"ჭირისუფალი მხოლოდ ღამით მოდის" - უსახელო საფლავები - კვირის პალიტრა

"ჭირისუფალი მხოლოდ ღამით მოდის" - უსახელო საფლავები

ერთიმეორის გვერდით ჩამწკრივებულ პატარა ბორცვებად ქცეული მინდორი - სასაფლაო, სადაც ე.წ. უზედამხედველო მიცვალებულები განისვენებენ - ისინი, ვისაც ოჯახი არ დარჩა, ან სულაც მიატოვეს

წყალტუბოს ერთ-ერთ გაჩერებაზე მიკროავტობუსის ლოდინში კარგა ხანს მომიწია დგომამ. შემოდგომის მზეს მიფიცხებული მოხუცები სევდიანად იხსენებდნენ ქალბატონს. ნათელა ხვიტია ცნობილი ექიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ალჟირშიც კი იბრძოდა მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად. ბედის ირონიით, მისი ერთადერთი, 3 წლის ქალიშვილი, ინფექციურმა ეპიდემიამ იმსხვერპლა. ერთგულად იცავდა ჰიპოკრატეს ფიცს, ხანდაზმული კი თაღლითების მსხვერპლი გახდა, უბინაოდ დარჩენილი თავშესაფარში აღმოჩნდა. ღრმად მოხუცს აღარაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. სიცოცხლის ბოლო ორი წელი მის ლოდინში გაატარა... ყოველდღე ერთსა და იმავეს კითხულობდა: "როდის მოვა"ის..." ჩემი შვილი? სახელი დამავიწყდა..."

ნათელა ხვიტია 90 წლისა გარდაიცვალა. მის პირად საბუთებში თავშესაფრის თანამშრომლებმა წერილი იპოვეს. ჩანაწერის მიხედვით, 1972 წელს ექიმს ერთადერთი შვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაუკრძალავს. ადმინისტრაციამ დახმარებისათვის სასაფლაოს დირექციას მიმართა. გოგონას საფლავი იპოვეს და ქალბატონი ნათელა შვილის გვერდით დაკრძალეს. წლებია, მათ საფლავზე არავინ მისულა...

უსახელო საფლავები...

ამ ამბის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, თბილისში მომეძებნა სასაფლაო, სადაც უპატრონო მიცვალებულები განისვენებენ. კითხვა-კითხვით აფრიკის დასახლებაში, ველის სასაფლაოზე აღმოვჩნდი. აქ სწორედ ის საფლავებია, სადაც ე.წ. უზედამხედველო მიცვალებულები განისვენებენ - ისინი, ვისაც ოჯახი არ დარჩა, ან სულაც მიატოვეს.

შავ დაფებზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღის ნაცვლად საიდენტიფიკაციო ნომრებია მითითებული. ზოგს ცხოვრებამ მეტისმეტად მკაცრი განაჩენი გამოუტანა - სამუდამო განსასვენებელზე მათი სახელი და გვარიც კი არ არის მითითებული...

"ამ საფლავებს არავინ აკითხავს..."

სასაფლაოს ადმინისტრატორი მეუბნება, რომ როდესაც ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, პროზექტურაში გადაჰყავთ. ორი თვის განმავლობაში თუ მიცვალებულს არავინ მიაკითხა, ველის სასაფლაოზე კრძალავენ. ყველა გვამს უღებენ ფოტოს და ენიჭება სპეციალური ნომერი. ველის სასაფლაოზე" პირველი მიცვალებული 1997 წელს დაკრძალეს. ამჟამად 100-ზე მეტი საფლავია.

ნუგზარ გოლუბიანი,"ველის სასაფლაოს" ადმინისტრატორი: - წლები ისე გადის, ამ საფლავებს არავინ აკითხავს.

მხოლოდ ორ საფლავზე ანთია სანთელი. დღისით აქ არავინ დამინახავს. როგორც ჩანს, ჭირისუფალი ღამით მოდის, დღისით რომ არავინ დაინახოს..."

