რატომ გააძვირეს კლინიკებმა სამედიცინო მომსახურება - რას მალავს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი?! - კვირის პალიტრა

რატომ გააძვირეს კლინიკებმა სამედიცინო მომსახურება - რას მალავს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი?!

ახლახან შევიტყვეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ნაწილმა ნოზოლოგიური კოდების სტანდარტული ფასები 10%-ითგაზარდა (ყველა დაავადებას თავისი ნოზოლოგიური კოდი აქვს, ისევე როგორც სამედიცინო და ინსტრუმენტულ კვლევებს, რითაც ფასი განისაზღვრება). თუმცა ფასების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც კლინიკები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავენ(?!).

კერძოდ, კლინიკები არ აზუსტებენ, რა მომსახურებაზე გაზარდეს ფასები. სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტი კი არ ამხელს, რომელმა კლინიკებმა გაზარდეს ე. წ. სტანდარტის ფასები. არადა, კლინიკებმა ამ მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტს უნდა მიმართონ და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ფასის გაზრდა. ჩვენი ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტმა ზოგი კლინიკის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ზოგის -არა. ცხადია, ”საყოველთაოდ დაზღვეულ” მოსახლეობას უფლება აქვს, იცოდეს, რომელ კლინიკაში რა მომსახურებაზე გაიზარდა ფასი.

”კვირის პალიტრამ” სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიმართა. თავდაპირველად, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ხომერიკი ინტერვიუზე დაგვთანხმდა. თუმცა მალე გადაიფიქრა (მოუცლელობის საბაბით), შემდეგ კი ოფიციალური წერილით კითხვების გაგზავნა მოგვთხოვა. ასეც მოვიქეცით, პასუხი კი მაინც ვერ მივიღეთ... ისევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებზე აღარავინ გვიპასუხა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში არცთუ დიდი ხნის წინ დანიშნულ ნინო შუბლაძეს (საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მივმართეთ. დიდი ძალისხმევის შედეგად, სამაბზაციანი წერილი მივიღეთ, სადაც ჩვენს შეკითხვებზე პასუხი მაინც არ იყო გაცემული(?!). გაურკვეველია, რატომ დასჭირდა 3 სამუშაო დღეზე მეტი ამ პასუხის მომზადებას? არავინ დაგვიზუსტა, რომელი კლინიკების მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ვის რა მიზეზით უთხრეს უარი. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის გახლავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფასების გაზრდის ფაქტი დაგვიდასტურა.

”ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განსაზღვრული გავლენა იქონია ბოლო პერიოდში (2-3 თვე) ნოზოლოგიური კოდების ტარიფის მომატების მოთხოვნით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომართვიანობის ზრდაზე -უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დაფიქსირდა მსგავსი შინაარსის 35-მდე წერილი.

ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ფარმაკოლოგიურ ნაწარმზე.

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების უმეტესობამ ლარის მერყევი კურსის პირობებში, ფასის გაზრდის მოთხოვნისაგან თავი შეიკავა და შეამცირა მოგების მაღალი მარჟა, რადგან სახელმწიფო დაკვეთის სტაბილურობიდან გამომდინარე, მათი ჯამური მოგება მაინც სოლიდურია”.

”კვირის პალიტრას” ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც არცთუ დიდ ხნის წინ მნიშვნელოვანი თანამდებობა ებარა (მან ვინაობის დასახელება არ ისურვა): -ჯერჯერობით სერგეენკოს უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ პროგრამა არ შეწყდეს, თუმცა დიდხანს ვერ გასტანს. გადაუდებელი და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რაზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დიდი დაფინანსება აქვს გამოყოფილი. რა გახდა ამის მიზეზი? ბოლო დროს ქვეყანაში ომი და კატასტროფა არ ყოფილა, ექიმები ხელოვნურად ამძიმებენ ანამნეზს (ავადმყოფობის განვითარების ისტორია). შესაბამისად, თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

