როგორ გახდა ხვედელიძე ფეოლა?! – ყველასთვის საყვარელი კინოგმირის თავგადასავალი - კვირის პალიტრა

როგორ გახდა ხვედელიძე ფეოლა?! – ყველასთვის საყვარელი კინოგმირის თავგადასავალი

"მე კი მართლაც დამარქვეს ფეოლა. უკვე ამხელა კაცი ვარ და ახლაც ასე მეძახიან. ქალაქში ფეოლათი რომ მოგეკითხეთ, უმალ მოგასწავლიდნენ ჩემს სახლს".

"ნეტავ, გენახათ, რა ხდებოდა, იპოლიტე რომ პლაჟზე გაივლიდა - ერთ გამარჯობას იტყოდა სერიოზული სახით და ხალხი სიცილით კვდებოდა. წარმოიდგინეთ ახლა, იპოლიტე ზღვაზე და საბანაო კოსტიუმში - ყურადღებას ხომ თქვენდა უნებლიეთ მიაქცევთ და გაგეღიმებათ! ისეთი კაცი გახლდათ, არც გაგრძნობინებდათ, "ბატონი იპოლიტე" თუ იყო".

ხომ გახსოვთ ანცი "ელექტროხულიგანი" და "უქიმერიონის" შეუდარებელი "გოლეადორო" ფილმიდან "ფეოლა", რომელიც ბაადურ წულაძემ 1970 წელს გადაიღო, თუმცა ფილმს დღემდე არ დაუკარგავს მაყურებელი. ის ლამის ყველა თაობის საყვარელი კომედიაა, რომლიდან ფრაზებსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ: "ბატონო, რამდენი უნდა შევაგროვო ის უპატრონოები?" "შევერკინოთ, ფეოლა?" "გოლი, ორი გოლი მინდა, ხვედელიძე!" "ახლა გეტირება ყოფა, ხვედელიძე, გაირკვევა ვინაა ფეოლა მე, თუ შენ?" "ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას!" და ა.შ

ფილმი ასეთი წარმატებული კი შესანიშნავი მსახიობის იპოლიტე ხვიჩიასა და ხვდელიძის როლის უბადლოდ შემსრულებელი პატარა ბიჭის დუეტის წყალობით იქცა.

"ფილმის გადაღების შემდეგ ხვედელიძის მაისური სამახსოვროდ დავიტოვე და კარგა ხანს ვიწონებდი თავს, ვიდრე რეცხვისგან სულ არ დაიხა. რომ არ დახეულიყო, კიდევ ვატარებდი - კინოს მერე მაინც არ გავზრდილვარ სიმაღლეში", - სიცილით გვითხრა, ჩემმა რესპონდენტმა, ხვედელიძე ჟორას, მაშასადამე გიორგის როლის შემსრულებელმა, ბათუმელმა გაბრიელ (გიგლა) ცინცაძემ და დასძენა: იმხანად კინოზე მეტად სპორტი მიტაცებდა, მაგრამ ახლა რომ ვინმემ მიმიწვიოს, სიამოვნებით დავთანხმდები ფილმში გადაღებასო.

- 11-12 წლის ბიჭი ვიყავი და ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც ფეხბურთზე დავდიოდი. ფილმ "ფეოლას" რეჟისორის, ბაადურ წულაძისა და ჩემი ოჯახის წევრები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ბატონ ბაადურს, ალბათ, შენიშნულიც ვყავდი. ფილმისთვის სხვა ბიჭებიც შეარჩიეს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გმირი რატომღაც მე მათამაშეს. სასინჯი გადაღებისთვის ბათუმიდან თბილისშიც წამიყვანეს და, როგორც ჩანს, ეკრანმა ჩემი სახე კარგად აიღო, სამაგიეროდ, ჩემი შავი თმა "არ მოეწონა" და ამიტომაც გამიღიავეს, მგონი, "ლონდატონით" (იცინის). ფილმის ძირითადი ნაწილი ბათუმთან ახლოს, სოფელ ანგისას სტადიონზეა გადაღებული.

