რა განძი ინახება სოფელ ლახმულდში - კვირის პალიტრა

რა განძი ინახება სოფელ ლახმულდში

"სახარების ძალა სვანეთს მთელი 8 საუკუნე წინამძღვრობდა ღვთის სიყვარულსა და პატიოსნებაში, იფარავდა საქართველოს"

ლახმულდი სვანეთის დასავლეთით ბოლო სოფელია და აქ ფიცის დასადებად თითქმის მთელი სვანეთი მოდიოდა... ამ დროს დადებული ფიცი შეურყეველი იყო და მისი გატეხის შემთხვევა ალბათ, ისტორიაში არც ჩაწერილა

ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, ზემო სვანეთის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ენგურ-ლენხერის ხეობაში, ჰამაშისა და ჰაბკვირის მთებს შუა მდებარეობს გამორჩეული სოფელი ლახმულდი - ლახამულა... ამ მშვენიერ სოფელში მშვენიერი ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სასოებით უფრთხილდებიან მამა-პაპათა ტრადიციებს. ქართველმა კაცმა ოდესღაც სწორედ აქ, არწივთა ამ საბუდარში, იპოვა არა მარტო მყუდრო სადგომი, არამედ სულიერი კულტურის ხელთუქმნელ ძეგლთა საიმედო სავანეც. ამ სოფელს და მთელ სვანეთს თავის ძალას და ნათელს ჰფენს ხიდის წმ. გიორგის (ჯგურაგ ბოგეშ) უძველესი ეკლესია, სადაც სხვა სიწმინდეებთან ერთად ინახება უნიკალური XII ს. ხელნაწერი, ტყავის ყდით მოკაზმული სახარება - ლახმულდის ოთხთავი (გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია). 8 საუკუნეა სოფელი და ეს სახარება განუყოფელნი არიან.

დღეს ლახმულდის სახარება ტაძრის ცეცხლგამძლე სეიფშია დაცული და მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულებზე ანდა ფიცის დადებისას გამოაბრძანებენ.

ზვიად კვიციანი, არქეოლოგი, თსუ-ის პროფესორი, სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი: - სვანეთი მუდამ იყო ძნელბედობისას საქართველოს განძთსაცავი. ეს მხარე დღევანდელი თვალით ჩანს მიუვალი და მთებში შეკეტილი, თორემ ისტორიულად საქართველოს მასთან მუდამ ჰქონდა მოკლე და მოხერხებული საკომუნიკაციო გზები ხეობებზე გავლით. მაგალითად, სვანეთიდან რაჭას, იქიდან კი დანარჩენ საქართველოს იოლად უკავშირდებოდა. აქედან უმოკლესი გზებით გადიოდნენ ჩრდილო კავკასიისკენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სიმდიდრე, რომელსაც სვანეთი ისტორიულად ინახავდა, ამ მრავალმხრივი გზებით არის შემოტანილი - აქაური მოსახლეობაც ეროვნულ სიწმინდეებს ერთგულად იცავდა და დღემდე მოიტანა.

სოფელი ლახმულდი ინახავს XII საუკუნის სახარებას გიორგი მთაწმინდელის რედაქციით. ის ხიდის წმინდა გიორგის ტაძარშია დაბრძანებული და დაცულიც - ისეთ ცეცხლგამძლე სეიფში ინახება, რომ უცხოს ხელი ვერ მიუახლოვდება. მისი ნახვა ყველას არც ადრე შეეძლო და არც დღეს შეუძლია. 1910 წელს, როცა ექვთიმე თაყაიშვილმა, წმინდა ექვთიმემ რაჭა-სვანეთი მოიარა, ლახმულდის სახარება მანაც კი ვერ ნახა. დანანებით წერდა, - ვერ ვნახე, მაგრამ ვგონებ, ალექსანდრე ხახანაშვილს უნდა ჰქონდეს ნანახიო. ასეთ სიფრთხილეში, ეჭვგარეშეა, სახარების მაქსიმალური დაცვაც იგულისხმებოდა და იმის წარმოდგენაც, რომ ვინმეს სახარებისთვის ავი თვალით არ შეეხედა და მის მადლს ამით რაიმე არ დაჰკლებოდა. ლახმულდის სახარება უმაღლესი ხარისხის ხბოს ტყავზეა დაწერილი და ასევე ძვირფასი ყდა მოსავს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან დაზიანებულია. დაზიანებულია ფურცლებიც. დაზიანება იმდენად თვალში საცემია, რომ ამ განძს, რომელიც აქამდე სვანეთმა შეუნახა ქვეყანას, დავკარგავთ, თუ დროზე არ ვუპატრონეთ - ყდაცა და ფურცლებიც სოკოსაგან აქვს შეჭმული.

- სოკო რამ გაუჩინა?!