შპს "ჰერმესის" სპეციალისტი ჟუჟუნა კურატიშვილი იხსენებს:

-"90-იან წლებში ახალგაზრდა კაცის მოულოდნელმა გაუჩინარებამ საქართველო შეძრა. ბიჭის მამა შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გახლდათ, გვარად მაღალაშვილი. ოჯახი ფიქრობდა, რომ მათი შვილი გაიტაცეს. უშედეგო ძებნაში ორი წელი გავიდა და მოულოდნელად ახალგაზრდის სამარხი უზედამხედველო სასაფლაოზე ვიპოვეთ. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი მრავალსართულიანი შენობიდან გადმოუგდიათ. ექსპერტიზით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მაღალაშვილის ვაჟი იყო. ოჯახმა იგი აქედან გადაასვენა...

ერთი ახალნამშობიარევი ქალი თავისი შვილის ტყუპისცალს ეძებდა ექსჰუმაციისთვის. ვერ იჯერებდა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. ეგონა, სამშობიაროს თანამშრომლებმა ჩვილი გააშვილეს. მაშინ დედამ არ გამოთქვა ჩვილის დაკრძალვის სურვილი, მოგვიანებით კი დაეჭვდა, რომ ბავშვი გააშვილეს... დადასტურდა, რომ პატარას ცხედარი მისი მშობლების გენეტიკური კოდის იდენტური იყო და ნამდვილად გარდაიცვალა.

რამდენიმე თვის წინ შუახნის ქალბატონმა დახმარება გვთხოვა, მამის საფლავს ეძებდა. მამა მოულოდნელად ქუჩაში გარდასცვლია. თბილისში დაბრუნებულმა 10 წლის შემდეგ მიაკვლია მის საფლავს უმეთვალყუროთა სასაფლაოზე. ის ქალი ახლა აქ უვლის საფლავს.

რამდენიმე წლის წინ კახეთიდან ოჯახური კონფლიქტის გამო ახალგაზრდა გამოიპარა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იმედგადაწურულმა ოჯახმა უმეთვალყუროთა სასაფლაოზე დაიწყო შვილის"ძებნა. მამამ ვაჟი ტანსაცმლით ამოიცნო და გარდაცვლილის კახეთში გადასვენება გადაწყვიტა. დაკრძალვამდე დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ სხვა მიცვალებულს კრძალავდნენ.

ოჯახმა ამის მიუხედავად, მიცვალებულს ორმოციც გადაუხადა და წლისთავიც. იმედი გადაწურული ჰქონდათ, როცა ერთ მშვენიერ დღეს სახლის კარი მათმა წყენაგადავლილმა, უვნებელმა შვილმა შეაღო... ენით აუწერელი იყო ოჯახის სიხარული.

ყველაზე დიდი სასაფლაო მსოფლიოში

შიიტური სასაფლაო ერაყში, ქალაქ აჯაფოლ სჰრაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სასაფლაოს დასახელება არაბული ენიდან ითარგმნება, როგორც მშვიდობის ხეობა. ერაყელებისთვის მშვიდობის ხეობაში დაკრძალვა დიდ პატივად ითვლება. სასაფლაოს ფართობი 1485,5 ჰექტარს აღემატება. ქალაქ აჯაფოლ სჰრაფში მილიონამდე მოსახლეა. სასაფლაოზე დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია (სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი).

მოეწყობა შინაური ცხოველების სასაფლაო

"ველის სასაფლაოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მალე შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა. მიხეილ ძაგანია, შპს "ჰერმესის" დირექტორი: "დღეს თბილისში 35 000 რეგისტრირებული ძაღლია, რომლებსაც ჰყავთ პატრონები, სწორედ მათი მოთხოვნაა, რომ ოთხფეხა მეგობრებისთვის არსებობდეს სასაფლაო. ამისათვის ველის სასაფლაოზე გამოიყოფა"სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების დამარხვის შესაძლებლობა მიეცემა. მათივე სურვილისამებრ, შეიძლება დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდომაზე გავიტანთ".

თორნიკე ყაჯრიშვილი