ჟანრი ლოლაშვილი: "ამ სასტუმროში ალბათ ერთი კუთხე ქაჯეთის ციხე იქნება" - კვირის პალიტრა

ჟანრი ლოლაშვილი: "ამ სასტუმროში ალბათ ერთი კუთხე ქაჯეთის ციხე იქნება"

სასტუმრო "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე, სადაც "თითოეული ოთახი კონკრეტული პერსონაჟის სახელობის იქნება"

"დიზაინში სასურველია გამოყენებული იყოს ხე, რკინა, შუშა და ქვა. ასევე, სასურველია ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში იყოს მსგავსება. გამოყენებული იყოს ციტატები "ვეფხისტყაოსნიდან" 3 ენაზე (ქართული, ებრაული და ინგლისური), როგორც ქვაზე, ასევე მინაზე. შესაძლებელია ნომრების რაოდენობის შეცვლა. სასურველია ნომრების დიზაინის სხვადასხვაობა, პოემის სიუჟეტის მიხედვით", - ეს არის ამონარიდი საკონკურსო განაცხადიდან, რომლის გამარჯვებული პროექტითაც თბილისში, თავისუფლების #4-ში არსებული შენობის პირველ და მეორე სართულზე, 15-ნომრიანი სასტუმრო უნდა გაკეთდეს. მთავარი მოთხოვნა კი ისაა, რომ სასტუმრო "ვეფხისტყაოსნის" მოტივებს უნდა დაეფუძნოს. პროექტს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ახორციელებს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მილიონი აშშ დოლარია. ამ ინფორმაციამ ჩვენს საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მარიამ კაპანაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მენეჯერი:

- მსგავსი ტიპის სასტუმრო-ბუტიკი თბილისში ჯერჯერობით არ არის და ალბათ ამიტომ გამოიწვია ხალხის დიდი ინტერესი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ვიმედოვნებთ, რომ სასტუმრო ვიზიტორების დიდ მოწონებას დაიმსახურებს, რომელიც ძირითადად ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებზე იქნება გათვლილი. სასტუმრო"ვეფხისტყაოსნის" მოტივებით იქნება გაჯერებული და თითოეული ოთახი კონკრეტული პერსონაჟის სახელობის იქნება. სოციალურ ქსელში ცინიკური კომენტარები თუ იყო, დარწმუნებული ვარ, დადებითიც ბევრი იქნებოდა და იქნება. ვფიქრობ, მხოლოდ მისასალმებელია, როცა ქართულ მოტივებზე ასეთი რამ იქმნება. მსოფლიოში არ ვიცი არის თუ არა ანალოგიური ტიპის სასტუმრო, მაგრამ"ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე სასტუმრო ნამდვილად არ არსებობს.

ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:

- საერთოდ ყველაფრის მომხრე ვარ, მაგრამ აღარ ვიცი, ახლა რა გითხრათ... ალბათ სასტუმროს ერთ ნაწილში ქაჯეთის ციხე იქნება, შემდეგი ოთახი იქნება, სადაც "სმენად მხეცნი მოვიდიან", შემდეგ ალბათ ერთ ოთახში ტარიელის სახელობის ქვა იქნება და იქ დაჯდება სატირლად მისული კაცი, ბოლოს ალბათ ერთგან იქნება ერთი დიდი ადგილსამყოფელი, სადაც ყველა ერთად შევიკრიბებით და დავიყვირებთ -"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი" და გავიფლითავთ გულ-მკერდს..."

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)