რატომ გაორმაგდა განქორწინების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში?! - კვირის პალიტრა

რატომ გაორმაგდა განქორწინების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში?!

საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 2010 წელს იყო 4 726, 2011 წელს - 5 850, 2012 წელს - 7 136, 2013 წელს - 8 089, ხოლო 2014 წელს - 9 119.

რაც შეეხება რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი განქორწინება 2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით თბილისშია რეგისტრირებული, მას მოჰყვება იმერეთი, აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო - ზემო სვანეთი. უფრო კონკრეტულად კი, 2014 წელს თბილისში დარეგისტრირდა 3,346 განქორწინება, იმერეთში - 1, 423, ქვემო ქართლში - 1 036, აჭარაში - 678, ხოლო კახეთში - 671 განქორწინება.

დემოგრაფების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა მზარდია, ამ რაოდენობაში ნახევარზე მეტი ფიქტიური განქორწინებაა. დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ფიქტიური განქორწინება, როცა ცოლ-ქმარი ისევ ერთად ცხოვრობს, მაგრამ კონკრეტული საქმის გამო მათი განქორწინება საჭირო გახდა.

ავთანდილ სულაბერიძე:

- ფიქტიური განქორწინების მიზეზი ძირითადად არის ქონების გადაფორმებები, მაგალითად საგადასახდო დარღვევების გამო ოჯახს არ ჩამოართვან ქონება, ამიტომ ამ უკანასკნელს მეუღლეების სახელზე აფორმებენ ხოლმე. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად, მაგრამ ფორმალურადგ განქორწინებებულები არიან, რადგან საქმეს ასე სჭირდება.

განქორწინების მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა მათი 50% მაინც ფორმალური განქორწინებებია. ძალიან ნაკლებად არის განქორწინება კონფლიქტების შედეგად, მართალია არის შემთხვევები, როცა მიზეზი არის ლოთობა, ნარკომანია, ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ამ მიზეზების რაოდენობა უფრო დაბალია, ვიდრე ფიქტიურის.

დემოგრაფის თქმით, ფიქტიური განქორწინების რაოდენობის ზრდაზე მეტყველებს ქორწინების ხანგრძლივობის მიხედვით რეგისტრირებული განქორწინებაც. წყვილები, რომლებიც ქორწინებაში 20 წელზე მეტი ხანი იმყოფებიან მათი განქორწინებების პროცენტი, მთელ განქორწინებულთა რაოდენობაში ყველაზე მაღალია.

მოამზადა თაკო ესებუამ