"მაპატიე ყველაფერი თუ რამე გატკინეო" - რას ამბობენ ტერორისტული ვიდეომიმართვის ავტორების მშობლები? - კვირის პალიტრა

"მაპატიე ყველაფერი თუ რამე გატკინეო" - რას ამბობენ ტერორისტული ვიდეომიმართვის ავტორების მშობლები?

"ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია"

გუშინ ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეოში ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

იხილეთ ასევე: "თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ" - ISIS-ის გზავნილი ქართველ ხალხს?!

გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, ბადრი ირემაძის დედის, მერი ირემაძის განცხადებით, მისი შვილი საქართველოდან აგვისტოს ბოლოს წავიდა. მერი ირემაძე ადასტურებს, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოში ოთხი მებრძოლიდან ერთ-ერთი თავისი შვილია. მისივე თქმით, წასვლისას ბადრი ირემაძემ უთხრა, რომ თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიოდა, რათა ვალები გადაეხადა.

"ჩაის საკრეფად მივდივარო, დამემშვიდობა. ვალები მაქვსო, თქვა და უნდა გადავიხადოო. აგვისტოს ბოლო იქნებოდა. შემდეგ, ერთ-ერთი სირიაში წასულის მშობლისგან გავიგე, რომ სირიაში არიანო", - განაცხადა ირემაძემ.

მისივე თქმით, შვილმა წერილიც გამოუგზავნა, სადაც დედას პატიებას სთხოვს.

"წერილში წერს, რომ მაპატიე ყველაფერი თუ რამე გატკინეო. ვალები მაქვს ცოტა და თხილის ფულით გადაიხადეო და თუ ჩემი შვილი მოევლინა ქვეყანას, მიმიხედეო", - აღნიშნავს ირემაძემ და ამატებს, რომ ბადრი ირემაძე ორი წლის წინ დაოჯახდა, ორი თვის წინ კი შვილი შეეძინა, თუმცა ცოლთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა.

მერი ირემაძის თქმით, შვილმა უთხრა, რომ მუსლიმების დასახმარებლად წავიდა სირიაში, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბადრი ირემაძის დედა არ საუბრობს. ბადრი ირემაძე 32 წლისაა.

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ერთ-ერთი მებრძოლი ხვიჩა გობაძეა. მისი მამის, ილია გობაძის ინფორმაციით, მას აღნიშნული ვიდოეომიმართვა არ უნახავს, თუმცა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება.

"ჩემი შვილი დაახლოებით ორი თვის წინ მეგობრებთან ერთად წავიდა თურქეთში სამუშაოდ. მას შემდეგ რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი, თუმცა საქართველოში არც ერთხელ არ ჩამოსულა. არ ვიცი ამჟამად სად იმყოფება. არ ვიცი რა მუქარის გზავნილებია, ინტერნეტი არ მაქვს და არაფერი მინახავს, მაგრამ აქ რომ არ არის ჩემი შვილი, ეგ ვიცი", - ამბობს ილია გობაძე.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია. ილია გობაძე ამბობს, რომ მისი შვილი ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარია.

"ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა. მოდას, რომელიც ისლამშია, უარყოფენ", - აღნიშნა ილია გობაძემ.

ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, მამუკა ანთიძის მამის განცხადებით, იმ დროს როდესაც მისმა შვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, უშიშროების სამსახურის მიერ აღრიცხვაზე იმყოფებოდა. როგორც თამაზ ანთიძე ამბობს, მამუკა ანთიძე სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ ვიდეოს კიდევ ერთ მონაწილე ხვიჩა გობაძესთან და სხვებთან კავშირის გამო იმყოფებოდა. თამაზ ანთიძის თქმით, საზღვრის გადაკვეთაში ის თავად დაეხმარა, თუმცა იცოდა, რომ თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა და არა სირიაში საბრძოლველად.

"ჩემი დისშვილი მირიან ბერიძე მიდიოდა ჩემს შვილთან ბინაში. ერთი კვირა ერთად იყვნენ. ხვიჩა გობაძესთან მან მიიყვანა. სპეცსამსახურებმა მითხრეს, რომ იქ დადისო. მაჩვენეს ფოტოები, სადაც ჩემ დიშვილთან ერთად და ამავე სოფელში მცხოვრებ ჯამბულ აბდულაევთან არის გადაღებული. ნათესავებთან ერთად სიარულს ვერ დავუშლიდი და ვერც დავუშალე. არ ვიცოდი, რომ ასეთი კატასტროფა მოხდებოდა. მიიყვანა ხვიჩა გობაძესთან, რომელიც მაგათი წარმომადგენელი ყოფილა ოფიციალური. უშიშროებამ მითხრა ემირიაო, თუმცა ეს რა სტატუსია არ ვიცი. მე ვერაფერი გავაკეთე. ვეუბნებოდით, რომ არასწორი იყო, თუმცა გვამშვიდებდა, რომ არსად მიდიოდა. 25 აგვისტოს დატოვა საქართველო. საზღვარზე მე თვითონ გადავყევი, რადგან არ უშვებდნენ, აღრიცხვაზე იყო აყვანილი. მე გადავყევი, ვიცოდი სამუშაოდ მიდიოდა. რამდენჯერმე იყო წასული. ბოლოს კი როდესაც საზღვარი გადავკვეთეთ, დამეკარგა. ვურეკავდი არ მპასუხობდა. მეორე დღეს მომწერა, რომ წავიდა", - განაცხადა თამაზ ანთიძემ.

თამაზ ანთიძე შვილის სირიაში წასვლაში თავის დისშვილს, მირიან ბერიძეს, სოფელ ზოტის იმამს ჯემალ ართმელაძეს და ხვიჩა გობაძეს ადანაშაულებს.

"ჩემი შვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი. დაამუშავეს, გამოთიშეს ამ სამყაროდან და რა ვიცი იქ რას აკეთებინებენ. კი ბატონო, ზრდასრული იყო, თავისი ნებით შეუძლია იმოქმედოს, მაგრამ თავის ნებას აღარ ემორჩილებოდა", - აღნიშნა თამაზ ანთიძემ.

23 წლის მამუკა ანთიძე ბათუმში ონკოლოგიურ საავადმყოფოში აიტი სპეციალისტად მუშაობდა. კომპიუტერული ტექნოლოგიები მან ბათუმის უნივერსიტეტში დაამთავრა, სკოლა კი გურიის სოფელ ნასაკირალში. მამუკა ანთიძე 2 წლის წინ დაოჯახდა. მამუკა ანთიძე გავრცელებულ ვიდეოში მარჯვნივ კუთხეში ზის.

იხილეთ ასევე: "ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელწიფოზე"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით