30 ნოემბრიდან "პალიტრა TV" ახალი ფორმატით გავა ეთერში - კვირის პალიტრა

30 ნოემბრიდან "პალიტრა TV" ახალი ფორმატით გავა ეთერში

"პალიტრა ნიუსს" მედიაბაზარზე საკუთარი ნიშა ექნება და მალე მაყურებლისთვის ახალი ამბების მისაღებად მთავარი საინფორმაციო წყარო გახდება"

მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ცხოვრებაში ტელევიზია პირველად შემოიჭრა, ცისფერი ეკრანი ყოველდღიურობის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა. დღესაც ტელევიზიისგან ყოველდღიური ობიექტური ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში სულ უფრო დიდია, თუმცა, როგორც წესი, მაყურებელი საბოლოოდ სხვა სუბიექტის მიერ გაანალიზებულ მედიაპროდუქტს იღებს და პროცესების შეფასების შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევა. არადა, მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, ტელევიზიიდან ობიექტური რეალობა სუბიექტური კომენტარების გარეშე მოისმინონ და მიღებული ინფორმაცია თავად გააანალიზონ.

სწორედ ობიექტური და რაც მთავარია, მრავალფეროვანი ინფორმაციის მაყურებლამდე მისატანად 30 ნოემბრიდან ტელეკომპანია "პალიტრა TV" სამაუწყებლო ფორმატს იცვლის და საზოგადოებას ქართული რეალობისთვის სრულიად ინოვაციურ საეთერო ბადეს სთავაზობს - მაყურებელი როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ სპორტულ სფეროში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში უწყვეტად, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღებს. რაც მთავარია, ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ განახლდება.

ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ,,პალიტრა TV"-ს სამიზნე აუდიტორია იგივე რჩება: ერთი მხრივ, საქმიანი ადამიანები, რომლებისთვისაც საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში ჩართულობა მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ კი, დიასახლისები და ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყნის სოციალურ თუ კულტურულ რეალობას. "პალიტრა TV" ამჟამად პოზიციონირდება როგორც ახალი, ინტერაქტიული, მაყურებელთან კავშირზე ორიენტირებული ტელევიზია, რომელიც მულტიმედიაბიზნესში ,,პალიტრამედიის" მრავალწლიანი, სტაბილური და წარმატებული განვითარების საფუძველზე შეიქმნა და ყოველდღიურად ვითარდება.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ტელეკომპანია "პალიტრა TV-"ს დირექტორი აღნიშნავს, 30 ნოემბრიდან ტელევიზიის ფორმატთან ერთად, ლოგო და სახელწოდებაც კი იცვლება.

ინგა დადიანი, "პალიტრა TV"-ს დირექტორი: "30 ნოემბრიდან ტელეკომპანია "პალიტრის" არა მხოლოდ ფორმატი, ლოგო და სახელიც იცვლება. "პალიტრა ნიუსი" - ასე ერქმევა არხს, რომელიც მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. იცვლება ტელევიზიის სლოგანიც: "ახალი ამბების ტელევიზია". აღსანიშნავია, რომ "როიტერთან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ქართველ მაყურებელს ოპერატიულად შევთავაზებთ. რაც მთავარია, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, "პალიტრის" მაღალი ხარისხის სიხშირის მიღება საქართველოს ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი".

ტელევიზიაში ფორმატის ცვლილების დეტალებზე ტელეკომპანია "პალიტრა TV"-ს მთავარ პროდიუსერს, მაკა ლომიძეს ვესაუბრეთ:

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საინფორმაციო ფორმატის არაერთი ტელევიზია მაუწყებლობს, კომბინირებული სატელევიზიო ინფორმაციის ვაკუუმი მაინც იქმნება - ყოველთვის რჩება ცარიელი ლაქა, რომლის შევსებასაც მაყურებელი ინტერნეტსა თუ გაზეთში დამატებითი ინფორმაციის მოძიებით ცდილობს.

"პალიტრა ნიუსში" კი ყველა ტიპის ინფორმაცია მოიყრის თავს - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ თუ სხვა ტიპის ახალ ამბებს მაყურებლებს დინამიკურად, ოპერატიულად და ამომწურავად მივაწვდით; ანუ ისე, რომ არხის ყურება მათთვის დამღლელი არ გახდეს. სოციალური თემატიკით დაწყებული, ტექნოლოგიური ინოვაციებით დამთავრებული, "პალიტრა ნიუსში" თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ამბავს შეიტყობთ.

რაც მთავარია, ახალი ამბები ეთერში ყოველგვარი კომენტარის გარეშე, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით გავა, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს, მოსმენილი "სუფთა" ინფორმაცია თავად გააანალიზოს. საერთოდ, ტელევიზიის მაუწყებლობის იდეა პირველ რიგში სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობას "შიშველი ნიუსი" მიაწოდოს და შეფასების შესაძლებლობა მაყურებელს დაუტოვოს.

ვფიქრობ, ამ გზით იმ ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას შევძლებთ, რომელიც სატელევიზიო სივრცეში სულ უფრო მკვეთრი ხდება. თავად "პალიტრამედიის" კონცეფცია საინფორმაციო ბაზაზეა აგებული, რომელშიც ათეულობით საინფორმაციო პორტალი და ჟურნალ-გაზეთი ერთიანდება. გვინდა, მათი ერთ სივრცეში - ტელევიზიაში თავმოყრაც შევძლოთ.

- დაახლოებით თუ გაქვთ გათვლილი, ყოველდღიურად რამდენი ნიუსი გავა ეთერში და ამასთან, რამდენად პრიორიტეტული იქნება ტელევიზიისთვის არაოპერატიული თემატიკა?

- არხზე დღის განმავლობაში სხვადასხვა შინაარსისა და მიმართულების 200-მდე ინფორმაცია გავა. ბუნებრივია, "პალიტრის" ახალი ფორმატი, ძირითადად, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე ოპერატიულ მასალებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა სოციალურ თემებსაც ვრცლად შევეხებით. მაგალითად, მაყურებელს გავაცნობთ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა მათი საქმიანობა ყურადღების მიღმა გვრჩება.

- ანალიტიკური გადაცემები აღარ გავა?

- როგორც აღვნიშნე, 30 ნოემბრიდან ეთერში ნიუსური ტიპის მაუწყებლობით გავალთ, თუმცა სამომავლოდ ანალიტიკური ტოქშოუების ბადეში ჩასმას აუცილებლად ვგეგმავთ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ განახლდება, რაც მაყურებლისთვის დამატებითი კომფორტია - როგორც წესი, ტელევიზიებში საინფორმაციო გამოშვებამდე მინიმუმ სამსაათიანი ინტერვალი აქვთ. ასე რომ, "პალიტრა ნიუსს" მედიაბაზარზე საკუთარი ნიშა ექნება და ვფიქრობ, მოკლე დროში ის მაყურებლისთვის ახალი ამბების მისაღებად მთავარი საინფორმაციო წყარო გახდება.

რუსუდან შელია