აბსურდად მიმაჩნია ისიც, რომ საყოველთაოდ დაზღვეულები ის პირები არიან, რომელთა ხელფასი 1.000-1.500 ლარს სცილდება. მინისტრები თვეში 5.000 ლარს იღებენ, მარეგულირებელი კომისიებისა და ფონდების ხელმძღვანელების შემოსავალი კი 27-30 ათასს აღემატება. იმავდროულად, დაუზღვეველი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც კორპორაციული დაზღვევით სარგებლობდნენ და შეუწყდათ იმის გამო, რომ სამსახურები დაკარგეს. მათი მომსახურების სერვისი ძალიან შეზღუდულია. ცხადია, სახეზეა ადამიანთა დისკრიმინაცია და ანტიკონსტიტუციური ქმედება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე ხმას არ იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 40 ათასამდე კაცის სათანადოდ დაზღვევა მოუწევს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ მთიანი რეგიონების წამგებიანი საავადმყოფოების სახით დიდი ტვირთი აიკიდა, როცა ისინი კერძო კომპანიებისგან უკან გამოისყიდა. ძნელია, ბიუჯეტი ყველაფერს ამყოფინო... კლინიკების მიერ ფასების გაზრდა კი მოსახლეობის დიდ ნაწილს ურტყამს. უმეტესობას იმ 30%-ის გადახდაც უჭირს, რაც გეგმური მომსახურების მიღებისას ევალება. თუ, მაგალითად, ქირურგიული ოპერაცია 2.000 ან 3.000 ლარი ღირს, 30%-ის გადახდა საკმაოდ ძნელია, ახლა ამას დაემატა ფასის 10%-იანი ზრდა. ცალკე საკითხია გაძვირებული მედიკამენტები...

შესაძლოა, ხელისუფლების დუმილს სხვა მიზეზიც ჰქონდეს -მსხვილი და გავლენიანი კორპორაციები ჯანდაცვის სამინისტროს პირობებს თავად კარნახობენ. მაგალითად, ”ევექსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილია, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ინგოროყვა კი ამირან გამყრელიძის მძახალია. თუ ისინი მოისურვებენ, ფასებს ნებისმიერ დროს გაზრდიან და სოცმომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი მათ უარის თქმას ვერც გაუბედავს! რატომ? მიზეზი მარტივია... კორპორაციამ, რომელსაც 42 მულტიპროფილური და ამბულატორიული ცენტრი აქვს, რეგიონებში (თუნდაც რემონტის საბაბით) რომ დახუროს თავისი კლინიკები, სიტუაცია კრიზისული გახდება. ვფიქრობ, ფასების გაზრდაზე უარი შედარებით ”უპატრონო” კლინიკებმა მიიღეს...

”კვირის პალიტრა” კლინიკებსაც დაუკავშირდა. ინგოროყვას კლინიკაში ფასების გაზრდის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. ციციშვილისა და იაშვილის კლინიკის წარმომადგენლებმა კი დაადასტურეს, რომ მათი მოთხოვნა დადებითად გადაწყდა. ”ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ კი განაცხადა: ”ჩვენ წლის დასაწყისშივე მოვითხოვეთ ფასთა სხვაობებთან დაკავშირებით კორექცია, მაგრამ ეს ფასთა სხვაობები არ არის გამოწვეული მარტო მატებით... სამედიცინო სერვისების ნაწილზე ფასებმა მოიმატა, ნაწილზე კი შემცირდა. ახალი ფასები პირველი აპრილიდან ამოქმედდა. მაგალითად, თუ თბილისში ულტრაბგერითი კვლევა 45 ლარი ღირს, ქუთაისში ჩვენს კლინიკაში ეს მომსახურება 35 ლარადაც შესაძლებელია”.

P.S. ვიმედოვნებთ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც, ჯანდაცვის სამინისტრო მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რომელმა კლინიკებმა გააძვირეს ფასები და რა სამედიცინო მომსახურებას ეხება აღნიშნული ცვლილება.