"მის ჩინეთი 2015" და საქართველო - კონკურსის ფინალში ქართული ანსამბლი იცეკვებს - კვირის პალიტრა

"მის ჩინეთი 2015" და საქართველო - კონკურსის ფინალში ქართული ანსამბლი იცეკვებს

სექტემბერში, თბილისში "მის ჩინეთი 2015"-ის ნახევარფინალი გაიმართა, რასაც ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისინი კი, ვინც რიყის პარკში ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი 16 ულამაზესი ჩინელი გოგონას შესრულებული ქართული ცეკვა ნახა, აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავენ.

ეს კონკურსი ჩინეთში ძალიან პოპულარულია, როგორც ყოველთვის, წელსაც ფინალური ეტაპისთვის, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება, დიდი სამზადისია, თუმცა მანამდე იყო ნახევარფინალი, რომელიც ტარდიციულად სხვა ქვეყანაში, ამჯერად საქართველოში ჩატარდა. საქართველოში ჩამოსული ჩინელი ლამაზმანები თბილისის გარდა ბათუმსა და  ყაზბეგს სტუმრობდნენ, რთველშიც მოსინჯეს ძალები და ხინკლის მოხვევაც სცადეს...  ნეხევარფინალის 16 მონაწილედან ფინალში 12 გოგონა გადავიდა, რომლებიც 17 ოქტომბერს  ჩინეთში, ქალაქ ზუჰაიში შეეჯიბრებიან ერთმანეთს ყველაზე ლამაზის გამოსვლენად.

კონკურსს ჩინური სატელიტური ტელევიზია Phoenix TV მართავს, რომლის გადამღები ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად სექტემბერში, კონკურსანტებთან ერთად, იმყოფებოდა. აღნიშნული ტელევიზია, რომელსაც გააჩნია ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მას მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

Phoenix TV-ს გადამღები ჯგუფმა საქართველოში, სადაც გაიმართა  Miss Chinese Cosmos Pageant-ის  ნახევარფინალი, კონკურსანტების მონაწილეობით დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს "მის ჩინეთი"-ს მსვლელობისას იხილავს. ფილმის ავტორებს სურვილი ჰქონდათ მაქსიმალურად წარმოეჩინათ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და მათ შორის ეროვნული ფოლკლორიც. ამაში გადამღებ ჯგუფს, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი დაეხმარა,  ქართველმა მოცეკვავეებმა ჩინელ ლამაზმანებთან ერთად ქართული ტრადიციული ცეკვების პოპური შეასრულეს. ,,მის ჩინეთის" ორგანიზატორების მიწვევით ანსამბლი საკონკურსო ცერემონიალზე იცეკვებს. დასის 16-კაციანი ჯგუფი ჩინეთში 13 ოქტომბერს გაემგზავრება.