- ბატონ იპოლიტე ხვიჩიასთან საუცხოო დუეტი კი გამოგივიდათ!

- მაგარი კაცი იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მისი მიმიკებისა და ხუმრობების გამო ბევრჯერ ჩაშლილა გადაღება. ბატონი ბაადური სულ გვაფრთხილებდა, არ გაიცინოთო, მაგრამ თავის შეკავება არ გინდოდა? ერთხელ სტადიონზე იმ კადრს ვიღებდით, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ჩემი გმირი - ხვედელიძე ფეოლასთან რომ მიდის და დარცხვენით ეუბნება: მოვიგეთ, ფეოლაო. უცებ იპოლიტე მომიბრუნდა და მეუბნება: ფეოლა მამაშენიაო. კინაღამ გადავყირავდი სიცილისგან. რა თქმა უნდა, დუბლი გაფუჭდა. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. ერთხელ შვიდი დუბლი ჩავუგდე სიცილის გამო. ბატონ იპოლიტეს ვერაფერს ეუბნებოდნენ და მე დავიტუქსე, მაგრამ - მსუბუქად... ნეტავ, გენახათ, რა ხდებოდა, იპოლიტე რომ პლაჟზე გაივლიდა - ერთ გამარჯობას იტყოდა სერიოზული სახით და ხალხი სიცილით კვდებოდა. წარმოიდგინეთ ახლა, იპოლიტე ზღვაზე და საბანაო კოსტიუმში - ყურადღებას ხომ თქვენდა უნებლიეთ მიაქცევთ და გაგეღიმებათ! ისეთი კაცი გახლდათ, არც გაგრძნობინებდათ, "ბატონი იპოლიტე" თუ იყო. თანატოლივით გვექცეოდა, თუმცა მაინც მორიდებულები ვიყავით მასთან. ბავშვებს ხშირად გვპატიჟებდა კაფეში და ხაჭაპურებით და ნაყინით გვიმასპინძლდებოდა.

- ფეოლას ეძახდით?

- მას - არა, მაგრამ მე კი მართლაც დამარქვეს ფეოლა. უკვე ამხელა კაცი ვარ და ახლაც ასე მეძახიან. ქალაქში ფეოლათი რომ მოგეკითხეთ, უმალ მოგასწავლიდნენ ჩემს სახლს.

- მასეც გიპოვეთ. "ფეოლას" გადაღება დიდხანს გაგრძელდა?

- თითქმის ერთ წელიწადს. სამი თვის განმავლობაში კიევშიც ვიღებდით. კიევში 8 ბავშვი წაგვიყვანეს. მე ასაკით უფროსი გახლდით. ბაჩუკის როლის შემსრულებლის, ლევან შამილოვის გარდა, ყველანი სპორტსმენები ვიყავით. ლევანს კიევის შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი, მერე, თურმე, ისრაელში წასულა... უჰ, ერთი ამბავი გამახსენდა! თბილისში სასინჯი გადაღების შემდეგ ფილმზე რომ დამამტკიცეს, ბათუმში ვეღარ დავბრუნდებოდი და ღამის გასათევი მჭირდებოდა. ჩემი ბიძაშვილი ინგა კანდელაკის ქუჩაზე ცხოვრობდა და მასთან გადავწყვიტე დარჩენა. ისე წავედი, არ გამიფრთხილებია. გამყვნენ ბატონი იპოლიტე და ფილმის დირექტორი შოთა ლაფერაძე. სახლთან რომ მივედით, ბატონმა იპოლიტემ ჭიშკარზე დააკაკუნა, შეაღო და იკითხა: შეიძლებაო? ინგა ონკანთან სარეცხს რეცხავდა და გაშეშდა - როგორია, იპოლიტე გიღებს კარს! მერე შეიპატიჟა, - შემობრძანდითო. იპოლიტე "უხსნის": გზააბნეული ბავშვი ვნახეთ, მგონი, უპატრონოა. თქვენი მისამართი გვითხრა. თუ იცნობთ და პატრონად გამოუჩნდებით, აგერ მოგიყვანეთო. დამუნჯდა ჩემი ბიძაშვილი. რა უნდა ეფიქრა? თუ მართლა გზააბნეული არ ვიყავი, რა კავშირი უნდა მქონოდა იპოლიტე ხვიჩიასთან? მეც დავიბენი - რას ვიფიქრებდი, ბატონი იპოლიტე ასეთ რამეს თუ მოიგონებდა! მერე კი ამ ამბავზე ყველამ ერთად ბევრი ვიცინეთ...

