40-მდე დაკავებული არალეგალი ქართველი და სპეცოპერაციები საბერძნეთში - კვირის პალიტრა

40-მდე დაკავებული არალეგალი ქართველი და სპეცოპერაციები საბერძნეთში

საბერძნეთში მყოფმა ადგილობრივმა ქართველებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული არალეგალი ქართველები ციხეებში შიმშილობენ და დახმარებას ითხოვენ

ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში საბერძნეთში 40-მდე არალეგალი ქართველი დააკავეს. საბერძნეთში მყოფი ქართველების თქმით, დაკავებული არალეგალი ქართველები ციხეებში შიმშილობენ და დახმარებას ითხოვენ, თუმცა საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, დაკავებულები არ შიმშილობენ, ადგილზე კი კონსულისა და პოლიციის ატაშეს ჩართულობით მონიტორინგი მიდის, თუ როგორ არის დაცული მათი უფლებები.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 40-მდე ემიგრანტი ათენის ციხეში უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება. ისინი ბერძენმა სამართალდამცველებმა სხვადასხვა საავადმყოფოში დააკავეს, სადაც არალეგალურად მუშაობდნენ. 100 დაკავებულიდან ნაწილი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

ათენის მიგრანტების საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქართველები შესაძლოა, რამდენიმე წლით დააპატიმრონ ან დეპორტაციით საქართველოში დააბრუნონ.

თუმცა როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, ეს არ არის ქართველების მიმართ ღონისძიება, არამედ ზოგადად, უცხოელი მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის საკითხს ამოწმებენ.

"3 ოქტომბერს 9 ქართველი და 3 სხვა ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ეს არ არის ქართველების მიმართ ღონისძიება, არამედ ზოგადად, ამოწმებენ უცხოელი მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის საკითხს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე არალეგალურად არის ამ ქვეყანაში", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

წყარო

მოამზადა თაკო ესებუამ