღესაც იხუვლებს და ყველაფერს ეზოებში ჩამოიტანს. მოვარდნილი წყალი კალაპოტს რომ ვეღარ მიაგნებს, აქაურობას დატბორავს...