- დრომ. გარდა ამისა, წმინდა სახარება ინახებოდა ისეთ საკრალურ გარემოში, რომლის ადათებით, ლოცვისას თუ ფიცის დადებისას სახარებას წყალი უნდა შეხებოდა, წყალში უნდა ჩაედოთ, რათა ლოცვას მეტი ძალა და მადლი ჰქონოდა. სოკოს გაჩენას კი ისე არაფერი უწყობს ხელს, როგორც ტენიანობა. ლახმულდი სვანეთის დასავლეთით ბოლო სოფელია და აქ ფიცის დასადებად მთელი სვანეთი მოდიოდა, რომელთაც აქაური დამფიცებლები აფიცებდნენ წმინდა სახარებაზე. ამ დროს დადებული ფიცი შეურყეველი იყო და მისი გატეხის შემთხვევა ალბათ, ისტორიაში არც ჩაწერილა.

- ნათლისღების დღესასწაულზეც აღესრულება წყალში ჯვრის ჩაბრძანება...

- სვანეთში მდინარეებს ათასწლეულების წინ სწირავდნენ ლითონის იარაღს და სანაცვლოდ წყალს ბედნიერებას სთხოვდნენ; ეს წესი ნაწილობრივ დღესაც არის შემორჩენილი - გაზაფხულის პირს, პირუტყვის საძოვარზე გარეკვისას, სვანები ენგურში პატარა ლითონის ნაჭერს აგდებენ და პირუტყვის გამრავლებასა და ბარაქას სთხოვენ. თუმცა, მსგავსი იარაღები ევროპის მდინარეებშიც აღმოჩნდა და ეს იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ წყლისთვის ლითონის შეწირვა უხსოვარი დროის ჩვეულებაა. ამის ნიშნად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით აუზებს, რომლებშიც ხურდა ფულს ყრიან. ასე იყო სვანეთშიც, რომელსაც თანამედროვე კაცობრიობასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. აქ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის წყალში გადაყრილი იარაღი აღმოჩენილია სწორედ ენგურში, წმინდა გიორგის სალოცავის ახლოს. რატომ მაინცდამაინც აქ? ამას მარტივი ახსნა აქვს, - სოფლის აღმოსავლეთით, ერთ ადგილს ჰქვია სამადლობელი. მიმადლება-სამადლო-სამადლობელი, გადასალოცი, მისალოცი, სამადლობელი.

სვანი მოგზაური შინიდან გასვლამდე, წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობდა, მას სთხოვდა ბედნიერ მგზავრობას. სახიფათო უღელტეხილების გადავლის დროსაც სვანებს შემწედ და მფარველად წმინდა გიორგი მიაჩნდათ. შინ მშვიდობით მობრუნებული მგზავრი სამადლობელ ლოცვას კვლავ წმინდა გიორგის აღუვლენდა.

სამეგრელოდან, ზუგდიდიდან სვანეთში მომსვლელს უნდა გაევლო ლახმულდი, ერთ ღამეს იქ რჩებოდა, მადლობას სწირავდა უფალს შინ მშვიდობით დაბრუნებისათვის. მეორე დილით ჯგურაგ ბოგეშში ხიდის წმ. გიორგის ეკლესიაში ილოცებდა, ღმერთს მადლობას უხდიდა მშვიდობიანი მგზავრობისთვის და აგრძელებდა გზას. აქ შემოსულმა უკვე იცოდა, რომ, სამშვიდობოზე იყო, საშიშროება აღარ ელოდა. ამიტომაც დაერქვა ამ ადგილს ლახამულალ, რაც ნიშნავს სამადლობელს.

დღესაც, ყოველი ტრადიციების მიმდევარი სვანი სვანეთიდან გასვლამდე, ლახამულის ხიდის წმინდა გიორგის"გამოსთხოვს მშვიდობიან მგზავრობას. სამადლობელს კი იმ ადგილას სწირავს, სადაც ლოცულობს და სჯერა, რომ მისი ლოცვა შეისმინება...

ლახმულდის სახარების ძალა სვანეთს მთელი 8 საუკუნე წინამძღვრობდა ღვთის სიყვარულსა და პატიოსნებაში, იფარავდა საქართველოს.

- ცნობილია, რომ სვანეთში იმ ოჯახებს, რომლებიც სიწმინდეებს ინახავდნენ და ძალიან დიდი საკრალური ძალა აკავშირებთ ამ სიწმინდეებთან, მათი დაცვა მოვალეობად მანამ მიაჩნიათ, სანამ მათი თუნდაც ერთი შთამომავალი დადის დედამიწაზე.

- სწორედ ამის გამო ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ამ სიწმინდეების გასვლა მათი ოჯახებიდან შეუძლებელია. ამ ხალხმა სიწმინდეების დაცვით უდიდესი მისია შეასრულა ქვეყნის წინაშე და ამ მისიას დღესაც ერთგულებენ. სოფლის ყოველი მოსახლე მზად არის, თვეობით მიიღოს და მოემსახუროს იმ ხალხს, რომელიც ადგილზე ჩავა ამ სიწმინდის აღსადგენად. სვანების ოჯახებში ამ რწმენით ბევრი სიწმინდეა შენახული.

