საქველმოქმედო კონცერტი გერმანიაში – რას ჰყვებიან გაწბილებული და მადლიერი ორგანიზატორები? - კვირის პალიტრა

საქველმოქმედო კონცერტი გერმანიაში – რას ჰყვებიან გაწბილებული და მადლიერი ორგანიზატორები?

"რომელ ჰუმანიზმსა და ადამიანობაზეა იქ ლაპარაკი, როცა მზამზარეულ კონცერტზე მისვლით, სადაც ბილეთის საფასურიც კი არ იყო დაწესებული, თავი არ შეიწუხეს მოყვასისათვის"

ა.წ 25 სექტემბერს, ფრანკფურტში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, კონცერტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც მარიამ შტილერი-ფოფხაძე და პაატა ბოლოთაშვილი იყვნენ.

კონცერტის იდეის ავტორმა, პაატა ბოლოთაშვილმა საღამოს პირველ ნაწილში, პრეზენტაციის სახით, სტუმრებს საქართველოსა და თბილისში 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ უამბო. კონცერტის მეორე ნაწილი კი ცნობილ, გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზ მუსიკოსებს დაეთმო. დასწრება თავისუფალი იყო.

კონცერტის შედეგებზე გერმანიიდან მარიამ შტილერი-ფოფხაძე გვესაუბრა.

-კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა. არც ორგანიზატორებს და არც ჩვენს ვირტუოზ ხელოვანებს თავი არ დაგვიზოგავს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო და ამ სახით უფრო მეტი მსმენელის მოზიდვა შეგვძლებოდა. კონცერტის შემდეგ სტუმრებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს, რომელთა საფასურიც, ასევე შემოწირულობის სახით, დაზარალებულებს გაეგზავნება.

-დაზარალებულთა დახმარება როგორ მოხდება?

-შეგროვილ თანხას დაზარალებულებს ჟურნალისტების თანდასწრებით გადავცემთ, რომ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს. ინფორმაციები მივაწოდეთ გერმანულ პრესასა და ფრანკფურტის ტელევიზიას, ქართველთა სათვისტომოს მიუნხენში, დიასპორის სამინისტროსა და საქართველოს საკონსულოს ფრანკფურტში. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა, მსმენელის სიმცირის გამო, ჯერ-ჯერობით 879 ევრო შეგროვდა. უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც კონცერტამდეც გადმორიცხა გარკვეული თანხა ღონისძიებასთან დაკავშირებით გახსნილ ანგარიშზე.

ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი ქართველი სტუმარი არ გვყავდა, როცა ქალაქი ფრანკფურტი და მისი შემოგარენი ქართველთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. სადაც გული და სულია, იქ ქადა ორი ხელით იჭმევა. სამწუხაროა, რომ იქ, სადაც თანამემამულეთა და დაზარალებულთა დასახმარებლად მსგავსი ღონისძიება იმართება, საკუთარი ძალების, დროისა და შესაძლებლობების ხარჯზე, ელემენტარული დაფასება და თანაგრძნობა არ გამოიჩინო იმ ხალხის მიმართ, რომელთაც ჩვენს სამშობლოში ეს სჭირდებათ. ეს სამარცხვინო და დასაგმობი საქციელია! რომელ ჰუმანიზმსა და ადამიანობაზეა იქ ლაპარაკი, როცა მზამზარეულ კონცერტზე მისვლით, სადაც ბილეთის საფასურიც კი არ იყო დაწესებული, თავი არ შეიწუხეს მოყვასისათვის, ისეთ დროს, როცა მათ მიერ გაღებული მცირედი ყურადღებაც კი დიდ სიკეთედ წაადგებოდა სხვის გაჭირვებასა და სიდუხჭირეს. ვერ და არ ვმალავ აღელვებასა და გულისტკივილს და სრულიად ობიექტურად აღვნიშნავ, რომ მსგავსი საქციელი დასაგმობია. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და არავინ იცის, ვის რა გევლის წინ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)