10 სამაგიდო წიგნის ბოლო ტომი მოსახლეობამ თავად აირჩია - კვირის პალიტრა

10 სამაგიდო წიგნის ბოლო ტომი მოსახლეობამ თავად აირჩია

10 სამაგიდო წიგნის ბოლო ტომი მოსახლეობამ თავად აირჩია

იშვიათად ხდება, რომ გამომცემლობამ წიგნის უშუალო დამკვეთად მკითხველი გამოაცხადოს. როგორც წესი, მკითხველი უკვე გაყიდვაში გამოსულ წიგნებს შორის აკეთებს არჩევანს. თუმცა, გამომცემლობა "პალიტრა L"-ი თავის მკითხველს სწორედ იმით ანებივრებს, რომ თავადვე აძლევს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, რომელი წიგნები სურთ ჰქონდეთ. გახმაურებული პროექტის "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" შემთხვევაშიც ავტორებმა სერიის ბოლო წიგნი სწორედ ხალხის მოთხოვნით შეარჩიეს. ორიოდე სიტყვით პროექტის შესახებ: სამაგიდო ათეული - ეს არის წიგნები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ათივე წიგნი სხვადასხვა დროის ბესთსელერია, რომლებიც "პალიტრა L" -ის მიერ განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება. ახალი გამოცემები საშუალებას მოგცემთ, თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები" და "მეურნის ენციკლოპედია". 19 ოქტომბერს კი უკვე სერიის მე-7 ტომის ნინო ხოფერიას ,,საოჯახო წიგნის" შეძენა შეეძლებათ მკითხველებს.

ბოლო 5 თვის განმავლობაში, სანამ ათეულის ტომები გაყიდვაში ეტაპობრივად გამოდიოდა, პარალელურად მიმდინარეობდა ხალხის გამოკითხვა. მოსახლეობას თავად უნდა აერჩია სერიის მეათე, ბოლო წიგნი. გამოკითხვა საჯაროდ, ხმის მიცემის პრინციპით წარიმართა. რამდენიმეთვიანი პროცესი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა და საზოგადოება რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი. მალევე გამოვლინდა ლიდერი ხუთეული: "მითოლოგია", "პატრიარქის ეპისტოლები", "კარაბადინი", "ასტროლოგია" და "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამაგიდო წიგნების გამოვლენის პროცესში მთელი საქართველო იღებდა მონაწილეობას და ეს პროექტი ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე გამომცემლობაში ელოდნენ. ყველაზე თვალშისაცემი სოციალურ ქსელში აქტიურობის პროცესი იყო, სადაც არ წყდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კამათი, თუ რომელი წიგნი იმსახურებდა ყველაზე მეტად ამ ათეულში მოხვედრას. შედეგები ყოველდღიურად იცვლებოდა და ბოლო წუთამდე რთული იყო ვარაუდი, რომელი წიგნი გაიმარჯვებდა საბოლოოდ. გამოკითხვის შედეგებით თუ

ვიმსჯელებთ, ამ წიგნების შეძენა 40 000-ზე მეტი ადამიანის სურვილია. საბოლოოდ, 15 000 ხმით ხალხის რჩეული გახდა "მითოლოგია". ანუ, უნივერსალური ათეულის ბოლო, მეათე ტომი სწორედ ეს წიგნი იქნება.

რაც შეეხება დაწინაურებული ხუთეულის დანარჩენ წიგნებს - "მითოლოგიის" შემდეგ ხმათა უმრავლესობა 14 098 ხმა მიიღო "პატრიარქის ეპისტოლეებმა", 13 000 ხმა კარაბადინმა, 10002 ხმა ასტროლოგიამ და 9032 ხმა - უცხო სიტყვათა ლექსიკონმა. ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავია და გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოების მოთხოვნა ათ ტომში ნამდვილად ვერ ჩაეტია. ამაზე მიუთითებს არაერთი მკითხველის სინანულიც, რომ მათთვის სასურველი წიგნი ვერ იქნება მათ ოჯახებში სამაგიდო წიგნების ჩამონათვალში. პალიტრა ლ-შიც არ წყდება წერილებისა და თხოვნების რაოდენობა, სადაც არაერთი მკითხველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 10 წიგნი ძალიან ცოტაა და ამ სერიის გამოცემა არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, ეს მასშტაბური პროექტი ხალხის მოთხოვნითვე შესაძლოა, რომ კვლავ გაგრძელდეს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამომცემლობაში ჯერ კონკრეტული პასუხი არ აქვთ.