"უთქვამს, - გზაზე ისეთი ავარია მოხდა, იქ გავლის მაშინიაო, - ზუსტად იქ დაიღუპა..." - კვირის პალიტრა

"უთქვამს, - გზაზე ისეთი ავარია მოხდა, იქ გავლის მაშინიაო, - ზუსტად იქ დაიღუპა..."

ლანჩხუთის "გურიის" ფებურთელის საშინელი ბედისწერა - "კაცი 7 მეტრზე ავარდა ჰაერში, იქიდან კი უკან დაენარცხა მანქანით, სასწაული თუ გადაარჩენდა, სასწაული კი არ მოხდა..."

"ახლა ხომ მიშა დავკარგეთ ლანჩხუთის "გურიიდან", შარშან ზუსტად ამ დროს, "გურიის" 25 წლის ფეხბურთელი ნიკა კილაძეც ავტოკატასტროფით გარდაიცვალა, იმის წინ კიდევ "გურიის" ორი ფეხბურთელი 19 წლის თორნიკე ინაიშვილი და 15 წლის ბექა ბზეკელავაც ავარიაში დაიღუპნენ"

1-ლ ოქტომბერს, ლანჩხუთში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, მეკარე 25 წლის მიხეილ გოგუაძე იმსხვერპლა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მსგავსი საზარელი ავტოავარია არ უნახავთ - ნაწვიმარი ტრასიდან ასხლეტილი მანქანა ბეტონს ისეთი სისწრაფით შეეჯახა, რომ ჰაერში დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლზე, ელექტროსადენებთან ავარდა და შემდეგ ისევ მიწაზე დაენარცხა. ამ დროს მიშა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კიდევ რამდენიმე საათს იცოცხლა, - იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ...

მამუკა ქანთარია, მიხეილ გოგუაძის ახლობელი:

- საშინელება დატრიალდა. ვიდრე მიშა ქუთაისში არ გადაიყვანეს, მისი მეგობრები და გულშემატკივრები ლანჩხუთის საავადმყოფოში ვიყავით და იმედით შევყურებდით ყოველი თეთრხალათიანის გამოსვლას, მაგრამ უკვე ძალიან ცუდად იყო, - კაცი 7 მეტრზე ავარდა ჰაერში, იქიდან კი უკან დაენარცხა მანქანით, სასწაული თუ გადაარჩენდა, სასწაული კი არ მოხდა... თუ ეს შეღავათია, არ ვიცი, მაგრამ კიდევ კარგი მარტო იყო, მანქანაში ამ დროს სხვაც რომ ყოფილყო, ვერც ის გადარჩებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც ვიცი, მიშა არავის ტოვებდა გზაზე, მანქანა რომ არ გეჩერებინა...

მიხეილ გოგუაძე

- ანუ ავტოკატასტროფა სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია?

- როგორც ამბობენ, ვარჯიშზე აგვიანდებოდა და იმიტომ ჩქარობდა. სადაც ავარიაში მოხდა, იქ მკვეთრი შესახვევია, მაგრამ ასეთ შესახვევში აჩქარებითაც არაფერი მოუვიდოდა, რომ არა წვიმა და იქ დაქცეული საწვავი. მიშას მანქანა ამ დაქცეულ საწვავზე აუსრიალდა, რის შემდეგაც მოწყდა ადგილიდან და ჩაბეტნებულ ღობეს შეეჯახა, ღობემ კი აისხლიტა და მანქანაც ჰაერში ავარდა, ამან დაღუპა. მიშა საუკეთესო ადამიანი ხომ იყო და იყო, მეკარეც ძალიან კარგი იყო. ამ ბოლო დროს მაინც ისეთ თამაშებს თამაშობდა, ხალხი გაოცებული იყო, რა სწრაფად მიდის წინო.