- ფილმის შემდეგ რა პოპულარული ბიჭი გახდებოდით ბათუმში?

- საფეხბურთო სკოლაში ვსწავლობდი და ლამის მთელ წელიწადს არ მივლია. სექტემბერში რომ დავბრუნდი, დიდი აჟიოტაჟით შემხვდნენ და ასე გავხდი "ფეოლა". ფილმის პრემიერა ბათუმში, კინოთეატრ "კომკავშირელში" შედგა. ჩვენებიდან რომ გამოვედი, გარეთ დიდი ამბით დამხვდნენ, მე კი დავკარი ფეხი და გავიქეცი. მერე სკოლაშიც მაკითხავდნენ ნაცნობ-უცნობები.

- თუ იცით, თქვენმა მშობლებმა რამდენჯერ ნახეს ფილმი?

- დედა უმეტესად სოფელში იყო და იქ თუ უჩვენებდნენ, ყოველთვის ნახულობდა. მამამ კი, მართალია, დიდი კინომოყვარული არ იყო, 10-ჯერ მაინც ნახა "ფეოლა" კინოთეატრში. წარმოგიდგენიათ? - მარტო დადიოდა. ვიღაცას უკითხავს, ასე ხშირად რატომ დადიხარო? - ჩემი შვილია, ბატონო, იმ ფილმში და აბა, არ ვნახოო? - გაბრაზებულა... კარგად მახსოვს იპოლიტესთან თბილისში შეხვედრა - კინოს სახლიდან გამოვიდა და ამხანაგმა წამაქეზა, მიდი, ნახეო. მივუახლოვდი და მივესალმე. ვითომ ვერ მიცნო, იქვე მდგარ მილიციელებს მიუბრუნდა: ვინაა ეგი, არ ვიციო. მიწა გამსკდომოდა, ის მინდოდა. ხალხიც მოგროვდა, მილიციელებიც ჩემკენ წამოვიდნენ და უცებ იპოლიტემ ჩამიხუტა: როგორ არ გიცანი, ჩემო შვილოო, - და შუბლზე მაკოცა. მე კი გავთავდი და ... ცხონებულს ნარდისა და "დურაკას" თამაში უყვარდა და მაგრადაც თამაშობდა. ჩვენ - ბავშვები ვგულშემატკივრობდით ხოლმე. წაგებას ვერ იტანდა და ყველას უგებდა. შეიძლება ხანდახან აგებინებდნენ კიდეც... ეჰ, ის დრო, ალბათ, საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ფილმის შემდეგ ფეხბურთის თამაში მომბეზრდა და ჭიდაობა ვირჩიე. სერიოზულად ვვარჯიშობდი და სპარტაკიადებზეც გამოვდიოდი. მერე ამასაც დავანებე თავი. ცოლი გვიან შევირთე. მე და მზიას ერთი პატარა ვაჟი გვყავს - გიორგი და მას ვზრდით

ამას წინათ ტელევიზორს ვუყურებდი, "ფეოლადან" კადრები აჩვენეს და ბატონ ბაადურს ჰკითხეს: ვინმემ რომ "ფეოლას" ახალი ვერსია გადაიღოს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო? - კი ბატონო, გადაიღოს, მაგრამ იპოლიტეს მსგავსს სად ნახავსო? - უპასუხა... ვინმეს სხვანაირი ფეოლა წარმოგიდგენიათ?!

ირმა ხარშილაძე

სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია გაზეთ "ყველა სიახლის" სტატია