რაზე ოცნებობს 18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც მძიმე დაავადების დასამარცხებლად აქტიურად იბრძვის - კვირის პალიტრა

რაზე ოცნებობს 18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც მძიმე დაავადების დასამარცხებლად აქტიურად იბრძვის

18 წლის სტუდენტ გიორგი კოვზირიძეს 2011 წელს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს - ფილტვებში მეტასტაზირებული ძვლის ოსტეოსარკომა აღმოაჩნდა, მაგრამ ის დაავადების დასამარცხებლად დღემდე აქტიურად იბრძვის. ამის პარალელურად სკოლის წარმატებით დამთავრებაც მოახერხა და წელს თსუ-ს სტუდენტიც გახდა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩააბარა.

გიორგი კოვზირიძე "AMBEBI.GE"-ს ესაუბრა:

- პირველი კურსის სტუდენტი ვარ, წელს 50-პროცენტიანი გრანტიც მოვიპოვე... სკოლა ზესტაფონში დავამთავრე, მეშვიდე საჯაროში ვსწავლობდი.

- როგორია ამჟამად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე, მეტასტაზები ისე აღარ იზრდება, მაგრამ ქიმიოთერაპიის კურსები დაავადებას უკვე ეფექტურად აღარ შველის და სასწრაფოდ მესაჭიროება იაპონიაში გამგზავრება, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული, ახალი მეთოდით მიმკურნალებენ.

- ვინ დაგეხმარა ამაში?

- რა თქმა უნდა, "ბერი ანდრიას ფონდი", დედა თინათინი, სადაც ახლაც ვარ. დაფინანსებით კი "სოლიდარობის ფონდმა" გამომიყო სახსრები. იაპონიაში ერთ კვირაში მივემგზავრები.

საერთოდ კი, თავიდან სპეციალისტებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, სანამ დიაგნოზი დამისვეს, - საბოლოოდ თურქეთში დაადგინეს, რომ ძვლის ოსტეოსარკომა მაქვს, რომელიც ფილტვებშია მეტასტაზირებული.

- მკურნალობა იქვე დაიწყე?

- არა, საქართველოში. 2011 წლიდან ერთი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი. ქიმიოთერაპიის კურსმა

დაავადება შეაჩერა. მერე ერთი წელი შესვენება მქონდა, დაავადებაც არ პროგრესირებდა, შეჩერებული იყო.

ერთი წლის მერე ისევ განახლდა და მკურნალობა განვაახლე. გერმანიაში ორი ოპერაცია და ერთი ქიმიოთერაპიის კურსი ჩამიტარეს. იმის მერე სულ ვმკურნალობ.

- ამ ყველაფრის ფონზე შეძელი ის, რომ სტუდენტი გახდი, სკოლაც წარმატებით დაამთავრე. როგორ მოახერხე ეს?

- ძალიან რთული იყო, ქიმიოთერაპიის გამო, ერთი თვიდან თითქმის ნახევარს თბილისში ვატარებდი. თან, ეს პროცედურა რთული გადასატანია, ბევრი უკუჩვენება აქვს, მაგრამ სტუდენტი მაინც გავხდი.

- როგორც ჩანს, ნიჭიერი ადამიანი ხარ. სკოლაში შენი მდგომარეობის გამო შესაძლოა, მასწავლებლები გეხმარებოდნენ, მაგრამ უნივერსიტეტში ხომ არავინ იცოდა შენი ავადმყოფობის შესახებ?

- არა, არავინ იცოდა, გამოცდები როგორც ყველამ, მეც

ისევე ჩავაბარე, მაგრამ სკოლაში მასწავლებლები მეხმარებოდნენ, მოსწავლეებიც გვერდში მედგნენ და მეც ძალიან ვცდილობდი.

- აშკარად მიზანდასახული ხარ. სამომავლოდ რაზე ოცნებობ?

- ბავშვობაში ყველას რაღაც სურვილი აქვს, ვიღაცას ექიმობა უნდა, ზოგს - კოსმონავტობა, მე ბიზნესი მიზიდავდა ყოველთვის. ახლა ის უკვე ჩემი სფეროც გახდა, ამ მიმართულებით ვსწავლობ. სულ მინდოდა, გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი იმიტომ, რომ მაინტერესებს ამ სფეროს შიგნიდან შევხედო, გავეცნო. ეს ხომ ის დარგია, რომელშიც მომავალში ვაპირებ რომ დავსპეციალისტდე.

- საქართველოს ეკონომიკა რომ არ არის მყარი და წარმატებული დარგი?

- ამიტომ საჭიროა, ამ სფეროში ბევრი კვალიფიციური კადრი მოვიდეს.

ბოლოს ყველა ადამიანს მინდა, მადლობა გადავუხადო, მათ, ვინც ჩემი მდგომარეობა ამ წლების განმავლობაში გულთან ახლოს მიიტანა. ეს არის ფეროშენადნობი ქარხანა, ფულადი დახმარება გამიწია, მადლობა, რა თქმა უნდა, დედა თინათინს და "ბერი ანდრიას ფონდს", რომ ასე მეხმარება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE