"ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა" - რა ელის ტელეკომპანიას?! - კვირის პალიტრა

"ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა" - რა ელის ტელეკომპანიას?!

"როდესაც სასამართლოში განცხადება ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ  შევიდა, ნერვებმა აღარ გამიძლო"

"მაესტროს" გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ ტელევიზია უცხოების ხელში აღმოჩნდეს"

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის - უცნობისგან გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა. ამის თაობაზე გია გაჩეჩილაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

ამ ტელევიზიის ინფორმაციითვე, კომპანიაში პარტნიორთა კრება ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყებულიყო.

აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.

"ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, რომ ეს არ მოხდეს. "მაესტროს" გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ ტელევიზია უცხოების ხელში აღმოჩნდეს ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძეს მაკა ასათიანმა სპეციალური წერილით უპასუხა, რომელშიც დადასტურებულია, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტმა სასამრთლოს მართლაც მიმართა.

" შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის (იგულისხმება გია გაჩეჩილაძე - კ.პ) განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით. ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.

ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება". - ვკითხულობთ მაკა ასათიანის განცახდებაში.

ტელეკომპანია "მაესტროს" მართვის უფლებით გადაცემას გია გაჩეცილაძე ითხოვს. ის მიანიშნებს იმაზეც, "მაესტროს" გაკოტრება შესაძლოა "პოლიტიკურ თემას" უკავშირდებოდეს, რადგან მოახლოებულია არჩევნები.

"ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემ წინადადებას, ჩემთვის უცნობია. მე იგნორირებული ვარ "მაესტროს" მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო. მინდა, იცოდეს მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ, რომ მე მინდა "მაესტროში" შესვლა მართვით და მინდა ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართული საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "მაესტრო" არ გაკოტრდეს და იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ

გია გაჩეჩილაძე: " ჩვენ მზად ვართ, ერთი კვირის ვადაში გავაფორმოთ ხელშეკრულება მართვაში გადმოცემაზე, კიდევ ერთ კვირაში კი (ანუ ჯამში 2 კვირაში) წარმოვადგინოთ 10 მილიონ აშშ დოლარზე საბანკო გარანტია. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე გაკოტრება".

მომზადებული "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

(იხილეთ ვიდეო)