"გულშემატკივარს მიშა განსაკუთრებულად უყვარდა"

"გურიაში" მხოლოდ 3 კაცი თამაშობდა ლანჩხუთელი, მიშაც მათ შორის იყო, გულშემატკივარს ის განსაკუთრებულად უყვარდა, ვინც პირადად არ იცნობდა, ისინიც ისეთი სიყვარულით ლაპარაკობენ მასზე... დედა შარშან გარდაეცვალა, ისე ძალიან განიცადა. ცოლი სამი წლის წინ შეირთო, შვილი ჯერ არ ჰყავდათ. ხალხი სხვა რამითაც გაოგნებულია, - ახლა ხომ მიშა დავკარგეთ ლანჩხუთის "გურიიდან", შარშან ზუსტად ამ დროს, "გურიის" 25 წლის ფეხბურთელი ნიკა კილაძეც ავტოკატასტროფით გარდაიცვალა, იმის წინ კიდევ "გურიის" ორი ფეხბურთელი 19 წლის თორნიკე ინაიშვილი და 15 წლის ბექა ბზეკელავაც ავარიაში დაიღუპნენ!

გიორგი ჩხაიძე, მიხეილ გოგუაძის მეგობარი და მწვრთნელი:

- საშინელება გვჭირს. დილით თბილისიდან ახალადდაბრუნებული ვიყავი და მეუღლემ მითხრა, მგონი, მიშა ავარიაში მოჰყვა და წადიო; გულგახეთქილი გავიქეცი, ალბათ ხელი ან ფეხი მოიტეხა-მეთქი, -ამას ვდარდობდი, ის კიდევ თურმე რა საშინელ დღეში ყოფილა. ვინც ეს ავარია დაინახა, ის ხალხი ამბობს, - შოკში ვიყავით, ცაში ავარდნილი მანქანა რომ დავინახეთო. როგორც კი მანქანა მიწაზე დაეცა, მივიდნენ დასახმარებლად, ამბობენ, ბიჭი თავისი მძღოლის სავარძლიანად უკვე უკანა სკამების ადგილზე იყო გადანაცვლებულიო, აი, რა ძლიერი იყო, რომ ამ საშინელ დაცემას გაუძლო და კიდევ ცოცხალი იყო. ერთმა ჩვენებურმა ექიმმა შემთხვევით ჩაიარა, მიშას პირველი დახმარება მან აღმოუჩინა. მიშა საოცარი ბიჭი იყო, ძმობაც საოცარი იცოდა და ფეხბურთშიც წინ მიდიოდა. ისე მოხდა, რომ მე თამაშს ადრე დავანებე თავი და მისი მწვრთნელი გავხდი. ძალიან მიჭირს მისი სიკვდილის დაჯერება. როცა ქუთაისში გადაიყვანეს, მეც გავყევი. იქ მალევე გარდაიცვალა, ეს საშინელება მე მითხრა ექიმმა, მაგრამ მამამისს ვერაფერი ვუთხარი, ვერ გავუბედე. გვერდით ვეჯექი და შევყურებდი, როცა გაიგებს, ცუდადად არ გახდეს, რაღაცით მაინც უნდა დავეხმარო-მეთქი.

- რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?

- მამამისი ოდნავ რომ დაწყნარდა, სწორედ ეს ვკითხე და - არაო, - მითხრა; მაგრამ ჩვენი ერთი ახლობლისთვის უთქვამს, გზაზე ისეთი ავარია მოხდა, იქ გავლის მაშინიაო. წინა დღეებში, იმავე ადგილზე "ჯიპი" და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ ერთმანეთს, ისე, რომ ელექტრობოძებიც მოთხარეს. საშინელი კატასტროფა იყო. მიშაც ამ ადგილზე დაიღუპა, - რომ ეჩქარებოდა, ალბათ მოსახვევში სწრაფად გაიარა და ნაწვიმარსა და წინა ავარიისას დაქცეულ საწვავზე აცურდა მანქანა.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)