ჩაშლილი გარიგება - "რუსთავი 2"-ის ყიდვას კეზერაშვილი ცოლისძმის ხელით გეგმავდა?! - კვირის პალიტრა

ჩაშლილი გარიგება - "რუსთავი 2"-ის ყიდვას კეზერაშვილი ცოლისძმის ხელით გეგმავდა?!

"საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა"

ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა.  როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება. კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია "საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.

"მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო. სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებული იქნა "რუსთავი 2"-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე", - განაცხადა პაატა სალიამ.

ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-მა 6 მლნ დოლარის ინვესტიცია მართლაც დავით კეზერაშვილის ნათესავისგან მოიზიდა.

"ბუნებრივია, რომ ყველა ვითარებაში ჩვენ ვიყენებდით, როგორც ყველა ნორმალური და ჯანსაღი ბიზნესი, ბანკს, როგორც დამხმარე ფინანსურ ინსტიტუტუციას. ამის მეშვეობით ჩვენ ვყიდულობდით ტექნიკას, კრედიტების, ოვერდრაფტების მეშვეობით ვფარავდით ხელფასებს, როდესაც ფინანსური სახსრების მოძრაობა იყო შეფერხებული ჩვენი სეზონურობის გამო. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა პერსონაჟმა, მის მიერ წაქეზებულმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს გზა ჩაგვკეტოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან, მათ შორის ჩვენს უშუალოდ კონკურენტებთან მიმართებით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის ხელისუფლების თამაში, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, დღეს ხელისუფლებამ ყველა ეს ეჭვი გაფანტა თავისი სამარცხვინო ნაბიჯით. დღეს ხელისუფლებამ შეგვიზღუდა ერთადერთი ალტერნატიული გზა გვქონდეს დაფინანსება, მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვიდგას. ეს ერთადერთი გზა არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ვაპირებთ ამ კონტრაქტის გამოქვეყნებას. მოვიზიდეთ ადამიანისგან, რომელიც დიახ, არის დავით კეზერაშვილის ნათესავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ სხვა ინვესტორი", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, არ სჭირდებოდათ არანაირი ინვესტორი, ხელისუფლებას ამ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდო ტელევიზია.

"უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მოვიზიდეთ ის ინვესტორი, რომელიც წამოვიდა ჩვენ პირობებზე არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში და ბე ეყიდა საკმაოდ მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი და დაბალი ლიკვიდურობის ქონება. ეს არის წილი "რუსთავი2"-ში. "რუსთავი 2"-ის წილის გასხვისება არ შეიძლება, შესაძლებელი იყო მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მფლობელი კომპანიის შპს "საქართველოს" წილების გასხვისება და ეს მოხდა კანონის სრული მოთხოვნების დაცვით. ამის შედეგად "რუსთავი 2" მიიღებდა 6 მილიონიან ინვესტიციას, რომელიც არ იქნებოდა არც მისი ვალი, არც მისი პასუხისმგებლობა. იმ ვითარებაშიც კი, თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა სასამართლოს, იგი წაიღებდა "რუსთავი2"-ს, ოღონდ კიდევ უფრო მეტი, 6 მილიონი დოლარით გაზრდილი აქტივით", -განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საჯარო რეესტმა ორი დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია, არადა ვალდებული იყო იმ დღესვე დაემთავრებინა რეგისტრაციის პროცესი.

"2 დღის განმავლობაში, როგორც ჩანს ვერ მოხერხდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება. მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში, თუმცა მის გასაგონად ვამბობ, რომ მას ეს პასუხისმგებლობას არ ხსნის. იგი ისევეა ჩარეული ამ ყველაფერში, როგორც ივანიშვილი და აუცილებლად აგებს პასუხს მისი უწყების ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა გვარამიამ.

"ინტერპრესნიუსი"