"ჟასმინის რევოლუციის" მონაპოვარი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით აღინიშნა - კვირის პალიტრა

"ჟასმინის რევოლუციის" მონაპოვარი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით აღინიშნა

ნომინანტების პირველ ათეულში იყვნენ ანგელა მერკელი და რომის პაპიც, თუმცა პრესტიჟული ჯილდო ტუნისელებს ერგოთ

როდესაც ნობელის პრემიის განაწილების დრო დგება, მსოფლიო ყოველთვის განსაკუთრებით ელის  მშვიდობის დარგში

პრემიის ლაურეატის დასახლებას.

წელს 273 კანდიდატიდან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს გადაეცა.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, აღნიშნულმა "ოთხეულმა" 2011 წლის რევოლუციის შემდეგ ტუნისის დემოკრატიზაციის გზაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. ტუნისური კვარტეტი 4 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება: "ტუნისის პროფკავშირების გაერთიანება", "ტუნისის კონფედერაციის მრეწველობა, ვაჭრობა და ხელოვნება", "ტუნისის ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა" და "ტუნისის ადვოკატთა ორდერი".

ოთხეულმა ტუნისში პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანი წარმართვა მოახერხა მაშინ, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლიბიაში, ეგვიპტეში, იემენსა და სირიაში ავტორიტარული მმართველობა ან ძალადობა და არეულობა გამეფდა, ტუნისმა დემოკრატიისაკენ წარმატებული სვლა შეძლო. საინტერესოა, რომ ნომინანტთა ათეულში იყო ედუარდ სნოუდენიც, რომელიც გმირია თუ მოღალატე მსოფლიოს დღემდე ვერ შეთანხმდა. შეგახსენებთ, ის ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს თანამშრომელი იყო და არაერთი საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სწორედ მისგან გაიგო მსოფლიომ, რომ აშშ-ს სპეცსამსახური მსოფლიოს ლამის ყველა ლიდერს უსმენდა. დღეს სნოუდენი თავს რუსეთს აფარებს.

ტუნისის ეროვნული დიალოგის ოთხეული -  სწორედ ასე უწოდებენ დღეს უკვე ნობელიანტ მშვიდობისმყოფელებს, მათ ეს ჯილდო არაბული გაზაფხულის შემდეგ, სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის წარმატებით შესრულებული როლით დაიმსახურეს. კვარტეტმა შეძლო აერიდებინა ქვეყნისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი.

ტუნისის რევოლუცია ასევე ცნობილია, როგორც "ჟასმინის რევოლუცია" - რომელიც 2010 წლის ბოლოს დაიწყო და ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დასრულდა.