რა ბედი ეწია რომან კრიხელის ნახატს, რომლის შეძენა მარკ ცუკერბერგსა და ბიძინა ივანიშვილს სურდათ - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწია რომან კრიხელის ნახატს, რომლის შეძენა მარკ ცუკერბერგსა და ბიძინა ივანიშვილს სურდათ

ვინ იყო მუზა ნახატისა "სამყაროს უმშვენიერესი ქალი", რომელიც მილიონ დოლარზე ბევრად უფრო ძვირად გაიყიდა?

"რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი". -  ეს ინფორმაცია ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის რომან კრიხელის ნახატის "სამყაროს უმშვენიერესი ქალი" შესახებ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავრცელდა. დავინტერესდით, რა ბედია ეწია ნახატს, ამიტომაც ამ საკითხზე სასაუბროდ მხატვარს ნიუ იორკში დავუკავშირდით.

რომან კრიხელი საკუთარ ძვირადღირებულ ნახატთან - ბატონო რომან ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი გასაყიდად გამოიტანდა თავის მორიგ ნამუშევარს - "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც იყო. რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოსო - წერდნენ მაშინ... რა ბედი ეწია ნახატს?

- ეს სურათი უკვე გაყიდულია, თუმცა მყიდველის სურვილით სხვადასხვა გამოფენებზე კვლავაც იგზავნება. ამ ცოტა ხნის წინ ყატარის მეფის სასახლეში დაახლოებით რვა თვის განმავლობაში იყო გამოფენილი. შემდეგ ფლორიდაში ერთ-ერთ საგამოეფენო დარბაზში გამოიფინა, ამჯერად ნიუ იორკშია, კერძო კოლექციაში გამოფენილი. შემდეგ ევროპაში წაიღებენ, როგორც გავიგე, რუსეთშიც იგეგმება მისი წაღება.

- ვინ იყიდა ნახატი  "სამყაროს უმშვენიერესი ქალი?"

- შეთანხმების თანახმად, მისი ვინაობის გამხელის უფლება არ მაქვს.

ამბობენ, რომ მხატვრის მუზა ტილოზე მუშაობისას რომან აბრამოვიჩის მეუღლე დაშა ჟუკოვა იყო - ითქვა, რომ ტილოს შემქნისას თქვენი მუზა რომან აბრამოვიჩის მეუღლე დაშა ჟუკოვა იყო, მართლაც ასეა?

- მუზა კონკრეტული პიროვნება არ ყოფილა, თუმცა არ ვუარყოფ, რომ ამ ქალბატონის გარეგონის რაღაც ელენტები არის ნახატში, თუმცა ჩემი აზრით, ეს უფრო აბსტრაქტული პორტრეტია. დაშა ჟუკოვა აქ – ნიუ იორკში ვნახე და ნამდვილად მომხიბვლელი ქალბატონია.

- ვარაუდობდნენ, რომ ნახატი მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო, გაიყიდა ასე ძვირად?

- ბევრად უფრო ძვირად გაიყიდა, მაგრამ უფლება არ მაქვს გავამხილო ვინ იყიდა და რამდენად. ამიტომ, მაპატიეთ, რომ ზუსტ ციფრს ვერ გეუბნებით.

- ბიძინა ივანიშვილი მართლა იყო მყიდველთა შორის?

- მეც გაზეთებიდან შევიტყვე, რომ ნახატის შეძენის მსურველთა შორის იყო და ძალიან გამეხარდა... შეძენის მსურველები ახლაც არიან. მითხრეს, რომ როცა ფლორიდაში იყო გამოფენილი, იქ მივიდნენ ნახატის შესაძენად.

- თქვენ საქართველოში მიიღეთ განათლება და ორიოდე სიტყვა იქნებ აქ გატარებულ წლებზე გვითხრათ...

- 2011 წელს, საქართველოში ძმასთან ერთად ჩამოვედი. 37-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში ჩამოსვლა ძალიან ამაღელვებელი იყო. ძალიან გალამაზებული და შეცვლილია თბილისი. ბავშვობის ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან... მინდოდა, ჩემგან რამე სახსოვრად ჰქონოდა თბილისს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ჩემი ნამუშევარი გადავეცი საჩუქრად. ვფიქრობ, საქართველოში ჩამოვიდე და გამოფენა მოვაწყო.

- დასასრულ, იქნებ, გვითხრათ, რა შეგრძნებაა, როდესაც თქვენი ნამუშევრები ასსეტ ინტერესს იწვევს და ასეთ ფასად იყიდება?

- დღეს სამყარო ასეა მოწყობილი -შეიძლება შედევრი შექმნა და ვერავინ გაიგოს, შეიძლება ერთმა ნახატმა ამხელა ხმაური გამოიწვიოს. მე უპირველესად ხელოვნებაზე ვფიქრობ...

მანანა გაბრიჭიძე

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian Journal