ლატალში, ბაგრატ ნანსყანის ოჯახში, დღემდე ინახება ოქროს კარედი ხატი - ოქროსსამოსიანი წმინდა გიორგი მინანქრის ანგელოზებით. ამ ხატით დაილოცა თამარი მეფედ კურთხევის დროს. 1910 წლამდე ეს ხატი ლატალში, მაცხოვრის ტაძარში ინახებოდა და მერე მოხვდა ნანსყანების ოჯახში. ცხადია, იმიტომ, რომ ეპოქა იცვლებოდა, ეკლესიებზე შეტევა იწყებოდა. ნანსყანებმა ეს ხატი საშიშ ადგილს მოაშორეს. მაგრამ როცა ასეთი განძი ზიანდება, მის აღდგენას ოჯახი ვერ შეძლებს...

ლენჯერში ყველამ იცოდა, რომ სოფელს ჰქონდა დიდი სიწმინდე, რომელიც რომელიღაც კიდობანში ინახებოდა და გაქრა. სად - არავინ იცოდა. ამასობაში კოშკების აღდგენა დაიწყო და როცა შუკვანების კოშკი აღადგინეს, სიწმინდეებით სავსე კიდობანი ნანგრევებიდან ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ნანგრევებში უჰაეროდ ყოფნას წლების განმავლობაში დაწერილი ხატები დაეზიანებინა...

ასე რომ, როცა საქმე სიწმინდეების აღდგენას ეხება, ამას ქვეყნის ჩარევა სჭირდება და ამ დროს ყველაზე დიდი სიტყვის თქმა პატრიარქს ეკუთვნის. ლახმულდის სახარებაც უნდა გადარჩეს - უიმისოდ სვანეთსა და საქართველოსაც დიდი მადლი დააკლდება.

ღირსი გიორგი მთაწმინდელი

ღირსი გიორგი მთაწმინდელი თრიალეთში, ღვთისმოსავი მშობლების ოჯახში დაიბადა. მისი მამა მეფე გიორგი I-ის ერთგული იყო. ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო შვილები - თეკლე და გიორგი ღმერთს შესწირა. 7 წლის ასაკიდან გიორგი ჯერ ტაძრისის (სამცხე), ხოლო შემდეგ ხახულის მონასტერში იზრდებოდა. თრიალეთის ერისთავის, ფერის ჯოჯიკის ძის მეუღლემ ნიჭიერი და სიკეთით ქმნული გიორგი შვილად აღიარა. იმ დროს თრიალეთი ბიზანტიის ხელში იყო. კეისარმა ბასილიმ ფერისს ცილი დასწამა და კონსტანტინოპოლში თავი მოჰკვეთა. ერისთავის ქვრივმა ყრმა ბერძენ ფილოსოფოსებს მისცა აღსაზრდელად. განსწავლული გიორგი სამშობლოში დაბრუნდა, 25 წლისა ხახულის მონასტერში ბერად აღიკვეცა. მალე ფარულად დატოვა მონასტერი და შავ მთაზე გაემართა. მოძღვრის კურთხევით, ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი საქმის გასაგრძელებლად ათონის მთაზე წავიდა. მალე მთელი უდაბნოს წინამძღვარი გახდა. მის მიერ თარგმნილ წიგნთა მცირე ნუსხაც კი ცხადყოფს უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს და ქართველი ხალხის ჩამოყალიბების საქმეში: სახარება, შესაქმე, ფსალმუნები, დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა...

ბაგრატ IV-ის თხოვნით, გიორგი მთაწმინდელი საქართველოში დაბრუნდა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება. ბაგრატის თხოვნითვე წაიყვანა კონსტანტინოპოლში ბიზანტიის დედოფლის, თეოდორას ნაშვილები ბაგრატის ასული, მცირეწლოვანი მართა. დედაქალაქში მისულთ თეოდორა გარდაცვლილი დახვდათ. უმშვენიერესმა გოგონამ განაბრწყინა სამეფო დარბაზი, გააოგნა ბიზანტიელნი. გიორგი მთაწმინდელმა წინასწარმეტყველურად თქვა: "დედოფალი წარვალს და დედოფალი მოვალს". მართლაც მალე ბიზანტიის დედოფალი გახდა მართა-მარიამი (მამიდა დავით აღმაშენებლისა). გიორგი მთაწმინდელმა 80 ობოლი ბავშვი წაიყვანა განათლების მისაღებად ათონის მთაზე, მაგრამ სავანეს ვერ მიაღწია, 1065 წელს კონსტანტინოპოლში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე გარდაიცვალა. ათონელმა მამებმა წმინდანის ცხედარი ათონის მთაზე გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს.