ქართველი გოლიათი - "საქართველოში ჩემი სიმაღლის ჯერჯერობით არავინ არის" - კვირის პალიტრა

ქართველი გოლიათი - "საქართველოში ჩემი სიმაღლის ჯერჯერობით არავინ არის"

"სიმაღლის წყალობით, უცხო ადამიანებს ძალიან მოსწონთ ჩემთან ფოტოების გადაღება, მაჩერებენ და სელფს იღებენ"

იცით, ვინ არის საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში ყველაზე მაღალი სპორტსმენი? ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 23 სანტიმეტრია.

სერგო ათუაშვილი: - საქართველოში ჩემი სიმაღლის ჯერჯერობით არავინ არის.

- მშობლებიც ასეთივე მაღლები გყავთ?

- მშობლები და და-ძმებიც შუატანისანი არიან. თუმცა, პაპა 199 სანტიმეტრი იყო, დიდი პაპა - 2 მეტრზე მაღალი ყოფილა.

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში დავიბადე. კალათბურთის თამაში მე-9 კლასიდან დავიწყე და გადმოვედი თბილისში. სკოლის დამთავრებისთანავე ბათუმის "ბასკოში"  მიმიწვიეს, მერე ესპანეთის "ვალენსიაში" გადავედი. ვთამაშობდი საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის, პორტუგალიისა და სხვა მრავალი ქვეყნის გუნდებში. მოკლედ, ევროპული გუნდები მოვიარე და საქართველოს დავუბრუნდი - "სოხუმში" ვთამაშობ. სიმაღლის გამო დისკომფორტი არ მქონია. ერთადერთი - ფრენის დროს მექმნება პრობლემები, ძლივს ვთავსდები თვითმფრინავის სავარძელში. სიმაღლე არც ქალბატონებთან უთიერთობაში მიშლის ხელს. ჩვენთან, ქუჩაში, გაკვირვებული მაყოლებენ თვალს, ევროპაში კი ჩემნაირი ბევრია. განსაკუთრებით მაღლები სერბები არიან, მათ შორის 180 სანტიმეტრი საშუალო სიმაღლედ მიიჩნევა.

სიმაღლის წყალობით, უცხო ადამიანებს ძალიან მოსწონთ ჩემთან ფოტოების გადაღება, მაჩერებენ და სელფს იღებენ. კალათბურთი რომ არა, ფოტომოდელობაზე დავფიქრდებოდი-მეთქი, - ვხუმრობ ხოლმე.

- დაოჯახებული ბრძანდებით?

- არა.

- ხშირად ძალიან მაღლებს დაბალი გოგონები მოსწონთ.

- სიმაღლე არ არის მთავარი კრიტერიუმი, არც ის, შავგვრემანია გოგო, თუ ქერათმიანი, უფრო იმას ვანიჭებ მნიშვნელობას, თუ რამდენად მიადვილდება ურთიერთობა...

- კალათბურთელობაზე ალბათ ბავშვობიდან ოცნებობდით.

- სულაც არა. ბავშვობაში ერთხანს კარატე მიტაცებდა, თუმცა არ დადგა ჩემგან ჯეკი ჩანი. ოჯახის ყველა წევრს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გვაქვს სპორტთან. ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ. მამაჩემი და ჩემი ძმა მოჭიდავეები იყვნენ. კალათბურთის გარდა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება ავტომანქანებია. ახალი დაბრუნებული ვიყავი საქართველოში, ისე გავიხარე ახალი მაგისტრალი რომ დამხვდა, ნახევარ საათში მეჯვრისხევში ვიყავი. არც გამხსენებია ვიდეოკამერები და სწორედ მათი წყალობით ეს ქროლა 300 ლარი დამიჯდა.

- თვითმფრინავის სავარძელში მოთავსება მიჭირსო, - ამბობთ. ავტომანქანაში არ გექმნებათ პრობლემა?

- მე არა, ჩემ უკან მჯდომმა იდარდოს, რადგან მანქანის სავარძელი თითქმის ბოლომდე მაქვს გაწეული.

- ტანისამოსს სად იძენთ?

- ძირითადად, საზღვარგარეთ ვყიდულობ. ყველაზე მეტად ფეხსაცმლის შერჩევა მიჭირს - ფეხი 52 ზომა მაქვს. რაც შეეხება წონას, 135 კილოგრამი გახლავართ.

- თქვენზე მაღალი ვინ და სად შეგხვედრიათ?

- ვენაში ვიყავი, ვვარჯიშობდი. მე რომ მეგონა, ყველაზე მაღალი ვიყავი მოედანზე, უკნიდან ვიღაცამ ხელი დამადო, მივიხედე და ადამიანის მხრები დავინახე. დაბლა დავიხედე - სკამზე ხომ არ დგას-მეთქი. აღმოჩნდა, რომ 231 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი იყო. ფერადკანიანი, თანაც მხოლოდ 16 წლისა.

- კიდევ რომელი ქართველი იცით ასეთი მაღალი?

- ჩემს ნაცნობებს შორის არავინ, თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ, ვახტანგ გორგასალი ყოფილა მაღალი, ზოგიერთი ცნობით, 240 სანტიმეტრი სიმაღლისა.

- უახლოესი გეგმა რა გაქვთ?

- საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გახლავართ, მინდა მეხუთედ განვიცადო ეს სიხარული.

ყველაზე მაღალი მსოფლიოში

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი გახლდათ 272 სმ სიმაღლის რობერტ უოდლოუ. იგი ჰიპოფიზით მძიმედ იყო დაავადებული, რამაც გამოიწვია და დააჩქარა მისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სიმაღლეში ზრდა.

რობერტ უოდლოუ დაიბადა 1918 წელს ილინოისში (აშშ) და გარდაიცვალა 1940 წელს. უოდლოუს გასვენებაში 40 ათასი კაცი მივიდა. მისი სასახლე ნახევარ ტონას იწონიდა და 12 კაცი მიაცილებდა.

ეკა სალაღაია