უცნობმა "ჩანგალისტმა" ოტიას იუბილე ჩაშალა - კვირის პალიტრა

უცნობმა "ჩანგალისტმა" ოტიას იუბილე ჩაშალა

2010 წლის აგვისტოში ოტია იოსელიანს მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრობის მიზეზი ლოგიკური იყო - ცნობილი მწერლისთვის 80 წლის იუბილეს გადახდა სურდათ. თაოსანი - პოეტი მაყვალა გონაშვილი გახლდათ.

მაყვალა გონაშვილი:

- ბატონ ოტიას მშობლიურ სოფელ გვიშტიბში ვესტუმრეთ. როგორც ყოველთვის, ახალუხი ეცვა, თავზე სვანური ქუდი ეხურა და ჩიბუხს აბოლებდა... სტუმრობის მიზეზი რომ გაიგო, თავისებურად დაგვტუქსა: ქვეყანა თავზე გვექცევა, მეგონა, სავიშვიშოდ იყავით მოსული და იუბილესთვის გცალიათო? მერე გული მოულბა, მოგვეფერა, სუფრაც გაგვიშალა და თავისი ხელით გამოხდილი არაყი და თაფლი მოგვართვა.

იქაურობა ძალიან ჰგავდა მუზეუმს, სადაც მის გარდა ვერავინ იცხოვრებდა. ეზო-მიდამოში ყველაფერი დაწკრიალებული იყო, ყველაფერს მისი ხელი ემჩნეოდა - ოტია იოსელიანი არა მარტო საუკეთესო მწერალი, საუკეთესო მეურნეც გახლდათ. მახსოვს, ერთხანს მწერალთა სახლში წყალი ჩამოდიოდა და ვჩიოდით, მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევსო. ოტიამ - მთავრობას რას უყურებთ, ხომ შეიძლება სახურავი თქვენ თვითონ გაასწოროთო. ჩამოვიდა თბილისში, სახურავზე ავიდა და თავისი ხელით გაასწორა...

ბატონ ოტიას იუმორი არ ღალატობდა. იმ დღესაც ბევრი გვაცინა. გვიყვებოდა: ერთი ძაღლი მყავდა, ბომბორა. ერთხელ ძალიან გავუბრაზდი და დარდით მოკვდა, რაც მე ამ მთავრობას ვაგინებ, ცოცხლები როგორ არიანო. ძალიან უარობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავითანხმეთ, რომ თბილისში ჩამოსულიყო და მისი იუბილე აქ აღგვენიშნა... იუბილე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში გადავუხადეთ. საღამოს მიმდინარეობისას სცენაზე ამოდიოდა ვიღაც კაცი, რომელიც ხან ჩვენ გვესაუბრებოდა შინაურივით, ხან - ოტიას. ბანკეტზე რომ წავედით, ეს კაციც გამოგვყვა. ჩვენც იუბილარის გვერდით, საპატიო ადგილას დავსვით - ვიფიქრეთ, მისი ნათესავიაო. თურმე ოტიას ჩვენი ნაცნობი ეგონა. დიდხანს უსმინა იმ კაცს, დიდხანს ითმინა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და აგვიყვირდა: ვინ არის ეს კაცი და რას გადამეკიდაო. გაირკვა, რომ ის არავის ნაცნობი არ ყოფილა, თურმე ჩვეულებრივი "ჩანგალისტი" იყო, რომელიც ხშირად დადიოდა ასეთ ღონისძიებებზე, ყველას ვიღაცის ახლობელი ეგონა და ზოგჯერ თამადადაც კი ირჩევდნენ. წამოხტა ოტია, გაიქცა და ეს კაციც უკან გაჰყვა. დავრჩით გაოგნებულები. ასე დაგვტოვა უცნობმა "ჩანგალისტმა" იუბილარის გარეშე... სამწუხაროდ, ეს ბატონი ოტიას უკანასკნელი იუბილე იყო.

როდესაც პასპორტებიდან მამის სახელი ამოიღეს, ოტია ადგა და ისეთი წიგნი გამოსცა, სადაც მარტო მამის კი არა, ხუთი, თუ ექვსი თაობა ჰყავდა ნახსენები. ეს იმიტომ გააკეთა, რომ წინაპრებისადმი პატივისცემა გამოეხატა. ბოლო წუთებამდე სულ იმაზე წუხდა, რა ეშველება ხვალინდელ საქართველოსო. მიხარია, რომ მისი სიცოცხლის ბოლო წელს იუბილეს გადახდა მაინც მოვასწარით და საოცარ ადამიანს პატივი ვეცით".

ხათუნა ჩიგოგიძე